მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცესკო: მე-2 ტურის წინასწარ შედეგებს მაშინ გამოვაქვეყნებთ, როცა ყველა უბანს დავითვლით

5fb977572bf8d
თელარა გელანტია
22.11.20 00:20
2488
ცენტრალური საარჩევნო კომისია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებს მას შემდეგ გამოაქვეყნებს, როცა ყველა უბნის მონაცემს დაითვლის, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულებისთანავე, ოქმები მიეწოდება საოლქო საარჩევნო კომისიებს და ისინი იტვირთება შესაბამის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.

„შემაჯამებელი ოქმები ეტაპობრივად შემოდის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, დაუყოვნებლივ ქვეყნდება შედეგების სპეციალურ ვებგვერდზე და ცხადია, საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. აღსანიშნავია, რომ ოქმების განთავსება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ღამის ათის ნახევრიდან დაიწყო და ამასთან, ტრადიციულად ხორციელდება შედეგების შეჯამების პროცესის პირდაპირი ტრანსლირება ცესკოს ვებგვერდის, „ფეისბუქის“ და „იუთუბის“ მეშვეობით; ტრანსლირება 360 გრადუსიანი ვიდეო კამერის საშუალებით მიმდინარეობს და ყველას გაქვთ საშუალება თვალი ადევნოთ ამ პროცესს“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, წინასწარ შედეგებში ასახვის მიზნით, ოპერატორებმა დაამუშავეს შემაჯამებელი ოქმების საერთო რაოდენობის 52%, 1043 საარჩევნო უბნის მიხედვით და ამ წუთებში results.cec.gov.ge-ზე მიმდინარეობს წინასწარი შედეგების გამოქვეყნების პროცესი. რაც შეეხება ქუთაისის მერის რიგგარეშე არჩევნებს, დამუშავებულია შემაჯამებელი ოქმების 27 %, 35 საარჩევნო უბნის მიხედვით.

„შედეგები მთელი ღამის განმავლობაში მუდმივად განახლდება ცესკოს ვებგვერდზე და ჩვენ, მას შემდეგ, რაც თითქმის ყველა უბნის შედეგი 17-ვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დაითვლება, წარმოგიდგენთ საბოლოო ინფორმაციას წინასწარი შედეგების თაობაზე”, - განაცხადა პრეს-სპიკერმა.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 26.29% შეადგინა. ცესკოს ინფორმაციითვე, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 562 664-მა ამომრჩეველმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ სულ 17 მაჟორიტარულ ოლქში 2 140 210 ამომრჩეეველი იყო რეგისტრირებული.

შეგახსენებთ: ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს და შესაბამისად, მეორე ტურში არ მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, ოპოზიციონერი კანდიდატების სახელი, გვარი და საარჩევნო ნომერი ბიულეტენში მაინც იყო.