მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭიათურაში გამოუსანთლავი ქვევრის წარმოების დაწყება ივლისში იგეგმება - „ქვევრულა“

609e90c6dd7d4
ვიქტორია მღებრიშვილი
14.05.21 23:00
1436
ჭიათურის სოფელ მანდაეთში კომპანია „ქვევრულა“ სამ ჰექტარზე გამოუსანთლავი ქვევრის საწარმოს აშენებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 5 მლნ ლარია და ტერიტორიაზე ქვევრის დამამუშავებელი ძირითადი შენობის გარდა, დამხმარე ნაგებობებიც განთავსდება. კომპანიის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ჩინჩალაძე BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ დღეისთვის ქვევრის მწარმოებელი საწარმოს შენობა-ნაგებობის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც თვის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. წარმოების პროცესის დაწყება კი იდეის ავტორებს ივლისისთვის აქვთ დაგეგმილი.

ტრადიციურლი ქვევრის წარმოების გამოცდილების მქონე ალექსანდრე ჩინჩალაძე განმარტავს, რომ გამოუსანთლავ ქვევრზე მოთხოვნა დიდია და პარტნიორებმა ინვესტიციის ჩადება ამ წარმოებაში სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს.

„მოთხოვნა როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზეც გვაქვს, თუმცა პირველ ეტაპზე ჩვენს ბაზარზე გავიტანთ, სადაც ინტერესი როგორც დიდი ღვინის მწარმოებლებისგან, ასევე მცირე მარნებიდანაც არის.

საწარმოს მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და დასრულების შემდეგ, ორ თვეში ამოქმედება. ერთ წელში კი დამხმარე ფართები აშენდება და წარმოება სრული დატვირთვით ამოქმედდება. საწყის ეტაპზე საწარმო 200 ცალ ერთტონიან ქვევრს დაამზადებს, ხოლო ერთი წლის შემდეგ წარმადობა 5-დან 7 000 ქვევრამდე გაიზრდება“, - აღნიშნავს „ქვევრულას“ აღმასრულებელი დირექტორი.

მისივე ინფორმაციით, თუ საწყის ეტაპზე ქარხანაში 50 ადამიანი დასაქმდება, 2022 წლიდან ის სრული დატვირთვით ამოქმედდება და 200-250 ადამიანს დაასაქმებს.

„ქვევრის საწარმოში სოფელ ტყემლოვანას მაცხოვრებლები დასაქმდებიან, მათ ქვევრის წარმოებისა ცოდნა და გამოცდილება აქვთ. გამოუსანთლავი ქვევრის საწარმოებლად ქარხანაში მიწის 4-ეტაპიანი დამუშავება თანამედროვე დანადგარებით მოხდება, რომელიც დღეისთვის ჩინეთიდან და თურქეთიდან ტრანსპორტირდება. ქვევრის ფასი კი მისი მოცულობით განისაზღვრება, ლიტრის ღირებულება დაახლოებით 8-10 ლარი იქნება“, - განმარტავს ალექსანდრე ჩინჩალაძე.

ქვევრის საწარმოს იდეის ავტორი ამბობს, რომ სრული ამოქმედების შემდეგ „ქვევრულას“ პროდუქტი ექსპორტზეც გავა. კონკრეტულ რაოდენობებსა და მიმართულებებს ვერ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ქვევრზე მოთხოვნა ჩეხეთიდან, საფრანგეთიდან და იტალიიდან უკვე აქვთ.