მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭიათურაში საბაგირო გზების მონტაჟი და ტესტირება ნაწილობრივ დასრულდა

5f9c55db178d5
თამთა ჯიჯავაძე
30.10.20 22:33
1531
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ჭიათურაში საბაგირო გზების რეაბილიტაციას ასრულებს.

ამ დროისთვის, დასრულებულია კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, ოთხი მიმართულებით ბაგირის მონტაჟი და საბაგიროს გზის ორი მიმართულების - ლეჟუბანისა და სანატორიუმის ტესტირება.

ინფორმაციას "ფეისბუქზე" იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, დასრულების ფაზაშია დანარჩენი ორი მიმართულების ელექტრო გამართვა, რის შემდეგაც დაიწყება ამ მიმართულებების ტესტირების პროცესიც.

"პროექტში ჩართულები არიან ფრანგული კომპანიების "ტექკაბელის" და "პომას" სპეციალისტები, ხოლო რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის მოწოდება უზრუნველყო ფრანგულმა კომპანია Pomagalski-მ.

ჭიათურის საბაგირო გზებისა და სადგურების რეკონსტრუქციის ბოლო ეტაპის სამუშაოს დასრულების შედეგად, სრულად აღდგება საბაგიროს ცენტრალური სადგური და მისგან გამავალი ოთხი სამგზავრო მიმართულება, რომელთა საერთო სიგრძე 3428 მეტრია.

ჭიათურის საბაგირო გზების რეაბილიტაცია საქართველოს და საფრანგეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 40 მილიონ ლარს აღემატება.

საბაგირო ტრანსპორტი, ჭიათურის მთაგორიან რელიეფზე, მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. ყოფილ საბჭოთა კავშირში, პირველი სამგზავრო საბაგირო გზა სწორედ ჭიათურაში აშენდა. ჯერ კიდევ 90-იან წლებში არსებული ხაზები და გონდოლები ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს და საფრთხეს უქმნიდა მგზავრებს, ამიტომ სამგზავრო საბაგიროს მუშაობა 2016 წელს შეწყდა", – აღნიშნულია ინფორმაციაში.