მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩემი აზრით, თუ ვაქცინაცია სავალდებულოდ გამოცხადდება, ეს იქნება კარგი - ივანე ჩხაიძე

6101336042070
ნინი ლონგურაშვილი
28.07.21 14:35
985
იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი და იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე სავალდებულო ვაქცინაციის მომხრეა.

“არ ვიცი ეს ნაბიჯი რამდენად იქნება გადადგმული, მაგრამ თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ, ვფიქრობ, ეს იქნება კარგი და სავალდებულო ვაქცინაცია სამედიცინო სფეროთი უნდა დაიწყოს“, - განაცხადა მან “საქმიან დილაში“.

ივანე ჩხაიძის თქმითვე, „თუ მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების კეთილ ნებაზე და მათ განწყობაზე ვიქნებით დამოკიდებული, საქართველოში პანდემიის დასრულება ნამდვილად გადაიდება“.

„გარკვეულ სფეროებში ეს მოთხოვნა <სავალდებულო ვაქცინაცია> შეიძლება იყოს დაყენებული. ვფიქრობ, ეს პირველ რიგში სამედიცინო სფეროს ეხება; ყველა ადამიანს აქვს იმის სრული უფლება, რომ სამედიცინო მომსახურება მიიღოს მისთვის უსაფრთხო გარემოში. პირველი მაგალითი აუცილებლად უნდა იყოს სამედიცინო სფერო. ეს იქნება კლინიკები, საავადმყოფოები თუ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები. ისინი უნდა იყოს მწვანე ზონა, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი პერსონალის 80%-ზე მეტი უნდა იყოს აცრილი.

ამ მიმართულებით “ევექსის” ქსელმა თვენახევრის წინ მიიღო გადაწყვეტილება და ეს გეგმაზომიერი მუშაობაა. ჩვენ გვინდა აგვისტოში მაინც ვთქვათ, რომელი კლინიკა იქნება მწვანე კლინიკა.

რაც შეეხება იმას, გამოცხადდება თუ არა სავალდებულოდ აცრები, თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ, ვფიქრობ, ეს იქნება კარგი და ეს უნდა დაიწყოს სამედიცინო სფეროთი. ასევე ტურიზმის სფეროც არ იქნება ურიგო, ასევე სამასპინძლო ბიზნესი და საგანმანათლებლო სფერო - სკოლა სექტემბერში უნდა იყოს უსაფრთხო. ყველა ადამიანი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ სადაც მიდის, მას იქ უსაფრთხო გარემო დახვდება.

არ ვიცი რამდენად იქნება ეს ნაბიჯი გადადგმული, მაგრამ ეს რომ იქნება თუნდაც სტიმული იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ვერ გადაუწყვეტიათ გაიკეთონ თუ არა აცრა, ეს იქნება ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იმისთვის რომ ჩაიტარონ ეს პროცესი; სხვანაირად ჩვენი მოქალაქეების კეთილ ნებაზე და მათ განწყობაზე თუ ვიქნებით დამოკიდებული, ეს პროცესი გახანგრძლივდება და ამის დრო ჩვენ არ გვაქვს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ და დასძინა, რომ თუ ინფიცირების არსებული დღიური მაჩვენებლები შენარჩუნდება, პანდემიის დასრულება საქართველოში ნამდვილად გადაიდება.

„ამ ეტაპზე სავალდებულო ვაქცინაციას არ განვიხილავთ“ - ეს განცხადებაც დღეს გაკეთდა, ოღონდ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის მიერ. თან იმ ფონზე, როცა მისმა მოადგილე თამარ გაბუნიამ თქვა, რომ „დღიურად აცრილთა რიცხვი 14 000-ია, რაც სამიზნე მაჩვენებელზე თითქმის 2-ჯერ ნაკლებია“.

მინისტრის აზრით, ქვეყანაში მთავარი პრობლემა იმუნიზაცია არ არის, ვინაიდან იმუნიზაციის პროცესშიც კი ხშირია ინფიცირება. „ვაკვირდებით, დღესდღეობით, რომ სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებიც ძალიან წარმატებულნი იყვნენ იმუნიზაციაში, ინფექცია მაინც ვრცელდება. ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ პანდემიას ვებრძოლოთ, არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცია, ხოლო იმუნიზაცია არის ის დამატებითი ბენეფიტი, რომელიც თითოეულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს და ეს პროცესი საქართველოში დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალხარისხიანი ვაქცინით“, - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.