08.იანვარი .2020 20:40

ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სავარაუდოდ, ორ თვეში დასრულდება

views 276
უკან

ჭავჭავაძის გამზირზე, კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩამდე მონაკვეთზე, დღეიდან სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპი დაიწყო. ამჟამად სპეციალური ტექნიკა ასფალტის საფარის იღებს. სამუშაოებს ადგილზე გაეცნო თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი. მისი თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში იწარმოებს და სავარაუდოდ, ორ თვეში დასრულდება.

„უკვე დავიწყეთ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის შემდგომი ეტაპი. მუშაობის პრინციპი იგივეა. მოხდება როგორც მიწისქვეშა, ასევე, მიწისზედა კომუნიკაციების სრული რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე კავსაძის ქუჩიდან ვაკის პარკის მიმართულებით სავალი ნაწილის სამუშაოები მიმდინარეობს. მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის ნაწილს, წყალარინების და წყლის სიტემების შეცვლის სამუშაოებს, უკვე GWP გააგრძელებს. რაც შეეხება სამუშაო რეჟიმს და ვადებს, სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში იწარმოებს. ვვარაუდობთ, რომ მთლიანად ამ მონაკვეთს ორი თვის ვადაში დავასრულებთ. ვადებს ვერ ვამბობთ ზუსტად, რადგან სამუშაოების დაწყების შემდეგ გამოჩნდება, რა მდგომარეობაა მიწისქვეშ. მანამდე რთულია, ზუსტი ვადის განსაზღვრა, თუმცა ჩვენი ვარაუდით, ამ ეტაპზე დაწყებული სამუშაოები ორ თვეში დასრულდება“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ჭავჭავაძის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობის სქემა ღამის 01:00 საათიდან შეიცვალა.

ჭავჭავაძის გამზირის კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩამდე მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, ხოლო თაქთაქიშვილის ქუჩიდან კავსაძის ქუჩამდე მონაკვეთზე ცალმხრივი მოძრაობა დაწესდა.

ვაკის პარკიდან მელიქიშვილის ქუჩას ტრანსპორტი მიშველაძის, აბაშიძისა და პეტრიაშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდება.

ვარაზისხევიდან ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩებზე მოხვედრა კვლავინდებურად შესაძლებელია ჭავჭავაძის გამზირის ან კეკელიძის ქუჩების მეშვეობით.

ვარაზისხევიდან ვაკის პარკისა და ყიფშიძის ქუჩის მიმართულებით ტრანსპორტი გადაადგილებას ვერ შეძლებს. გმირთა მოედნიდან ვაკის პარკისკენ იგი ამირეჯიბის გზატკეცილისა და თამარაშვილის ქუჩების გავლით იმოძრავებს.

ყიფშიძის ქუჩაზე ტრანსპორტის შესვლა, ასევე, ამ ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირთან დაკავშირება შესაძლებელია გალაკტიონის ძეგლის მხრიდან.

ავალიშვილის ქუჩაზე დაწესდება ორმხრივი მოძრაობა. შესაბამისად, ამ ქუჩიდან შესაძლებელია კავსაძისა და ფალიაშვილის ქუჩების მიმართულებით გადაადგილება.

რამიშვილის ქუჩაზე მოქმედებს ცალმხრივი მოძრაობის რეჟიმი, ჭავჭავაძის გამზირიდან ამირეჯიბის გზატკეცილის მიმართულებით. აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩებიდან რამიშვილის ქუჩასთან დაკავშირება შესაძლებელია არაყიშვილის ქუჩის გავლით.

დროებით შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც:

N9 და N59 ავტობუსები ჭავჭავაძის გამზირიდან ავალიშვილის ქუჩით დაუკავშირდებიან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილს, თამარაშვილის გამზირისა და გიორგი წერეთლის ქუჩის გავლით მოძრაობას გააგრძელებენ ბაგების მიმართულებით. ბაგებიდან მოძრაობისას N9 და N59 ავტობუსები ჭავჭავაძის გამზირიდან დაუკავშირდებიან მიშველაძის ქუჩას, რის შემდეგაც აბაშიძისა და თაქთაქიშვილის ქუჩების გავლით მოძრაობას ჭავჭავაძის გამზირზე განაგრძობენ.

N21, N51 და N61 მარშრუტები ჭავჭავაძის გამზირიდან მოუხვევენ კავსაძის ქუჩაზე, რის შემდეგაც გაივლიან ფალიაშვილის ქუჩას და გაჩერდებიან მიშველაძის ქუჩაზე (N21 მარშრუტი დროებით აღარ იმოძრავებს თსუ-ის მაღლივი კორპუსისკენ). უკუმიმართულებისას N21, N51 და N61 ავტობუსები მიშველაძის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებენ აბაშიძისა და თაქთაქიშვილის ქუჩების მიმართულებით, საიდანაც ილია ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდებიან.

