09.იანვარი .2020 20:59

ჭიჭინაძე ანაკლიის პორტზე: „დროა, სახელმწიფომ იფიქროს, თავისი ძალებით როგორ განახორციელოს ეს პროექტი“

views 252
უკან

„ჩვენ დიდი ხანია ვატყობთ, რომ ეს პროექტი არ იყო განხორციელებადი, იმიტომ რომ უფრო მეტად პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა, ვიდრე ეკონომიკური. მე მივიჩნევ, რომ სწორი გადაწყვეტილებაა ხელშეკრულების გაწყვეტა. დროა, სახელმწიფომ იფიქროს, თავისი ძალებით როგორ განახორციელოს ეს პროექტი“, - განმარტა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ BM.GE-სთან საუბრისას მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტას ითვალისწინებს.

ამასთან, როგორც დავით ჭიჭინაძემ განმარტა, მისი დამოკიდებულებით, უმჯობესია პროექტს სათავეში სახელმწიფო ჩაუდგეს.

„ამ ეტაპზე სახელმწიფომ უნდა შექმნას ის გარკვეული პირობები, ვინაიდან პროექტი იმიჯის თვალსაზრისით საკმაოდ დაზიანებულია, იმიჯის აღდგენა კი სახელმწიფოს შეუძლია. პროექტი პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ის სახელმწიფომ უნდა განახორციელოს და არა გაუგებარმა კერძო სტრუქტურამ, რომელიც ვერ ჩამოყალიბდა ბანკია, საინვესტიციო ფონდი თუ კერძო პირი“, - აღნიშნავს ჭიჭინაძე.

დავით ჭიჭინაძე ემიჯნება გამოთქმულ აზრს, რომ მთავრობას თავიდანვე არ სურდა პროექტის განხორციელება.

„კონსტიტუციაში გვაქვს ჩავწერილი ეს პროექტი და მაშინდელმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ამ პროექტის განხორციელებისთვის, მიკერძოებულიც კი იყო კომპანიის მიმართ. ახლა კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ მიკერძოება არასოდეს არ ამართლებს“, - დასძენს დეპუტატი.