მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩამოწერის ნაცვლად გადასახადების კიდევ 1 თვით გადავადება - რა ევალება ტურიზმის ინდუსტრიას?

5fc64d9b1742c
შოთა ტყეშელაშვილი
01.12.20 18:00
2105
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ტურისტულ სექტორს მიმართავს. უწყების მიერ გაგზავნილი შეტყობინებები არაერთმა კომპანიამ მიიღო. შემოსავლების სამსახური მათ მოუწოდებს, რომ მოახდინონ შესაბამისი განაცხადის წარდგენა, რის საფუძველზეც მათ საშემოსავლო და ქონების გადასახადი 2021 წლის პირველ იანვრამდე გადაუვადდებათ. კომპანიებს გადავადების განახლების შესახებ განცხადება დღეს დღის ბოლომდე უნდა დაეფიქსირებინათ. ამასთანავე, იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი განაცხადის რეგისტრირება არ მოხდებოდა, სახელმწიფო გადასახადის ამოღების მექანიზმს გამოიყენებდა.

ამასთანავე, როგორც BMG-ისთვის ხდება ცნობილი, ბიზნესის მნიშვნელოვან ნაწილს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ შესაბამისი განაცხადი უნდა შეევსო, რისი მიზეზიც რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადებაა, რომლის თანახმად, ტურიზმის ინდუსტრიას გადავადებული საშემოსავლო და ქონების გადასახადები ჩამოეწერებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ გადასახადების ჩამოწერას სჭირდება საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, ხოლო მეათე მოწვევის პარლამენტი ამ დრომდე ვერ შეიკრიბა, შემოსავლების სამსახურმა გამოსავალი გადავადებული გადასახადების კიდევ ერთი თვით გადავადებაში იპოვა.


BMG-ის შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, რომ ამ დროისთვის 652-მა კომპანიამ დააფიქსირა შესაბამისი განაცხადი. 

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომლებსაც 2020 წლის 1 დეკემბრამდე გადავადებული ჰქონდათ საშემოსავლო და ქონების გადასახადი და რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში (ასევე მასთან გათანაბრებულ სექტორში), კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა 2021 წლის 1 იანვრამდე, გადაავადონ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში.

აღნიშნული გადავადებით, უკვე 652-მა გადასახადის გადამხდელმა ისარგებლა და მათ ავტომატურ რეჟიმში, 2021 წლის 1 იანვრამდე გადაუვადდათ ვალდებულება, ხოლო გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომელთა იდენტიფიცირებაც შემოსავლების სამსახურის მიერ ვერ განხორციელდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დაწესებული შეღავათით სარგებლობისთვის, შესაბამისი განცხადების ფორმით მიმართოთ უწყებას, რათა არ განხორციელდეს შესაბამისი დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებები. შემოსავლების სამსახურში აქტიურად მიმდინარეობს მიღებული განაცხადების დამუშავების პროცესი და გადავადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპანია ისარგემლებს საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათით.

აღსანიშნავია, რომ ანტიკრიზისული გეგმის ახალ ეტაპზე, ტურიზმის მხარდაჭერისთვის უკვე გათვალისწინებულია შემდეგი სახის საგადასახადო შეღავათები: 2021 წელს ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება განთავსებისა და კვების ობიექტები, ასევე, ტურისტული კომპანიები. აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ უწყების მიერ იდენტიფიცერებული კომპანიების მიმართ არანაირი დავალიენების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები არ გატარდება", - ნათქვამია უწყების განმარტებაში. 

თავად ბიზნესებთან გაგზავნილ ინფორმაციაში შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დადგენილია შეტყობინების განსხვავებული წესები იმ კომპანიებისთვის, რომელთაც ამ გადასახადების 50,000 ლარზე ნაკლები და 50,000 ლარზე მეტი დავალიანება აქვთ. 

"მოგესალმებით. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 114-ე ნაწილის საფუძველზე, 2020 წლის 1 დეკემბრამდე გადავადებული გაქვთ გარკვეული ვალდებულებები საშემოსავლო ან/და ქონების გადასახადში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობის (საგადასახადო დავალიანების არსებობის) შემთხვევაში, გამოყენებული იქნება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

დამატებით გაცნობებთ, რომ საქართველოს საგადასახდო კოდექსის 238-ე მუხლის მე-8 და მე-8' ნაწილების თანახმად, შესაძლებელია საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადება (გრაფიკის გაფორმება).

საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ განცხადების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების ავტორიზებული გვერდიდან. თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხა არ აღემატება 50 000 ლარს, გთხოვთ წარადგინოთ განცხადება „აღიარებული დავალიანების გადახდის გადავადება (გრაფიკის შედგენა უზრუნველყოფის წარმოდგენის გარეშე); თუ საგადასახადო დავალიანების თანხა აღემატება 50 000 ლარს - განცხადება: „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე“.

დამატებით ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის „RS ჩათი“-ს მომსახურებით ან დაუკავშირდით ცხელ ხაზს ტელეფონის ნომერზე," - ნათქვამია განხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ "ლოქდაუნის" გამოცხადებისას თქვა, რომ 2021 წლიდან ტურისტული სექტორისთვის ახალი საგადასახადო შეღავათები ამოქმედდებოდა. "ტურიზმის სექტორში დასაქმებულთათვის 2021 წლის განმავლობაში ქონების გადასახადი იქნება გაუქმებული, ისინი გათავისუფლდებიან სრულად ქონების გადასახადიდან. ტურიზმის სექტორში, თუ გახსოვთ, 2020 წლის განმავლობაში 4 თვის განმავლობაში გადავადებული საშემოსავლო გადასახადი იყო, ეს იყო სულ საწყის პერიოდში. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტურიზმის სექტორს ეს საშემოსავლო გადასახადი, რომელიც იყო გადავადებული, სრულად ჩამოეწერება," - განაცხადა გიორგი გახარიამ.