მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩაი „სამე“ ჰორეკა სექტორიდან მაღაზიებში გადაინაცვლებს - კომპანიის გეგმები

5f970209365e7
ნუცა ბაზლიძე
26.10.20 23:00
818
კომპანია „სამე“, რომელიც ხილის, შავ და მწვანე ჩაის აწარმოებს, ოქტომბრის ბოლოდან პროდუქციის მაღაზიებში განთავსებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-ს „სამეს“ დამფუძნებელმა ვასილ ჩითინაშვილმა განუმარტა.

როგორც ის აღნიშნავს, „სამე“ ისან-სამგორის რაიონში მდებარე დაახლოებით 10 პატარა მაღაზიაში გამოჩნდება, სამომავლოდ კი, მოიაზრება სუპერმარკეტების ქსელებთან თანამშრომლობაც. გარდა ამისა, „სამეს“ შეძენა ონლაინაც არის შესაძლებელი.

„ჩვენი ძირითადი მომხმარებელი იყო ჰორეკა სექტორი - რესტორნები, ბარები, კაფეები, მაგრამ რადგან კორონავირუსმა ეს შეაფერხა, ახლა გადავედით მაღაზიების მიმართულებებზე“, - აღნიშნავს „სამეს“ დამფუძნებელი.

ამასთან, ვასილ ჩითინაშვილის განმარტებით, „სამე“ გურიაში იწარმოება და ამ ეტაპზე პროდუქცია წელიწადში დაახლოებით ნახევარ ტონა ჩაის შეადგენს. რაც შეეხება ფასს, 100 გრამი პროდუქციის შეძენა დაახლოებით 5-20 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.

ცნობისთვის, კომპანია „სამე“ დაახლოებით 3 წელია, რაც ფუნქციონირებს. ინვესტიცია პირადი სახსრებითა და საბანკო სესხის საშუალებით განხორციელდა და ჯამურად დაახლოებით 24 000 ლარი შეადგინა. სამომავლო განვითარებისთვის კი, ვასილ ჩითინაშვილის განმარტებით, მან განაცხადი სააგენტოში „აწარმოე საქართველოში“ შეიტანა და ამ ეტაპზე, პასუხს ელოდება.