მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩემი სოფელი: კენკროვანი კულტურის მოყვანა მაღალმთიან აჭარაში

5f7dc35893d27
BM.GE
08.10.20 10:15
1639
ბათუმ-ახალციხის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 1180 მეტრზე მდებარეობს სოფელი დიოკნისი, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. დაახლოებით 9 წლის წინ, ანუ მაშინ, როცა ადგილობრივები ჯერ კიდევ წინაპრების მიერ დატოვებულ მეურნეობებს უვლიდნენ, გურამ ძირკვაძემ გადაწყვიტა ვაზის კულტურის პარალელურად (იგი ფლობს 15 ჯიშის ყურძენს), გაეშენებინა კენკროვანი კულტურა. თავდაპირველად მის წამოწყებას ყველა ეჭვის თვალით უყურებდა, რადგან ხულოს მუნიციპალიტეტში არ იყო მსგავსი კულტურის მოვლა-მოყვანის დიდი ტრადიცია, შესაბამისად ეს მიმართულება სიახლეს წარმოადგენდა. ბატონმა გურამმა კი ევროკავშირის პროექტთან თანამშრომლობის შემდეგ გადაწყვიტა გაერისკა. იგი ჩაერთო ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ გამოცხადებულ პროექტში, მიიღო გრანტი, კონსულტაცია და ტექნიკური დახმარება, უამრავი სირთულე შრომით გადალახა და დღეს მას ქვეყანაში ხარისხიანი კენკროვანი კულტურის მწარმოებლად იცნობენ.

„თავდაპირველად უამრავ დაბრკოლებას შევეჩეხეთ, თუმცა მე და ჩემმა მეუღლემ შევძელით ეტაპობრივად გადაგველახა ისინი. ევროკავშირის მხარდაჭერით ჩვენ საწყისი ეტაპიდან მივიღეთ არამხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული გამოცდილება. დავდიოდით სხვადასხვა ტრენინგზე, ვსტუმრობდით აღმოსავლეთ საქართველოში გაშენებულ ბაღებს და ვაგროვებდით ინფორმაციას. შედეგად ამ წლების მანძილზე დაგროვილი ცოდნითა და გამოცდილებით, ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეგიონში ექსპერტებად ვითვლებით, რაც ყველაფერთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაცაა“, – აღნიშნავს ბატონი გურამი.





ბატონი გურამის ჟოლოს ბაღი ერთ-ერთია ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ ამ ეტაპზე დაფინანსებული 73 ინიციატივიდან. LAG-მა ბოლო სამი წლის განმავლობაში რეგიონის ეკონომიკური თუ სოციალური ცხოვრება თავდაყირა დააყენა: „ხულო მეტად გაიზარდა, გაუმჯობესდა სამოქალაქო ცნობიერება, მოქალაქეები უფრო აქტიურად ცდილობენ და ერთვებიან მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში. ამ ეტაპზე, ხულოს ლაგში 75 ადამიანია გაწევრიანებული, ყველა ცდილობს სარგებელი მოუტანოს მუნიციპალიტეტს თავიანთი ჩართულობით“, – გვიყვება ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრი ასლან ტუნაძე.

ძირკვაძეების ოჯახმა საქმიანობის საწყის ეტაპზევე გააცნობიერა, რომ საჭირო იყო ამ საქმიანობაში სხვა ადამიანების ჩართვა, რადგან მაღალმთიანი აჭარის კლიმატი საშუალებას იძლევა ნაკლები დანახარჯითა და ჩარევით მიეღო ხარისხიანი მოსავალი. შესაბამისად, მათ დაიწყეს ნერგების გაცემა და ამით თანასოფლელებს საქმიანობის წამოწყებაში შეუწყვეს ხელი. დღეს, ბატონი გურამის და ხულოს LAG-ის მხარდაჭერით ამ ბიზნესში 48 ადგილობრივი ოჯახია დასაქმებული.