N34 მარშრუტი სადგურის მოედნიდან ბაგებისკენ საბურთალოს გავლით იმოძრავებს. კერძოდ, გმირთა მოედნის შემდეგ გაივლის ჯერ კოსტავასა და მიროტაძის ქუჩებს, შემდეგ პეკინის, ვაჟა-ფშაველასა და თამარაშვილის გამზირებს და წერეთლის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდება. უკუმიმართულებისას, N34 ბაგებიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, გაივლის ჯერ თამარაშვილის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებს, შემდეგ კი, კოსტავას ქუჩას.

N66 მარშრუტი ჭავჭავაძის გამზირიდან მოუხვევს მირცხულავას ქუჩაზე, გაივლის ფალიაშვილისა და არაყიშვილის ქუჩებს, საიდანაც აბაშიძის ქუჩას დაუკავშირდება. უკუმიმართულებისას შატბერაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოხვდება მრგვალი ბაღის, ერისთავის, ფალიაშვილისა და ბაზალეთის ქუჩების გავლით.

N83 მარშრუტი მრგვალი ბაღიდან გაივლის ერისთავის, ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩებს, შემდეგ ჭავჭავაძის გამზირს, საიდანაც მოუხვევს ავალიშვილის ქუჩაზე და ამირეჯიბის გზატკეცილიდან თამარაშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „დელისს“ დაუკავშირდება. უკუმიმართულებისას ტრანსპორტი ჩვეული მარშრუტით იმოძრავებს.

N85 წრიული მარშრუტი ჭავჭავაძის გამზირიდან მოუხვევს კავსაძის ქუჩაზე, გაივლის ფალიაშვილის, მიშველაძის, აბაშიძისა და თაქთაქიშვილის ქუჩებს, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდება. ჭავჭავაძის გამზირიდან იგი მოძრაობას გააგრძელებს საბურთალოს მიმართულებით მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩების გავლით, ხოლო მოძრაობას დაასრულებს ვაკის პარკის მიმდებარედ.

N87 წრიული მარშრუტი ასევე იმოძრავებს ჭავჭავაძის გამზირზე ვაკის პარკამდე. ვაკის პარკთან იგი მობრუნდება და თავისუფლების მოედნის მიმართულებით იმოძრავებს თამარაშვილის და ყაზბეგის გამზირების, ვარაზისხევის, ასევე პეკინის გამზირისა და მელიქიშვილის ქუჩების გავლით.

N88 მარშრუტი ქავთარაძის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს ყაზბეგის გამზირის, პეკინის გამზირის, ვარაზისხევისა და მელიქიშვილის ქუჩის გავლით. უკუმიმართულებისას N88 რუსთაველის გამზირიდან მეტროსადგურ „დელისის“ მიმართულებით გაივლის კოსტავასა, მიროტაძის, პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებს.

N140 მარშრუტი დამოკლდა და პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან ვაკის პარკამდე წრიულად იმოძრავებს.

ამასთან, ამოქმედდება ავტობუსის ახალი მარშრუტი. იგი მგზავრებს ბაგებიდან, წყნეთის გზატკეცილის მე-2 კორპუსიდან მეტროსადგურ „დელისამდე“ დიდი ტევადობის ავტობუსებით მოემსახურება.

ცვლილება შეეხება მიკროავტობუსების მარშუტებს: N4, N15, N32, N44, N73, N126, N128, N131, N137, N170, N171, N195 და N202.

N32, N126, N137, N170, N171 და N202 მიკროავტობუსები ჭავჭავაძის გამზირიდან ვაკის პარკის მიმართულებით ავალიშვილის ქუჩის, ამირეჯიბის გზატკეცილის, თამარაშვილის გამზირისა და წერეთლის ქუჩის გავლით იმოძრავებენ. უკუმიმართულებით მოძრაობისას ისინი ჭავჭავაძის გამზირიდან მოუხვევენ მიშველაძის ქუჩაზე, გაივლიან აბაშიძისა და თაქთაქიშვილის ქუჩებს და კვლავ ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდებიან.

N4, N131, N15, N73, N44 და N128 - ბარნოვის ქუჩიდან თამარაშვილის გამზირისკენ მოძრაობისას გაივლიან მრგვალ ბაღს, ერისთავის, ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩებს და შემდეგ, ჭავჭავაძის გამზირიდან მოუხვევენ ავალიშვილის ქუჩისა და ამირეჯიბის გზატკეცილის მიმართულებით. უკუმიმართულებისას აღნიშნული მიკროავტობუსების მარშრუტები არ იცვლება.

N195 მარშრუტი მოძრაობას ჭავჭავაძის გამზირისა და ყიფშიძის ქუჩის კუთხეში დაასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა