მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CFD ფინანსური პროდუქტია და ენერგეტიკაში როგორ იმუშავებს რთული სათქმელია - ენერგეტიკოსი

6380d22d986f3
მარიამ ვარადაშვილი
26.11.22 23:05
821
ოქტომბერში მთავრობამ ენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვის ახალი მოდელი ოფიციალურად წარადგინა. საუბარია ფასთაშორისი სხვაობის დაბრუნების სქემაზე, ე.წ. CFD-ზე, რომლითაც, პრემიერის ინფორმაციით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1 500 მგვტ სიმძლავრის სადგურების მშენებლობის ხელშეწყობა იგეგმება. კონტრაქტით გათვალისწინებული ფასსა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის შემთხვევაში, სახელმწიფო ამ კომპანიებს დამატებით თანხას გადაუხდის. საუბარია იმ შემთხვევაზე, როცა ენერგეტიკულ ბირჟაზე საბაზრო ფასი კონტრაქტით გათვალისწინებულზე დაბალი იქნება. ახალი მექანიზმი გავრცელდება როგორც ჰიდრო, ასევე სხვა განახლებად ენერგიებზე.

ქარის ენერგიის ასოციაციის პრეზიდენტს მამუკა მიქაშავიძე მიიჩნევს, რომ სექტორს ახალ მექანიზმზე გადასასვლელად მცირე დრო აქვს. ამას გარდა, ამბობს, რომ ახალი მექანიზმით ინვესტორებს საფინანსო ინსტიტუტებიდან დაფინანსების მოზიდვა გაუჭირდება, რადგან გარანტირებული შესყიდვებისგან განსხვავებით, რა დროსაც ესკოსთან პირდაპირ აფორმებდნენ ხელშეკრულებას, ახლა აუქციონზე გასვლა მოუწევთ. მიქაშავიძის თქმითვე, ახალ მექანიზმთან დაკავშირებით ბევრი გაურკვევლობაა.

“ხელშეწყობა გამოიხატება იმაში, რომ ფინანსურად ეხმარები მაგალითად ქარის ენერგეტიკაში მომუშავე კომპანიებს. გარანტირებული შესყიდვის მექანიზმი [PPA] იძლევა იმას საშუალებას, რომ ბანკში წარადგინო ფინანსური დოკუმენტი და მიიღო დაფინანსება. ახლა, როცა ნახეს, რომ ქვეყანამ ვერაფერი გადაწყვიტა [ენერგეტიკის სექტორის დაფინანსების კუთხით] შემოგვთავაზეს CFD. ეს ფინანსური პროდუქტია და ენერგეტიკაში როგორ იმუშავებს არ ვიცი. რა შეღავათი ექნება ამ მექანიზმს დაველოდებით. გვეუბნებიან, რომ თუ გაიმარჯვებ აუქციონში მოგცემთ ტარიფის 15 წლის განმავლობაში, მაგრამ იქვეა პუნქტი, რომ ეს ბირჟაზე ვაჭრობის პირობებში მოხდება. ვინ აღასრულებს ამ მექანიზმს ან იქნებ ბიზნეს საერთოდ არ აწყობდეს და თავისუფალ ბაზარზე ერჩივნოს გაყიდვა, ეს კითხვები გვაქვს”,-ამბობს ის.