მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩელთის“ ღვინოები მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანში იყიდება

61ab1df936f82
სალომე ჭიპაშვილი
05.12.21 10:00
841
“ჩელთის“ ღვინოები ესპანეთში, მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორან „არზაკში“ იყიდება. ამის შესახებ BM.GE-სთან საუბარში მეღვინეობის კომერციულმა დირექტორმა, ანა მირიანაშვილმა განაცხადა.

„რესტორანი „არზაკი“ ესპანეთის ბასკეთის რეგიონის ქალაქ სან-სებასტიანში მდებარეობს და მისი ისტორია არზაკების ოჯახთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. რესტორნის მფლობელი მსოფლიო ქალთა შორის საუკეთესო მზარეულის ტიტულის მქონე ელენა არზაკია, რომელმაც თავად შეიტანა „ჩელთის“ ღვინოები საკუთარი რესტორნის ღვინოების ჩამონათვალში“. - აცხადებს ანა მირიანაშვილი.

მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანში მეღვინეობა „ჩელთის“ სამი სახის ღვინო იყიდება. ესენია: საფერავი ქვევრის, საფერავი რეზერვი 2008 წლიდან და მწვანე ქვევრის.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „ჩელთის“ ღვინო სამეფო ოჯახის, პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილშიც მოხვდა.

„2018 წელს, როდესაც მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ქორწილისთვის მზადება დაიწყო, ჩვენ საქართველოს საელჩოს დახმარებით სამეფო ოჯახის სომელიეებს ჩვენი ღვინო გავუგზავნეთ. მათ დააგემოვნეს და რამოდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ მივიღეთ ოფიციალურად დასტური, რომ „ჩელთის“ 2011 წლის საფერავის რეზერვი შეგვეძლო სამეფო ქორწილისთვის გაგვეგზავნა", - აღნიშნავს მეღვინეობის კომერციული დირექტორი.

„ჩელთი“ წლის განმავლობაში 15 სახეობის ნახევარ მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებს. ღვინის დამზადება ხდება როგორც ტრადიციული მეთოდით ქვევრში, ასევე კლასიკურად. „ჩელთის“ ღვინო მაღალ საფასო სეგმენტს მიეკუთვნება, რომელთა ფასებიც ქართულ ბაზარზე 20 ლარიდან 300 ლარამდე მერყეობს. აღსანიშნავია ისიც, რომ წარმოებული პროდუქციის მხოლოდ 10%-ის რეალიზება ხდება ქართულ ბაზარზე, დანარჩენი 90% ექსპორტზე მსოფლიოს 20 ქვეყანაში გადის. კომპანიის ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზრებია: ჩინეთი, იაპონია, ამერიკა.