მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩავარდნილი აუქციონის შემდეგ "რიყის დოქები" კვლავ იყიდება - ისევ 71.2 მლნ ლარად

6067219f68580
შოთა ტყეშელაშვილი
02.04.21 17:58
1951
მთავრობამ "რიყის დოქების" საპრივატიზაციო აუქციონი ხელახლა გამოაცხადა. აუქციონზე გამოტანილი კომპლექსის საწყისი ღირებულება 71.25 მილიონი ლარია, რაც წინა აუქციონის ღირებულების ანალოგიური ფასია. წინა აუქციონი 5 მარტს დასრულდა და მასზე ამ ობიექტის შეძენით არავინ დაინტერესდა. 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, ახალი აუქციონი 10 დღეში უნდა დასრულდეს. 

ეს "რიყის დოქების" პრივატიზებისთვის გამოცხადებული უკვე მესამე აუქციონია. პირველი აუქციონი 2020 წლის გაზაფხულზე გამოცხადდა, მაშინ ობიექტის ღირებულება 95 მილიონ ლარს შეადგენდა. აუქციონის ჩაშლიდან 1 წელში მთავრობამ ობიექტი 23.75 მილიონით უფრო იაფად გამოიტანა გასაყიდად, თუმცა ინვესტორთა ინტერესი ობიექტს არ მიუღია. მესამე აუქციონი ფასდაკლების გარეშე ცხადდება, ეს კი იმის გათვალისწინებით რომ წინა აუქციონიც 71.25 მილიონ ლარზე გამოცხადდა, ამ ობიექტის გაყიდვის ალბათობას ამცირებს. ამასთან, უცვლელია საინვესტიციო პირობაც ობიექტის შემძენმა ადგილზე 36 თვის ვადაში მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა მოეწყოს. პროექტის საინვესტიციო ვალდებულება 10 მილიონი ლარია. 

"შემძენმა პირადად ან მესამე პირის მეშვეობით შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე მრავალფუნქციური კომპლექსის (რაც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს), საგამოფენო სივრცე(ებ)ს/დარბაზ(ებ)ს) ან/და სასტუმროს) შექმნა, შესაბამისი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება და კომპლექსის ფუნქციონირების დაწყება.

შემძენმა პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით არანაკლებ 10 000 000 (ათი მილიონი) ლარის ინვესტიციის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) განხორციელება", - ნათქვამია აუქციონის პირობებში.

თბილისის ცენტრში მდებარე ობიექტის მშენებლობა 2013 წელს დასრულდა, მას შემდეგ ის უფუნქციოდ არის მიტოვებული.