მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩემი ვარაუდით, 2020-ში თბილისში საარბიტრაჟო სასამართლოს გახსნას ვერ ვიხილავთ" - ფადი ასლი

5dadac648bea3
შოთა ტყეშელაშვილი
21.10.19 17:05
969
თბილისში საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გახსნა იგეგმება. საქართველოსა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს შორის აღნიშნულის შესახებ შეთანხმებას ხელი 2018 წლის 20 დეკემბერს მოეწერა.

საქართველოში ICC-ის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ფადი ასლი BMG-სთან საუბარში ამბობს, რომ პარიზის სასამართლოსა და საქართველოს მთავრობას შორის აღნიშნულ საკითხზე თანამშრომლობა მიმდინარეობს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ საზოგადოებამ 2020 წელს საარბიტრაჟო სასამართლოს გახსნა იხილოს.

"მიმდინარეობს თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს შორის იმის თაობაზე, რომ საქართველოში, თბილისში გაიხსნას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო, თუმცა პარიზში, ჩვენი სასამართლოს წევრებთან, გამართული საუბრიდან გამომდინარე მაქვს ვარაუდი, რომ უახლოეს პერიოდში ამ სასამართლოს გახსნას ვერ ვიხილავთ. ეს არ ნიშნავს, რომ სასამართლო არ ამოქმედდება, თუმცა ჩემი აზრით ეს 2019 ან 2020 წელს არ მოხდება. ეს არის ჩემი ვარაუდი, რომელიც ეფუძნება იმ საუბრებს, რომლებიც მე ICC-ის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს წარმომადგენლებთან მქონია. როგორც ვიცი, ამჟამად საკითხის გარშემო მიმდინარეობს მუშაობა, კონსულტაციები, ტრენინგები და სხვა აქტივობები, მაგრამ მეეჭვება, რომ 2020 წელს თბილისში ვნახოთ სასამართლოს ფილიალი.

რამდენადაც ვიცი, ქართული კანონმდებლობა საერთაშორისო არბიტრაჟის ძირითად მოთხოვნებთან თავსებადია, თუმცა თუ იქნა საჭიროებები, ვფიქრობ პარიზის საარბიტრაჟო სასამართლო და საქართველოს მთავრობა მიიღებენ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც ამ სასამართლოს ამოქმედებისთვის არის აუცილებელი", - განაცხადა ფადი ასლიმ.

საქართველოს წინა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ ცვლილება საქართველოს საერთაშორისო ინვესტიციებისადმი მიმზიდველობას გაზრდის.

"ჩვენ ავიღებთ ვალდებულებას, რომ 2019 წელს მოვახდენთ ჩვენი კანონმდებლობის სრულ ადაპტირებას საერთაშორისო არბიტრაჟისთვის. რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო და ამ შემთხვევაში თბილისი, პარიზის შემდეგ, იქნება მეორე ადგილი ევროპაში, სადაც იფუნქციონირებს საერთაშორისო არბიტრაჟი. ყველაზე უფრო მაღალი რეპუტაციის მქონე კომერციული არბიტრაჟი. ეს იქნება მართლაც ძალიან დიდი წინაპირობა, იმისთვის, რათა საქართველო ვაქციოთ რეგიონის ეკონომიკურ ცენტრად", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.