მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩაანაცვლებს თუ არა “ესკო” “ენერგო-პროს”? - ნარმანიას შეფასებით, კერძო ოპერატორი უკეთესი მმართველი იქნება

60019fb51d124
BM.GE
15.01.21 18:38
1871
ელექტროენერგიის 1.2 მილიონი აბონენტისთვის დენის მიწოდება 2021 წლის ივლისიდან შესაძლოა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა კომპანია “ესკომ” დაიწყოს. ამის მიზეზი არის ის, რომ “ენერგო-პრო ჯორჯიამ” უარი განაცხადა კომპანიის გაყოფის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდების საქმიანობის შესრულებაზე. მთავრობა ამ დროისთვის კომპანიის გადარწმუნებას ცდილობს, რისთვისაც მოლაპარაკებები მიმდინაროებს.

2021 წლის პირველი ივლისის შემდეგ ენერგეტიკულ ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა ამოქმედდეს, კერძოდ კი ერთმანეთისგან გაიმიჯნება გამანაწილებელი ქსელის ფლობის და ელექტროენერგიის მიწოდების ბიზნესები.

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, უმჯობესი იქნება თუკი ელექტროენერგიის მიწოდების ფუნქციას კვლავ კერძო კომპანია შეასრულებს.

“იმ შემთხვევაში თუ “ენერგო პრო” საბოლოოდ უარს იტყვის მიწოდების ფუნქციის განხორციელებაზე და ამ მხრივ ინტერესს არ გამოხატავს, მთავრობა ამ მოვალეობას აუცილებლად დააკისრებს სხვა კომპანიას. არიან კერძო კომპანიები, მაგრამ შესაძლოა სახელმწიფო კომპანიას დააკისროს ამ ფუნქციის შესრულება. ეს არც ევროპული კანონმდებლობით და არც ჩვენი პრაქტიკით არ არის შეზღუდული, თუმცა მე როგორც თავისუფალი ბაზრის მომხრე ეკონომისტი მაინც ვფიქრობ, რომ კერძო კომპანიას უნდა დაეკისროს და ამ თვალსაზრისით კერძო კომპანია უკეთესი მმართველი იქნება ვიდრე სახელმწიფო კომპანია. თუმცა, სახელმწიფო კომპანიას არაფერს არ ვერჩი, მას ბევრი სხვა ფუნქციები აქვს, რომლებსაც ის ძალიან კარგად ართმევს თავს. თუმცა, მე მაინც მგონია, რომ “ენერგო-პრო” მიიღებს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას და მისი მფლობელი ჩეხური კომპანია დააფუძნებს ახალ მიმწოდებელ კომპანიას საქართველოში, რომელიც იქნება ენერგიის მიმწოდებელი,”- გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში განაცხადა დავით ნარმანიამ.

სემეკის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ “ენერგო-პრო ჯორჯიასთან” რა სახის შეთანხმებაც არ უნდა გაფორმდეს, მას მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის უწყვეტად მიწოდებაზე გავლენა არ ექნება.

“ენერგო-პრო ჯორჯიასგან” განსხვავებით, კომპანიის განცალკევების შემდეგ ოპერირების გაგრძელებას გეგმავს “თელასი”, რის შესახებაც კომპანიის წარმომადგენლებმა BMG-ის წერილობით აცნობეს.