მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩემი პირადი განცდაა, რომ საქართველოში დიდი ჰესების დრო დასრულებულია - ვაზილ ჰუდაკი

61726d00ae2f6
შოთა ტყეშელაშვილი
22.10.21 11:47
3367
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა და EIB-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა Forbes Talks-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი პირადი შეფასებით, საქართველოში მსხვილი ჰესების მშენებლობის პერიოდი დასრულებულია.

ვაზილ ჰუდაკის შეფასებით, უკანასკნელ პერიოდში მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების წინააღმდეგ მოსახლეობის ნაწილის განცდა მიანიშნებს იმაზე, რომ არსებულ ვითარებაში უმჯობესია, უფრო მეტად მცირე ჰესები და სხვა სახის განახლებადი ენერგიის პროექტები განვითარდეს.

- ენერგეტიკის სექტორი ცალსახად მიმზიდველია პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის, მაგრამ ამ სექტორში ინვესტიციების მხოლოდ დაღმავალ ტრენდს ვაკვირდებით, თანაც, ამ დაღმასვლას, სამწუხაროდ, ვერც პანდემიას დავაბრალებთ - ამ სექტორში ნამახვანის სულ ახალი ქეისი გვაქვს; 84 პროექტი შეჩერებულია - ამის მიზეზი კი სხვადასხვა ჯგუფების აქტიური წინააღმდეგობაა - რა გზავნილია ეს ინვესტორებისთვის? 12 საარბიტრაჟო დავაა მიმდინარე ამ ქვეყნის წინააღმდეგ. რას ამბობს აი ეს სტატისტიკა ქვეყნის ბიზნესგარემოზე?

- “ეს პირველ რიგში ამბობს იმას, რომ საქართველოში ძალიან ძლიერი ადგილობრივი დემოკრატიაა - ადგილობრივ ჯგუფებს, გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს დიდი გავლენა აქვთ ამ პროექტებზე - რაც ერთი მხრივ, კარგია. ამის ცუდი მხარე ის არის, რომ ბევრი ამ პროექტის განვითარება მნიშვნელოვნად ფერხდება. ზოგადად, ენერგოსექტორის განვითარებას ამ ქვეყანაში განსაზღვრავს ქვეყანაში არსებული ჰიდროენერგორესურსების სიუხვე, რადგან ეს სუფთა ენერგიაა - თუმცა, მეორე მხრივ, ამ ენერგიაზე დამოკიდებულება გულისხმობს სეზონურობასაც, რადგან ზამთარში წყლის ნაკლებობაა და შესაბამისად, საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი უწევს. ვფიქრობ, საქართველოს სჭირდება ენერგორესურსების დივერსიფიცირება - სხვა ტიპის განახლებადი ენერგიების წყაროების განვითარების გზით - რომ შემცირდეს დამოკიდებულება ჰიდროზე და გაიზარდოს მზის და ქარის ენერგიის წარმოება, რაც ასევე მწვანე ენერგიაა. იმისთვის, რომ ეს მოხდეს, საჭიროა სისტემური ბალანსის მიღწევა. ამიტომ განახლებად ენერგიებში ინვესტირება ენერგიის შენახვის საკითხის გადაჭრას საჭიროებს. 

ჩემი პირადი განცდაა, რომ საქართველოში დიდი ჰიდროენერგეტიკული პროექტების დრო დასრულებულია. ამას ვამბობ, იქიდან გამომდინარე, რაც ხდება ქვეყანაში და რამდენად დიდია ადგილობრივი წინააღმდეგობა ამ ტიპის პროექტების მიმართ. პოტენციურად, მომავალს ვხედავ უფრო მცირე ზომის ჰიდროენერგოსადგურების მშენებლობაში და ასევე განახლებადი ენერგიების განვითარებაში - განსაკუთრებით, მზისა და ქარის ენერგიების მიმართულებით. ამისთვის დაგვჭირდება სისტემური ბალანსის მიღწევა. დიდი პროექტი, რომელშიც მეც ვარ ჩართული, დღეს ეხება ენერგიის შენახვის სისტემის განვითარებას საქართველოში, რომელიც იქნება დივერსიფიცირებული", - ამბობს ვაზილ ჰუდაკი.

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის შეფასებით, მნიშვნელოვანია, საქართველომ ენერგიის შენახვისთვის, ბატარეების ინდუსტრიაც განავითაროს და შესაბამისი შემნახველი სისტემები შექმნას.

“მიმაჩნია, რომ მომავალში ინვესტორს, რომელიც საქართველოში მზისა და ქარის ენერგიაში ინვესტირებით დაინტერესდება, უნდა დაევალოს ასეთი სისტემის აშენება. სისტემა ელექტროენერგიას შეინახავს, როცა მიწოდება იქნება მაღალი და ამით მივიღებთ სისტემურ ბალანსს. პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან ისიც განვიხილე, რომ თუ ბატარეების შემნახველი სისტემის არსებობის პირობებში, ბატარეებზე დიდი შიდა მოთხოვნა იქნება - ამას საქართველოში ბატარეების წარმოებისთვის გამოვიყენებთ. დღეს ბატარეების წარმოება გლობალური ეკონომიკის ახალი სეგმენტია და ვფიქრობ, საქართველომ სწორედ ასეთი ახალი სეგმენტების იდენტიფიცირება უნდა შეძლოს და ამ სეგმენტებში თავის უნიკალურ ნიშას მიაგნოს. ეს სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს. ამდენად, ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, როგორც ბატარეების ჰაბზე. ამავე თემაზე ვესაუბრები ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტსაც, რომელიც ჩემი თანამემამულეა, რომ ერთგვარი აკადემია შევქმნათ, უნარები განვავითაროთ, ხოლო როცა ამ ინდუსტრიაში უნარებს დავაგროვებთ, შეგვიძლია უკვე ბატარეების გადამუშავებაზეც ვიფიქროთ. ცირკულარული ეკონომიკის ელემენტი შემოვიტანოთ, რაც სრულ ხაზს გულისხმობს - წარმოება, უნარები და ა.შ,”- ამბობს ვაზილ ჰუდაკი.

2021 წლის სექტემბერში ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია ENKA-მ განაცხადა, რომ სახელშეკრულებლო პირობების დარღვევების და ფორს-მაჟორული ვითარების გამო, $800-მილიონიანი პროექტის განვითარებას წვყეტს და მთავრობასთან არსებულ ხელშეკრულებას მოშლის. კომპანიის გადაწყვეტილება მთავრობის მიერ ჰესის კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადებულ მორატორიუმს და მრავალთვიან პროტესტს მოჰყვა.

გაჩერებულია ხუდონჰესის 702-მეგავატიანი ჰესის პროექტიც. ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამჟამად პროექტის ინვესტორთან Trans Electrica BVI-სთან ხელშეკრულების შეჩერების პროცესი მიმდინარეობს.

თითქმის შეჩერებულია “ნენსკრაჰესის” ჰიდროელექტროსადგურის განვითარებაც, რომელზეც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს სესხის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღიათ. სწორედ EIB-ის, ADB-ის და EBRD-ის სესხებია აუცილებელი, რათა პროექტი აშენდეს.