მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცესკოს განცხადებით, 3,847 საარჩევნო უბნიდან 24 უბნის შედეგები გადათვალეს

5fa82da29d737
შოთა ტყეშელაშვილი
08.11.20 21:22
1711
ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგების გადათვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების მიერ საკუთარ Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ისინი აგრძელებენ იმ საარჩევნო უბნების გადათვლის პროცესს, სადაც დარღვევებს ჰქონდა ადგილი. უწყების განცხადებით, მათ არჩევნების შემდგომ ქვეყანაში არსებული 3,847 საარჩევნო უბნიდან 24 უბნის შედეგები გადათვალეს, 15 უბნის შედეგები კი გააუქმეს. 

"საარჩევნო ადმინისტრაციაში გრძელდება გადათვლის პროცესი საუბნო შემაჯამებელი ოქმების მონაცემების გადამოწმებისა და დაზუსტების მიზნით.

2020 წლის 8 ნოემბრის 18:00 საათის მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში უკვე გადათვლილია 24 საარჩევნო უბნის შედეგი.

ამ ეტაპზე, როგორც რაიონულ და საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოებში მიმდინარეობს დავების განხილვის პროცესი, რომლის შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.

ამასთან, დღეს რამდენიმე სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად საოლქო საარჩევნო კომისიებს დაევალათ 15 საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლა, რაც დღეს და ხვალ განხორციელდება საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ.

აქედან გამომდინარე, მივმართავთ არჩევნებში ჩართულ შესაბამის უფლებამოსილ პირებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით, ხსენებული საკითხის განხილვისას მიიღონ მონაწილეობა კომისიის სხდომებში.

აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს, საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს და ცესკოში რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციის არაუმეტეს 2 დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად.

ამასთანავე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ ჩართულ მხარეს არ სურს გადათვლის პროცესის ჩატარება და შეგნებულად ხელს უშლის საოლქო საარჩევნო კომისიებს თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებაში. შესაბამისად, მივმართავთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დააფიქსირონ ასეთი შემთხვევები,"- ნათქვამია ცესკოს მიერ დღეს საღამოს გავრცელებულ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ლიდერებმა ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა და ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ამჟამად ცესკოს შენობისკენ მიემართებიან. 

დღესვე ბრიფინგი გამართა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ მისი თქმით, ოპოზიციამ არარეალისტური მოთხოვნები დააყენა და ხელისუფლება მათ შესრულებას არ გეგმავს. 

საინტერესოა, რომ ცესკოს მიერ გაუქმებული 15 უბნის შედეგი და გადათვლილი 24 უბანი არის ბევრად ნაკლები, ვიდრე დამოუკიდებელი დამკვირვებლების მიერ გაკეთებული შეფასება, რომლის თანახმადაც ქვეყანაში საარჩევნო უბნების 8% დაუბალანსებელი იყო.