„ხულოში მცირე მიწები გვაქვს, შესაბამისად ამ ტერიტორიებზე ვთქვათ კარტოფილის მოყვანას ბევრად სჯობს მარცვლეული კულტურა აწარმოო. გარდა ამისა, აქაური ჰავიდან გამომდინარე ჩვენ არ გვიწევს მოსავლის შეწამვლა, ანუ ჩვენი პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღია. ეს კი გვიჩენს ამბიციას, რომ ბაზარზე თავი დავიმკვიდროთ, რაც გამოგვიდს – ოქტომბრისთვის აჭარის ბაზრის 100%-იანი მომმარაგებლები ვართ. ევროკავშირის ხელშეწყობით ჩვენ შევძელით პროდუქტის ბრენდირება და მრავალი ათეული კილომეტრის მოშორებით რეალიზაცია, რასაც მაცივარ-მანქანის დახმარებით ვახერხებთ. მანქანა ასევე აუცილებელია პროდუქციის დანაკარგების შესამცირებლად, ასევე მისთვის სასაქონლო სახის შესანარჩუნებლად, საბოლოო ჯამში კი ჰიგიენური და სურსათის უვნებლობის სხვა ნორმების დაცვით საქონლის მომხმარებლამდე მისაწოდებლად“, – გვიყვებიან ძირკვაძეები.

ევროკავშირის მხარდაჭერით დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ჩართულობით ნაკვეთზე ასევე მოეწყო სარწყავი სისტემა, რომელიც რესურსების ოპტიმიზაციისთვის აუცილებელია. როგორც ოჯახი ამბობს, წელს მინიმუმ 20 ტონამდე კენკროვანის რეალიზებას მოახდენენ, რითაც მთლიან აჭარას მოამარაგებენ. ძირკვაძეები სიამაყით ამბობენ, რომ მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის კენკროვან კულტურებს სთავაზობენ, რაშიც დიდი როლი ევროკავშირის პროექტს მიუძღვის – ბატონი გურამი დარწმუნებულია, რომ LAG-ის გარეშე საქმიანობა ასე მარტივად ვერ აეწყობოდა, შესაბამისად, საშუალებაც არ ექნებოდა დაესაქმებინა სხვა ადამიანები.

თავის მხრივ, LAG-ში მოხარულები არიან, რომ ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობაში წვლილი მათაც მიუძღვით: „გურამ ძირკვაძე მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა და აკეთებს მუნიციპალიტეტისთვის. გარკვეულ ეტაპზე ის საჭიროებდა ხელშეწყობას, სწორედ ამ მიზნით ჩაერთო იგი პროექტში, გაიარა საგრანტო კონკურსით გათვალისწინებული ეტაპები და მიიღო დაფინანსება. ჩვენ შედეგად მივიღეთ არამხოლოდ ერთი გაძლიერებული ოჯახი, არამედ უამრავი შემოსავლის მქონე ადამიანი, რომელთაც არ უწევთ სარჩოს საძებნელად მრავალი ათეული თუ ათასეული კილომეტრის გავლა“, – გვიყვება ასლან ტუნაძე.

ძირკვაძეების ოჯახისთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ წარმოებული პროდუქტი, არამედ ცხოვრების სტილის შეცვლა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერება. როგორც ოჯახში ამბობენ, ევროკავშირის მიერ მრავალწლიანი ხელშეწყობის საფუძველზე, მოსახლეობა დარწმუნდა, რომ შეუძლია საკუთარ ქვეყანაში დასაქმდეს და ღირსეული შემოსავალი მიიღოს.

„ჩვენთან უკვე წამოვიდა ტენდენცია, რომ ახალგაზრდებს სურთ აგრონომიულზე სწავლა, ფიქრობენ, რომ ცოდნა მიიღონ და საკუთარ მიწა-წყალს გამოცდილები დაუბრუნდნენ. ეს მახარებს, რადგან ახალგაზრდების ამ კუთხით დაინტერესება სოფელს გააძლიერებს, ძლიერი სოფელი კი ძლიერი ქალაქი და ქვეყანაა“, – ამბობს გურამ ძირკვაძე.


NS