მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ დაგვავიწყდეს, რომ ნამახვანჰესი არის $800 მილიონის ინვესტიცია" - ბექა ლილუაშვილი

602bc719b7ed9
ელენე გოგბერაშვილი
16.02.21 19:34
1924

რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მომზადებული პეტიცია, რომელსაც 10 ათასზე მეტი ხელმოწერა აქვს, პარლამენტის დარგობრივმა ეკონომიკურმა კომიტეტმა განსახილველად მთავრობას გადაუგზავნა.

პეტიციის ავტორები "ონის კასკადის" და "ნამახვენჰესის" პროექტების შეჩერებას ითხოვენ. მათი მტკიცებით, აღნიშნულ პროექტებში გარემოზე ზემოქმედების რისკები გათვალისწინებული არ არის, ამიტომაც მათი მოთხოვნაა, პროექტებზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები მოსახლეობის ჩართულობით შედგეს და მთავარობამ გასცეს ყველა იმ კითხვაზე პასუხი, რაც უკვე 110 დღეა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს იწვევს.

მიზეზად, რატომაც პარლამენტის დარგობრივმა კომიტეტმა უარი უთხრა პეტიციის ავტორებს საკითხის შესწავლაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა განმარტა, რომ კომიტეტს არ აქვს ადამიანური რესურსი იმისა, რომ სიღრმეებში შეჰყვეს ამ საკითხის განხილვას, შესაბამისად, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება დოკუმენტი გადაუგზავნოს შესაბამის სამინისტროებს, რათა უპასუხოს პეტიციის ავტორებს ყველა იმ კითხვაზე, რომელიც წარმოდგენილი იქნა პეტიციის ფარგლებში.

კომიტეტის მიერ ამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა კონკრეტულად "ნამახვანჰესის" პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, თუმცა პეტიციის ავტორებს დაჰპირდა, რომ საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში კომიტეტი აუცილებლად მოიკითხავს, როგორ უპასუხებს მთავრობა 10 ათასზე მეტი მოქალაქის მოთხოვნას.

„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ ენერგოდამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი ქვეყნის დამოუკიდებლად ეკონომიკური განვითარების მიმართულებით და, რა თქმა უნდა, საკითხი არ არის ისეთი ცალსახა, როგორიც კომიტეტზე იყო წარმოდგენილი პეტიციის ავტორების მხრიდან. ნამახვანის პროექტთან დაკავშირებით არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის 800 მლნ დოლარის ინვესტიცია, ეს არის 2000-მდე სამუშაო ადგილი, ეს არის ფაქტობრივად ჩვენი ელექტროენერგიის მოხმარების 10% და ჩვენი იმპორტის თითქმის სრულად ჩანაცვლება. ეკონომიკური განზომილება ამ ჰესის არის ძალიან არსებითი და მნიშვნელოვანი.

თუ იყო ხარვეზები მოსახლეობასთან კომუნიკაციასთან დაკავშირებით, იგივე სხვა მონაწილე მხარეებთან თუ ა.შ.... რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ კომუნიკაცია გაუმჯობესდეს. მაგალითად ის ნაბიჯი, რომ გასაჯაროვდა ხელშეკრულება მგონი ამ კომუნიკაციის კარგი გამოხატულებაა და რაღაც საკითხების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა მხარეებს.

ძალიან მარტივია აპროტესტო ისეთი საკითხი, რომლის შესახებაც სრული ინფორმაცია არ არის. ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება კომიტეტში, რომ გადავუგზავნოთ შესაბამის სამინისტროს და მათ მოახდინონ რეაგირება პეტიციაზე, რომელიც გადაგზავნილია საქართველოს პარლამენტის მხრიდან“, - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

როგორ გადაჭრის მთავრობა ქვეყანაში მსხვილი ჰესების მშენებლობის დილემას, ეს ჯერ მკაფიოდ არ ჩანს. პოზიციებს არც მათი ოპონენტები თმობენ. ამასობაში კი, საქართველოს დამოკიდებულება ელექტროენერგიის იმპორტზე წლიდან წლამდე იზრდება. მხოლოდ გასულ წელს ქვეყანამ მილიარდ 610 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია იყიდა, რაშიც 64,5 მილიონი დოლარი დაიხარჯა.