მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცეზარ ჩოჩელი: წარმოებისა და დამსაქმებლის პირობები უარესდება

5dbc402743b27
დავით ჯალაღონია
01.11.19 18:32
1905
"ქართული ლუდის კომპანიის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ცეზარ ჩოჩელი აცხადებს, რომ საქართველოში მეწარმეების სამუშაო პირობები და საინვესტიციო გარემო უარესდება.

როგორც ჩოჩელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამის მიზეზი ქვეყანაში არაერთი მიმართულებით დაგეგმილი რეგულაციაა, მათ შორის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ, რომელიც 1 დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს. "ნარჩენების მართვის კოდექსში" შესული შესაბამისი ცვლილებების მიხედვით, კერძო სექტორმა საკუთარ ნარჩენზე თავად იზრუნოს - შეაგროვოს, დაამუშაოს ის.

"ცოტათი უარესდება წარმოებისა და დამსაქმებლის პირობები და საამისოდ საქართველოში ყველაფერი კეთდება. ეს ყველა მიმართულებით ხდება - ევროპული, განვითარებული ქვეყნებიდან კანონმდებლობა შემოგვაქვს და ჩვენ ერთდროულად გვიწევს ძალიან ბევრი რეფორმის გატანა, რომლისთვისაც ვფიქრობ, მზად არ ვართ, არც ფინანსურად, არც - მორალურად. ეს შეეხება როგორც ნარჩენების მართვას, ისე შრომის კანონმდებლობას", - განაცხადა ჩოჩელმა.

რაც შეეხება "შრომის კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს, მათი შეფასებისას ბიზნესმენი ამბობს, რომ ისედაც დეფიციტური კვალიფიციური კადრების პირობებში, სახელმწიფომ დამსაქმებლის ამოცანები არ უნდა გაართულოს.

"ჩვენი წარმომადგენლები ამ საკითხებთან დაკავშირებით მუშაობენ და ჩვენი შენიშვნები კანონპროექტის ავტორებს გადავუგზავნეთ, ამ პროცესში ვმონაწილეობთ, მაგრამ ზოგადად ძალიან რთულდება ვითარება იმ დროს, როცა ქვეყანაში კვალიფიციური კადრები არ არსებობს. დღეს როგორც დასაქმების პრობლემაა, ასევეა დამსაქმებლისთვის კადრების დეფიციტი. ნებისმიერი მიმართულებით კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა - დაწყებული რიგითი შემდუღებლიდან, დამთავრებული ავტომატიზაციის სპეციალისტით, მარკეტინგზე, ინჟინერინგზე და დანარჩენ მიმართულებებზე ლაპარაკი ზედმეტია. მთლიანობაში, კადრების მხრივ, საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია წარმოება", - განაცხადა "ქართული ლუდის კომპანიის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტში მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შრომითი უფლებების დაცვის ახალი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას გულისხმობს.

შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები სხვა საკითხებთან ერთად, შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს: სამუშაო საათების შემცირება და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შეზუდვა/აკრძალვა, შეთავსებით მუშაობის აკრძალვა, სტაჟირების შეზღუდვა, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება, შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისათვის შეზღუდვების დაწესება და შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოვება.