16.იანვარი .2021 23:50

ჭადრაკის ჩემპიონობიდან მილიარდერობამდე - ვინ არის ინდოეთის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი

ჭადრაკის ჩემპიონობიდან მილიარდერობამდე - ვინ არის ინდოეთის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი
views 1860
უკან

34 წლის ნიხილ კამატი ინდოეთის უდიდესი სავაჭრო ბროკერის Zerodha–ს თანადამფუძნებელი და მთავარი საინვესტიციო ოფიცერია. მის შესახებ ცნობებს cnbc ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, დღეს, ინდოეთის საცალო ვაჭრობის 15%-ზე მეტი Zerodha-ს პლატფორმის საშუალებით ხორციელდება.  

საგულისხმოა, რომ 17 წლის ასაკში ნიხილი ჭადრაკში ჩემპიონი გახდა, მალევე ვაჭრობა დაიწყო, თუმცა მხოლოდ ეს არ იყო მისთვის საკმარისი, მალე პროფესიულ კარიერას ჩამოსცილდა და მიხვდა, რომ სარეზერვო გეგმა სჭირდებოდა. ძმის შთაგონებით, ბირჟაზე ვაჭრობა დაიწყო და ასე გახდა თვითნასწავლი ბიზნესმენი.

ძმების წამოწყებული ბიზნესი სარფიანი გამოდგა, თუმცა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე აღმოაჩინეს, რომ საქმე თანდათან რთულდებოდა - ბევრი წინაღობა გაჩნდა, სანამ ბიზნესი რეალურად მომგებიანი გახდებოდა. ასე რომ, ბანგალორში დაბადებული ძმები კიდევ უფრო ბეჯითად შეუდგნენ მუშაობას და საკუთარი დანაზოგით მარტივი და ხელმისაწვდომი საბროკერო პლატფორმა შექმნეს, რომელსაც ყოველდღიური ინვესტორებისთვის დღემდე იყენებენ.

წლების წინ წამოწყებულ სტარტაპს არავითარი გარე ინვესტიცია არ მიუღია, მის შესაქმნელად ძმებს არც ვალები და არც კრედიტები აუღიათ. შექმნიდან ათწლეულის შემდეგ კი, Zerodha, ბუნებრივია, გაიზარდა და ბევრი ინვესტორიც მოიპოვა. 2020 წელს, პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების ფონზე, კომპანიაში რეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობა გაორმაგდა და 4 მილიონზე მეტი შეადგინა. შედეგად, სწორედ გასულ წელს, Zerodha პლატფორმის გამოყენებით ინვესტორების საშუალო ასაკი 32-დან 30 წლამდე შემცირდა.

ნიხილ კამატი ძმასთან ერთად 2020 წლის Forbes-ის მდიდარ ინდოელთა სიაში 90-ე ადგილას მოხვდა 1.55 მილიარდი დოლარის შემოსავლით.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ინდოეთში დაარსებული კომპანია ახლა გაფართოებისთვის ემზადება და მალე აშშ-ის ბაზარზე გასვლასაც გეგმავს.