მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭიათურაში მაღაროელის დღე აღინიშნა

6336e018f1220
BM.GE
30.09.22 16:23
584
„ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველმა გუნდმა ჭიათურაში მაღაროელები დააჯილდოვა და პროფესიული დღე მიულოცა. მაღაროელებს, კომპანიის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

„მიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა ყოველწლიურად შევიკრიბოთ და საზეიმოდ აღვნიშნოთ ეს დღე, გამოვხატოთ ჩვენი თქვენდამი პატივისცემა და კიდევ ერთხელ დავგიდასტუროთ, თუ რამდენად ვაფასებთ თქვენს ურთულეს შრომას. მაღაროელის დღე, გვაძლევს საშუალებას სახალხოდ გამოვხატოთ გულწრფელი მადლიერება, იმისათვის, რომ ასე ღირსეულად ემსახურებით ასეთ მნიშვნელოვან და ტრადიციულ პროფესიას ჩვენს ქვეყანაში,“ - განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

„პირადად მე, ყოველდღიურად უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ მაღაროელობა მოითხოვს დიდ გამბედაობას, ვაჟკაცობას და შრომისმოყვარეობას. ეს ის თვისებებია, რომლებსაც თითოეულ თქვენგანში ვხედავ და რომელიც უდიდეს პატივისცემას და დაფასებას იმსახურებს.“

„ჯორჯიან მანგანეზის“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა მარიამ ქუთათელაძემ მადლობა უთხრა თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი შრომისთვისა და ნდობისთვის.

„მადლობას ვუხდი თქვენს ოჯახებს, თქვენი გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის. სწორედ ეს მაძლევს საფუძველს, რომ მჯეროდეს - ერთად აუცილებლად შევძლებთ ყველა დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებას, რომლებიც საბოლოოდ ჩვენს საერთო ინტერესებს ემსახურება“, - აღნიშნა მან.

მარიამ ქუთათელაძის თქმით, თითოეული მაღაროელი კეთილსინდისიერი შრომით არა მხოლოდ საკუთარი ოჯახების კეთილდღეობას, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას ემსახურებიან: „სწორედ თითოეული თქვენგანის შრომის შედეგია, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ არაერთ მასშტაბურ სოციალურ პროექტს ახორციელებს ჭიათურაში, რაც დარწმუნებული ვარ, მთლიანად ამ რეგიონის განვითარების და ადგილობრივი მოსახლეობის უკეთესი ცხოვრების წინაპირობა გახდება.“

მაღაროელთა პროფესიული დღე „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით 2019 წლიდან აღინიშნება.

(NS)