04.მარტი .2020 12:38

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპი იწყება

views 251
უკან

7 მარტიდან ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპი იწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მესამე ეტაპის სამუშაოები, რომელიც კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე მიმდინარეობდა, უახლოეს დღეებში დასრულდება და მოძრაობა აღდგება. ამის შემდეგ კი, მომდევნო ეტაპი დაიწყება.

„ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია. სამუშაოების განხორციელება გასულ წელს დავიწყეთ და გვინდა, რომ ეს გამზირი მთლიანად იყოს მოწესრიგებული. 7 მარტიდან გადავდივართ სამუშაოების ბოლო, მეოთხე ეტაპზე. კერძოდ, ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე დარჩენილი 400-მეტრიანი მონაკვეთი მთლიანად რეაბილიტირებული იქნება. კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩამდე კი, სადაც სამუშაოები აქამდე მიმდინარეობდა, ქვედა ფენები უკვე მოწყობილია. დარჩენილია ბორდიურის მოწყობა და რამდენიმე დღეში აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა აღდგება. რაც შეეხება მეოთხე ეტაპს, აღნიშნულ სამუშაოებსაც ძალიან მალე დავასრულებთ. აქაც იმავე ტიპის სამუშაოები იქნება წარმოებული, მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეიცვლება და ერთ-ერთი საუკეთესო გამზირი იქნება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მეოთხე ეტაპის სამუშაოები ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებული საგზაო მონაკვეთის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამუშაოების ფარგლებში, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები: სანიაღვრე, წყლისა და წყალარინების ქსელები და გაზსადენი, ამის შემდეგ კი, ასფალტის საფარის ქვედა ფენა დაიგება. აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია დაახლოებით, ორი თვე გაგრძელდება.

საერთო ჯამში, ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარი 60 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. სარეაბილიტაციო არეალი ჯამში, 2.5 კილომეტრს მოიცავს. პროექტის ფარგლებში, შეიცვლება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს. მოეწყობა ბორდიური, ტროტუარი მოპირკეთება ბუნებრივი ქვის ფილებით, გამზირზე მოეწყობა ველობილიკი, ტროტუარის გასწვრივ კი უსაფრთხოების მოაჯირები და სხვა სახის ბარიერები დამონტაჟდება.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შშმ პირთათვის გამზირის სრული ადაპტირება მოხდება. გარე განათების ქსელი სრულად შეიცვლება და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და დიზაინის ლედ განათების სისტემა, ელექტროსადენები კი მიწის ქვეშ მოექცევა. ასევე, დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები, ნარჩენების შემკრები კონტეინერები, მოეწყობა ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლები.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მეოთხე ეტაპის პარალელურად, 7 მარტიდან ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემა შეიცვლება.

დროებითი სქემის თანახმად, ნ. ყიფშიძის ქუჩიდან გ. წერეთლის ქუჩისკენ საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება; ბაგებიდან მოძრაობის გაგრძელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მარცხნივ, გ. წერეთლის ქუჩის გავლით თამარაშვილის ქუჩისკენ; თამარაშვილის ქუჩიდან მოძრაობის გაგრძელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მარჯვნივ, გ. წერეთლის ქუჩის გავლით ბაგებისკენ (თამარაშვილის N11-დან N1-მდე ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის მოძრაობა არ შეიზღუდება); ჭავჭავაძის გამზირიდან ვაკის პარკის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება - მოძრაობის გაგრძელება მხოლოდ მარჯვნივ, ყიფშიძის ქუჩისკენ იქნება დასაშვები; ყიფშიძის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრა მხოლოდ მარცხნივ მოხვევით იქნება შესაძლებელი; ი. აბაშიძის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოსახვედრად ტრანსპორტი არაყიშვილისა და კავსაძის ქუჩებს გაივლის.

ჭავჭავაძის გამზირიდან აბაშიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ბერძენიშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩების გავლით; რამიშვილის ქუჩაზე ტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს - ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ჭავჭავაძის გამზირიდან მარჯვნივ მოხვევით, ასევე, არაყიშვილის ქუჩიდან პირდაპირ მოძრაობით; ავალიშვილის ქუჩაზე ავტომობილები ორმხრივად იმოძრავებენ.

რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებს, N21, N51, N61, N85, N87 ავტობუსებისა და N170 მიკროავტობუსის მარშრუტები, რომლებიც კავსაძისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით მიშველაძის ქუჩას უკავშირდებოდნენ, მეოთხე ეტაპის სამუშაოების პერიოდში მიშველაძის ქუჩას ბერძენიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან, ხოლო ჭავჭავაძის გამზირზე მიშველაძის ქუჩიდან აბაშიძისა და კავსაძის ქუჩების გავლით მოხვდებიან.

ბაგებიდან თამარაშვილის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები - N9, N59, N140 და ახალი მარშრუტი ბაგები - მ/ს „დელისი“, ასევე, მიკროავტობუსები N32, N126 და N202, ბაგებიდან მოძრაობისას თამარაშვილის ქუჩაზე ვაკის პარკის ტერიტორიის ნაცვლად, გიორგი წერეთლის ქუჩის გავლით მოხვდებიან, ხოლო შემდეგ მოძრაობას ამჟამად დადგენილი დროებითი სქემით გააგრძელებენ.

ავტობუსები N9, N59 და N137 მიკროავტობუსი, რომლებიც თამარაშვილის ქუჩის შემდეგ მიშველაძის, აბაშიძისა და თაქთაქიშვილის ქუჩების გავლით ჭავჭავაძის გამზირზე ხვდებოდნენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, ჭავჭავაძის გამზირს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და ავალიშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან; ავტობუსი N83 და მიკროავტობუსები - N4, N15, N44, N73, რომლებიც თამარაშვილის ქუჩიდან აბაშიძის ქუჩაზე ვაკის პარკის მხრიდან, ჭავჭავაძის გამზირისა და მიშველაძის ქუჩის გავლით ხვდებოდნენ, სამუშაოების პერიოდში აბაშიძის ქუჩას თამარაშვილის ქუჩიდან, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ავალიშვილის ქუჩის, ჭავჭავაძის გამზირისა და ბერძენიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან.

ყველა დანარჩენი მარშრუტისთვის (N34, N88) სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპის განხორციელების დროს დადგენილი სქემა უცვლელი დარჩება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა