მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩაის მეურნეობების მფლობელები 100 000 ლარამდე ფინანსური სანქციისგან გათავისუფლდებიან - დადგენილება

60abb1090f2cb
ინგა მურუსიძე
24.05.21 21:50
639
ჩაის პლანტაციების მფლობელები ადრე წარმოშობილი ვალდებულებებისგან გათავისუფლდებიან. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ დღეს დაამტკიცა.

„მეურნეობებს, როლებიც ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას ახდენენ, ადრე წარმოშობილი ვალდებულებები აღარ ექნებათ შესასრულებელი, შესაბამისად, პირგასამტეხლოც აღარ ექნებათ გადასახდელი, რაც გაუმარტივებთ ოპერირებას და შეძლებენ მიზნების უკეთესად შესრულებას“, - განაცხადა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

პროგრამა „ქართული ჩაის“ მენეჯერი ლევან უროტაძე BM.GE-სთან საუბარში განმარტავს, რომ შეღავათს 14 ბენეფიციარი მიიღებს.

„პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წლიდან ფუნქციონირებს და ერთ-ერთი ვალდებულება, რომელიც იმ დროისთვის უნდა შეექმნა პროექტში ჩართულ ბენეფიციარს, იყო გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა. 2020 წლის ბოლოს მივიღეთ სურათი, რომ პროექტის ფარგლებში 25 ახალი ჩაის გადამამუშავებელი საწარმო მივიღეთ და ჩაის გადამამუშავებელი სიმძლავრეები ბევრად აღემატებოდა არსებული ნედლეულის მოცულობას. მეჩაიეებთან არაერთი შეხვედრის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ საწარმოს შექმნის ვალდებულება, მოგვეხსნა. იმისათვის, რომ დაგვეცვა თანაბარი მიდგომის პრინციპი ძველ და ახალ ბენეფიციარებს შორის, გადავწყვიტეთ, რომ შეძლებოდათ მომართვა და საწარმოს შექმნის ვალდებულებაზე ეთქვათ უარი.

პროექტში ჩართულია ქონების მართვის ეროვნული სააგენტოც, რომელიც გადასცემს იჯარით ბენეფიციარს პროექტის ფარგლებში არსებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს. დღეს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა დადგენილება, რომ იმ ბენეფიციარებს, რომლებსაც საწარმოს შექმნის ვალდებულება მოეხსნათ, თუმცა უკვე წარმოშობილი ჰქონდათ ფინანსური საურავები, ან საჯარიმო სანქციები, გათავისუფლდნენ სწორედ ამ სანქციებისგან”, - განაცხადა ლევან უროტაძემ.

მისი განმარტებით, საჯარიმო სანქციებისა და ფინანსური საურავებისგან გათავისუფლდა 14 ბენეფიციარი, რომელსაც ვალდებულებები სრულად არ ჰქონდა შესრულებული. ლევან უროტაძის ინფორმაციით, მათთვის დაწესებული საჯარიმო სანქციები ჯამში 100 ათასამდე ლარს შეადგენს.

კითხვაზე, იზარალა თუ არა ბიუჯეტმა მთავრობის ამ გადაწყვეტილებით, პროექტის მენეჯერი პასუხობს, რომ პირიქით, პროექტი მუდმივად იხვეწება და არსებულ სიტუაციას ერგება.

„ჩვენ მუდმივად ვხვდებით მეჩაიეებს და საჭიროებიდან გამომდინარე, ვცდილობთ ხოლმე, რომ დავხვეწოთ პროექტი. როგორ მოხდა ისე, რომ საწარმოს შექმნის საჭიროება ფიზიკურად აღარ იყო საჭირო, რადგან ბევრად აღემატებოდა გადამამუშავებელი საწარმოს სიმძლავრეები ფოთლის ნედლეულის რეალურ მასას საქართველოში“, - განმარტა მან.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა შეცდომად ჩაითვალოს პროექტის დაწყებისთანავე საინვესტიციო ვალდებულებად საწარმოს შექმნის საკითხი, ლევან უროტაძე პასუხობს, რომ შეცდომა არ იყო, რადგან 2015 წელს ISET-ს კვლევა ჰქონდა ჩატარებული და მაშინ ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე საწარმო ოპერირებდა, რომლებსაც საკუთარი პლანტაციები ჰქონდათ.

„მაშინ არ ვიცოდით რა რაოდენობის ნედლეულს ჩაიბარებდნენ ისინი და რა ფასად. იქმნებოდა საშიშროება, რომ ისეთი ფასი დაედოთ ჩაის ფოთოლზე, რომ ბენეფიციარი ჩაის თვითღირებულებასაც კი ვერ დაფარავდა. სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ საწარმოების შექმნის ვალდებულების ჩადება კოოპერატივებისთვის. 25-მა კომპანიამ ეს ვალდებულება პირნათლად შეასრულა და უკვე ოპერირებენ ბაზარზე, თუმცა მათ, ვისაც ბოლომდე არ ჰქონდათ ვალდებულება მიყვანილი, მოგვმართეს და ვალდებულებისგან გათავისუფლდნენ“, - განმარტა მან.