მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცენტრებს ოპერირება უჭირთ, 60-ლარიანი ტარიფი 4 წელია არ გადახედილა - ტექინსპექტირების ბიზნესი

635bef7543b08
ელენე გოგბერაშვილი
28.10.22 22:00
761
ტექინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა. დაბალი საჯარიმო სანქციები, არასათანადო აღსრულება და ნაკლები ცნობიერება - ეს არის ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც მოქალაქეები ტექინსპექტირების გავლას თავს არიდებენ და გზებზე უმეტეს შემთხვევაში გაუმართავი ავტომობილით გადაადგილდებიან.

ტექინსპექტირების ცენტრებისთვის მხოლოდ დაბალი მიმართვიანობა არ არის პრობლემა. კერძო სექტორი ამბობს, რომ გადასახედია პირველადი ტექინსპექტირების საფასური. ამასთან, როგორც ბიზნესი ამბობს, ის, რომ განმეორებითი ინსპექტირება უფასოა, ესეც მხოლოდ საქართველოს რეალობაში ხდება. ეს კი ცენტრებს ფინანსურად სერიოზულად აზარალებს.

„შედეგად პრობლემად დგას ცენტრების ფინანსური სტაბილურობა. იქიდან გამომდინარე, რომ საფასურები არ გადახედილა უკვე 4 წელია, ცენტრებს უკვე უჭირთ ამ პირობებში ოპერირება.

ვფიქრობ, გადასახედია როგორც პირველადი ტექინსპექტირების საფასური, ისე ის, რომ განმეორებითი ინსპექტირება არის უფასო, ეს უნიკალური შემთხვევაა, არსად არ არის ასე. მიღებული პრაქტიკით პირველადი ინსპექტირების დაახლოებით 30-40% -მდეა ღირებულება განმეორებით ინსპექტირებაზე. ის, რომ სერვისის გაწევა ხდება უფასოდ, ეს აზიანებს ცენტრებს ფინანსურად. პროდუქტიული დროის დაახლოებით 35%-ის გაწევა უწევთ უფასო მომსახურებაზე და საშუალებას არ აძლევს ცენტრებს განვითარდნენ.

ამ საკითხზე მივმართეთ მთავრობას, კონსულტაციები იყო და ვიმედოვნებთ, რომ ეს საკითხი გადაიხედება და იმ მოცემულობას მივიღებთ, რომ ცენტრების ფინანსური მდგომარეობა შეიცვლება“,- ამბობს ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შიოლაშვილი.

„60 ლარია ინსპექტირების საფასური, მეხუთე წელია არ გაზრდილა, შესაბამისად რთულია ამ რესურსებით შენარჩუნება როგორც პერსონალის, ისე შენობა-ნაგებობების, გამზომი ხელსაწყოების. ხარჯები, რასაც დღეს წევენ ინსპექტირების ცენტრები საკმაოდ სოლიდურია და არსებულ ფასწარმოქმნაში შეუძლებელია კადრების შენარჩუნება, რაც სახეზეც გვაქვს. სახეზეა კადრების გადინება. კარგია, რომ სამუშაო ჯგუფი შეიქმნას და დაიწყოს ამაზე მსჯელობა, რომ ფასი ადეკვატურ მოთხოვნებს პასუხობდეს“,-აცხადებს ტექინსპექტირების ცენტრების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილი.