მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭარბწონიანობას ყოველწლიურად 4 მილიონი ადამიანი ეწირება - მსოფლიო ბანკი

5e4190a582f03
თამთა ჯიჯავაძე
10.02.20 23:30
1676
ჭარბწონიანობა მხოლოდ მაღალშემოსავლიანი ქვეყნების პრობლემა აღარაა. ამის შესახებ მსოფლიო ბანკი წერს ახალ ანაგრიშში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჭარბწონიანობის პრობლემა და მისი ნეგატიური გავლენები თანდათან იზრდება.

როგორც ანგარიშის მიმოხილვაში წერია, ბოლო მონაცემებით, ჭარბწონიანობის შემთხვევები 1975 წლის შემდეგ დაახლოებით გასამმაგებულია, ამ პრობლემას ყოველწლიურად 4 მილიონი ადამიანი ეწირება.

ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს 2 მილიარდზე მეტი მოზარდი ჭარბ წონას განიცდიდა, ხოლო მათგან 70% ცხოვრობს დაბალ- ან საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში.

ჭარბწონიანობის გამომწვევ ფაქტორებად დასახელებულია ჩვევები და გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, მათ შორის ისიც, რომ შაქრის შემცველი საკვები პროდუქტები მარტივად ხელისაწვდომია, ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად კი ადამიანების ფიზიკური აქტივობა შემცირებულია, როგორც სამსახურში, ასევე სახლში. ამასთან, გაიზარდა არაჯანსაღი საკვების მოხმარება.

როგორც მოსალოდნელია მომდევნო 15 წლის მანძილზე, ჭარბწონიანობის პრობლემა 7 ტრილიონ დოლარზე მეტი დაუჯდება განვითარებად ქვეყნებს. ჩინეთში მაგალითად, 2000-2009 წლებში ჭარბწონიანობასთან დაკავშირებული ჯანდაცვის ხარჯები ნახევარი პროცენტიდან 3%-მდე გაიზარდა. ბრაზილიაში, აღნიშნული ხარჯების გაორმაგებაა მოსალოდნელი. მაგალითად, თუ 2010 წელს ამ ხარჯებმა დაახლოებით 6 მილიარდი დოლარი შეადგინა, 2050 წელს იგი 10 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.
 
ეს რაც შეეხება ჯანდაცვის ხარჯებს, ხოლო როგორც მსოფლიო ბანკი წერს, არის ასევე არაპირდაპირი ხარჯები, რაც ჭარბწონიანობის გამო, სამუშაო პროდუქტიულობის შემცირებას, პენსიაში ადრე გასვლას და სამსახურის გაცდენას უკავშირდება. კვლევის მიხედვით, ამ კუთხით ინტერვენციების განხორციელების მიზნით, ინვესტიციები ღარიბ ქვეყნებში 8,2 მილიონი ადამიანის გადარჩენას შეუწყობს ხელს და 350 მილიარდი დოლარის ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს 2030 წლისთვის.