მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„CFD-მექანიზმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემოდგომა-ზამთრის დეფიციტის შესავსებად“ - ნარმანია

6360f889b3a61
ინგა მურუსიძე
01.11.22 17:36
732
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ენერგეტიკის სექტორში დაფინანსების ახალი მოდელი ოფიციალურად წარადგინა. საუბარია ფასთაშორის სხვაობის დაბრუნების მოდელზე ე.წ CFD-ზე, რომლითაც ღარიბაშვილის ინფორმაციით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1500 მგვტ სიმძლავრის სადგურების მშენებლობის ხელშეწყობა იგეგმება. ახალი მექანიზმით საკონტრაქტო და საბაზრო ფასს შორის სხვაობას, ანუ კონტრაქტით გათვალისწინებული ფასსა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის შემთხვევაში, სახელმწიფო ამ კომპანიებს დამატებით თანხას გადაუხდის. საუბარია იმ შემთხვევაზე, როცა საბაზრო ფასი კონტრაქტით გათვალისწინებულზე დაბალი იქნება.

ახალი მოდელის შეფასება BM.GE-მ დღეს სემეკ-ის თავმჯდომარე, დავით ნარმანიას სთხოვა: „CFD-მექანიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანია, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო მხარს დაუჭერს განახლებადი ენერგიების განვითარებას, მის წახალისებას. განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთრის და ადრეული გაზაფხულის პერიოდებში დეფიციტის შესავსებად. სწორედ ასეთი მექანიზმებით შეიძლება შეიქმნას ახალი გენერაციის წყაროები ჩვენს ქვეყანაში. ბირჟაც აუცილებლად ამოქმედდება და ეს ყველაფერი იქნება ის ღონისძიებები, რომლებიც აუცილებლად მოგვცემს შედეგს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კითხვაზე, რამდენად რეალურია 1500 მგვტ მოცულობის სიმძლავრის შექმნა მომავალ წელს, დავით ნარმანია პასუხობს, რომ კარგი ხელშემწყობი მექანიზმების პირობებში, ეს შესაძლებელია.

„დაანონსებული, 1500 მეგავატის მოცულობა, რომელიც რეალურად სჭირდება ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სექტორს, შესაძლებელია. ჩვენი ქვეყნის მდგრადი განვითარებულობიდან გამომდინარე, მოცულობების გაზრდა იქნება აუცილებელი, რადგან კიდევ უფრო მეტი მოთხოვნა გაჩნდება.

კარგი ხელშემწყობი მექანიზმების პირობებში, ასევე, შესაბამისი ინვესტორების პირობებში, რომლებსაც გააჩნიათ ინტერესი, შესაბამისი რესურსების განთავსების თაობაზე, ეს სავსებით შესაძლებელია, რადგან პოტენციალი დიდია ჩვენთან, როგორც ჰიდრო, ასევე ქარის ენერგიის ათვისების კუთხით. შესაბამისად, პროცედურები მკაფიოა, არის დეტალურად გაწერილი, სახელმწიფო ხელს უწყობს მწვანე ენერგიის განვითარებას. სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ყველაფერი ამ წელს განხორციელდეს“, - აღნიშნა ნარმანიამ.