მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩემი ინფორმაციით, ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობის დაწყება კიდევ გადავადდება - გიორგი აბრამიშვილი

62138a0b3723b
მარიამ ვარადაშვილი
21.02.22 19:06
565
BMG-ის ინფორმაციით, ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის დაწყება უკვე მესამედ გადავადდება. ვაჭრობის დაწყება თავდაპირველად 2021 წლის 1 ივლისს, შემდეგ 2022 წლის 1 იანვარს, ბოლოს კი 1 მარტიდან იგეგმებოდა. 

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი აბრამიშვილის ინფორმაციით, ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის დაწყება კიდევ გადავადდება, თუმცა დასძენს, რომ თარიღთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

“ჩემი ინფორმაციით ვაჭრობის დაწყების პროცესი კიდევ გადავადდება. როგორც ვიცი, რამდენიმე თვით გადავადდება, სავარაუდოდ, ზაფხულამდე. დეტალური ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა გარკვეული ტექნიკური და საკანონმდებლო საკითხები კიდევ არის დარჩენილი, რომელთა მოგვარებაზეც მუშაობა მიმდინარეობს”,-ამბობს აბრამიშვილი.

რამდენიმე კვირის წინ, BMG-თან ინტერვიუში ბირჟის ამოქმედების გადავადების ვარაუდს თავად მისი ხელმძღვანელი ირინა მილორავაც გამოთქვამდა. როგორც ის ამბობდა, მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად გრძელდება და პლატფორმა სრულიად მზად არის სავაჭრო პროცესისთვის, თუმცა გარკვეული გამოწვევები ისევ რჩება.

"ტრანსასაზღვრო ვაჭრობის წესები და იმპორტიორების ვაჭრობის წესები არის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, საკვანძო და კრიტიკული საკითხი ამ მოდელში. ამ კუთხით მუშაობა გრძელდება, რადგან ჩვენ რომ ვიყოთ ევროპის ნაწილი და მეზობლად გვყავდეს ევროპული სახელმწიფოები, მათთან ჰარმონიზებული კანონმდებლობით, ეს პროცესი უფრო მარტივად ჩაივლის, მაგრამ ჩვენ გვყავს 4 მეზობელი, განსხვავებული რეალობითა და კანონმდებლობით, ამიტომ ცოტა რთულია, ამ ჩვენს ევროპულ მოდელს მოერგოს ჩვენი მეზობელი ქვეყნების კანონმდებლობა, თუ არ ჩავთვლით თურქეთს, რომელსაც მსგავსი კანონდებლობა აქვს და ამიტომ მგონია, რომ თურქეთი ძალიან აქტიურად უნდა განვიხილოთ, მათ შორის, ელექტროენერგიის იმპორტის თვალსაზრისით", – განმარტა ირინა მილორავამ

ინფორმაციის გადასამოწმებლად BMG ეკონომიკის სამინისტროსაც დაუკავშირდა. მათგან პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება. 

ვრცლად ამ თემაზე: არ დავმალავ, მიდის საუბარი, რომ კიდევ გადავადდეს ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობის დაწყება – ირინა მილორავა