მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩაანაცვლებს თუ არა ნეობანკები ტრადიციულ ბანკებს? - ნიკა ქურდიანის მოსაზრება

635d76064d50f
ლიკა მეგუთნიშვილი
30.10.22 12:10
4683
უკვე ოთხი წელია, რაც საქართველოში ტერმინი ნეობანკი აქტუალურია. ციფრული ბანკინგი მომხმარებელს ფინანსური ოპერაციების მთლიანად ონლაინ განხორციელების საშუალებას აძლევს. მას არ აქვს ფილიალები და მხოლოდ ციფრულ სივრცეში არსებობს.

რა უპირატესობა აქვს ნეობანკს ტრადიციულ ბანკთან შედარებით? - ამის შესახებ „თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა. მისი თქმით, ციფრული ბანკის მთავარი უპირატესობა მისი ოპერირების პრინციპები და სწრაფი საბანკო მომსახურებაა.

„ნეობანკს, როგორც ციფრული ბანკს, უპირატესობა რამდენიმე მიმართულებით აქვს. მთავარი, ეს არის ოპერირების პრინციპები. ერთ-ერთი პრინციპი არის Mobile First ანუ, მარტო მობილური ტელეფონით მომსახურება. რაც პროდუქტის შემქმნელს ავტომატურად აიძულებს, ისე გაამარტივოს ამ პროდუქტის მიწოდება, რომ მობილური ტელეფონის აპლიკაციით სრულად შესაძლებელი იყოს. მობილურ ტელეფონში პროდუქტის მფლობელი აღარ ფიგურირებს, აქ არის მხოლოდ აპლიკაცია და მომხმარებელი. მეორე უპირატესობა - ეს არის მყისიერი საბანკო მომსახურება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სხვა შემთხვევაში ბიზნესი ვეღარ იარსებებს. 21-ე საუკუნეში ყველა სმარტფონის მომხმარებელი ვართ და მომსახურების სისწრაფეს შევეჩვიეთ. იგივე ვრცელდება საბანკოზეც“, - განაცხადა ნიკა ქურდიანმა.

რაც შეეხება სხვა უპირატესობებს, ნიკა ქურდიანის თქმით, ეს ნეობანკის ნაკლები ფინანსური დანახარჯია, რაც მას საშუალებას აძლევს, მომხმარებელს გარკვეული შეღავათები შესთავაზოს.

„უზბეკეთში არ გვაქვს არც ერთი ბანკომატი. ეს საბანკო ენაზე ნიშნავს იმას, რომ არ გვაქვს ბანკომატების ამორტიზაციის, ქეშის ჩატვირთვისა თუ სალარო მეურნეობის წარმოების ხარჯი. მოკლედ, არ გვაქვს უამრავი ხარჯი, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ხარჯის დაზოგვით შეგვიძლია, მომხმარებელს სხვა ბანკის ბანკომატიდან ფულის გამოტანის შესაძლებლობა უფასოდ მივცეთ. ტრადიციული ბანკი, რა თქმა უნდა, ამას ვერ შეძლებს. ასეთი მარტივი რაღაცები საბოლოოდ ძალიან დიდ პოტენციალს იძლევა, რომ მომხმარებლის გამოცდილების ტრანსფორმაცია მოვახდინოთ. ეს აბსოლუტურად უკონკურენტოა ტრადიციული საბანკო მოდელის კონტექსტში", - აცხადებს "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე.

როგორც ნიკა ქურდიანი ამბობს, მიუხედავად ამ უპირატესობებისა, ნეობანკი ტრადიციულ ბანკს ვერ ჩაანაცვლებს, გამომდინარე იქიდან, რომ ორივე მათგანს თავისი მომხმარებელი ჰყავს. თუმცა, გარკვეულ გამოწვევებს მაინც შექმნის.

„ასე ვერ ვიტყვით, რომ ნეობანკი სრულად მოიცავს მთელ საბანკო სეგმენტს. არა, რა თქმა უნდა. ეს არის კონკრეტული, Daily Banking-ის ტიპის შეთავაზება, რომელიც საბოლოოდ რაღაც სეგმენტისთვის მომსახურების მოდელს ქმნის. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს სხვა მომსახურების მოდელებიც, რომლებიც შესაძლოა სრულად გაციფრულებული ამ ეტაპზე არ იყოს ან მომხმარებელს არც უნდოდეს მისი გაციფრულება. მაგალითად, ის გამოცდილება, როდესაც ბანკში მიდიხარ და შენს ბანკირთან სოფისტიცირებული საუბარი გაქვს ფინანსებზე, ესეც სერვისია, რომელშიც ხალხი ფულის გადახდისთვის მზადაა.

თუმცა, მგონია, რომ მომავალში ტრადიციული ბანკებისთვის ნეობანკები სერიოზული გამოწვევა იქნება. თუნდაც, იმიტომ რომ მათ შესაძლოა ფულის დისტრიბუციის მოდელის შეცვლა ან ფულის ალტერნატიული პროდუქტების შექმნა მოუწიოთ. მაგალითად, ჩვენი დეპოზიტი შეიძლება რაღაც დონეზე CBDC-ზე [Central Bank Digital Currency] ბაზირებული პროდუქტებით ჩანაცვლდეს. იმიტომ, რომ ცენტრალური ბანკი ხდება მთავარი მოთამაშე. ამასთანავე, შესაძლებელია, ძალიან ბევრი სერვისი გაქრეს, მაგალითად, CBDC-ის შემთხვევაში, ფულის შეტანა-გატანის საჭიროება საერთოდ არ არის. ქეშის ინდუსტრიაზე კიდევ ერთი დიდი ზეწოლა იქნება. ამის უკან კი ხარჯების შემცირებისა და ოპტიმიზაციის ძალიან დიდი იდეა დევს“ , - აცხადებს ნიკა ქურდიანი.

ინფორმაციისთვის, პირველი ქართული ნეობანკი - „სფეისი“ ამჟამად როგორც საქართველოში, ისე უზბეკეთში „TBC UZ”-ის სახელით ოპერირებს, სადაც ორი მილიონი მომხმარებელი ჰყავს.