მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტირება განახლებად ენერგიებში: სამართლებრივი ასპექტები

63988d49a541f
იურიდიული ფირმა LTA
13.12.22 19:05
1912
იურიდიული ფირმა LTA განახლებად ენერგიაში ინვესტირების საკანონმდებლო ჩარჩოს შესახებ აქვეყნებს ბლოგს, გთავაზობთ ორგანიზაციის მიერ მომზადებულ შეფასებას:

განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისება წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევის ერთ-ერთ ძირითად ქვაკუთხედს. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში ენერგიაზე არსებული მზარდი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად სახელმწიფო სულ უფრო მეტ აქცენტს აკეთებს ისეთი განახლებადი ენერგორესურსების გამოყენების ხელშეწყობაზე, როგორიცაა ჰიდრო, მზის და ქარის ენერგია. ამ მიზნით შემუშავებულია არაერთი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების წახალისებისა და მხარდაჭერის ინსტრუმენტების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

აღნიშნულს ასევე ცხადყოფს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის არაერთი ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში არსებული ელექტროენერგეტიკული რესურსების ეფექტიანად გამოყენების, ელექტროენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდისა და მდგრადობის, ასევე ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სექტორის სამომავლო განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება წყლისა, მზის და ქარის განახლებადი ენერგიის რესურსების ათვისების პოლიტიკა და, შესაბამისად, არსებული საკანონმდებლო ბაზის განახლება და დაახლოება ევროკავშირის დირექტივებთან.

აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის სექტორი სახელმწიფოს მიერ არ არის მონოპოლიზირებული და შესაბამისად განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმად რჩება ამ მიმართულებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. პოტენციურ ინვესტორებს ესაჭიროებათ მკაფიო წარმოდგენა საინვესტიციის ობიექტებზე, რისკებზე და მხარდაჭერის მექანიზმებზე, ასევე სამართლებრივი რეგულირების საფუძვლებზე. სწორად ამ ზოგადი წარმოდგენის შედგენას ემსახურება ეს სტატია.

მარეგულირებელი კანონმდებლობა განახლებად ენერგიებში ინვესტირების

საქართველოში არსებობს არაერთი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც ქვეყანაში აწესრიგებს ენერგეტიკის სექტორში არსებულ ურთიერთობებს. ამ კუთხით, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი. იგი ადგენს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, განაწილების, მიწოდებისა და ვაჭრობის ზოგად სამართლებრივ ჩარჩოს. აღნიშნული კანონი აყალიბებს ტენდერის გამოცხადებასა და ენერგეტიკული საქმიანობის ავტორიზაციასთან, ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერირებასა და მასზე დაშვებასთან, ელექტროენერგეტიკის სექტორებში საჯარო მომსახურებასთან, მომხმარებელთა უფლებებთან და მათ დაცვასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებსა და პროცედურებს.

აღსანიშნავია ასევე უშუალოდ განახლებადი ენერგიის სფეროში არსებული სპეციალური კანონი. კერძოდ, „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ქმნის განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ხელშეწყობის, წახალისებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს. იგი ასევე ადგენს ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებასა და ენერგიის ტრანსპორტის მიერ მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის საერთო წილის სავალდებულო ეროვნულ სამიზნე მაჩვენებლებს. ამასთან, აღნიშნული კანონის მიხედვით, განახლებადი ენერგია განმარტებულია, როგორც ქარის ენერგია, მზის ენერგია, ოკეანის ენერგია აეროთერმული ენერგია, გეოთერმული ენერგია, ჰიდროთერმული ენერგია, ჰიდროენერგია, ბიომასა, ნაგავსაყრელზე ორგანული მასალის დაშლის შედეგად მიღებული გაზი, წყალარინების გამწმენდ ნაგებობაში წარმოქმნილი გაზი, ბიოგაზი.

განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებისა და ამ კუთხით ქვეყანაში ინვესტიციების წახალისების კუთხით ერთ-ერთი საინტერესო კანონია ასევე „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონი ადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძვლებს, მათ შორის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებულ წესებსა და პროცედურებს, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პრინციპებს, შესაბამის ინსტიტუციურ სისტემას, აგრეთვე საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

ინვესტიციების მხარდასაჭერად ქვეყანაში მოქმედ ერთ-ერთ მნიშვნელოვან კანონად ასევე მიჩნეულ უნდა იქნეს „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიზანია ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობა. მისი მოქმედება ვრცელდება ნებისმიერ უცხოურ და ადგილობრივ ინვესტიციაზე, რომლებიც დაბანდებული და გამოყენებული იქნება საქართველოს ტერიტორიაზე და აღნიშნული კანონით დგინდება სპეციალური ნორმები და დამატებითი ხელშემწყობი ღონისძიებები განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების წახალისებისათვის.

სტატისტიკური მონაცემები

საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება და მოხმარება სეზონურობით გამოირჩევა. საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ზამთრის პერიოდში უფრო მაღალია, ვიდრე ზაფხულის პერიოდში, ხოლო ელექტროენერგიის მიწოდება სეზონურობის საპირისპირო ტენდენციით ხასიათდება. თუმცა, არსებული კვლევების მიხედვით, ეს მდგომარეობა 2031 წლიდან, სავარაუდოდ, შეიცვლება და საქართველო ზაფხულის პიკის ქვეყანა გახდება. შესაბამისად, ელექტროენერგიის პიკური მოთხოვნა ზამთრის პერიოდიდან ზაფხულის პერიოდში გადმოინაცვლებს, როდესაც არსებული ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით შესაძლებელი იქნება მისი დაკმაყოფილება. აღნიშნული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების მნიშვნელობასა და მის ეკონომიკურ პოტენციალს. სწორედ ამიტომ განახლებადი ენერგიის წყაროების კუთხით ქვეყანაში არსებული რესურსების სრულად ათვისება და მისი ეფექტიანი გამოყენება სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ შემუშავებული საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში (2022-2032) მითითებულ მონაცემებზე დაყრდნობით საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე 4564 მგვტ-ია, აქედან მარეგულირებელი ჰესების სიმძლავრეა 2381 მგვტ, მოდინებაზე მომუშავე ჰესების სიმძლავრე - 973 მგვტ, 110 მგვტ - აირტურბინების, 21 მგვტ - ქარის სადგურების, ხოლო კომბინირებული და თბოელექტროსადგურებისა - 1079 მგვტ. ამდენად, სიმძლავრის დაახლოებით 74% მოდის ჰესებზე.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, 2032 წლისთვის საქართველოს ჯამური სიმძლავრე გაიზრდება 10086 მგვტ-მდე. აქედან 4326 მგვტ იქნება მარეგულირებელი ჰესების სიმძლავრე, 3139 მგვტ - მოდინებაზე მომუშავე ჰესების, 760 მგვტ - ქარის სადგურების, 171 მგვტ - მზის სადგურების, 110 მგვტ - აირტურბინების, ხოლო 1579 მგვტ - ახალი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურების.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ შემუშავებული საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის მიხედვით (2022-2032), ქარის და მზის ელექტროსადგურების წილი, 2032 წლისთვის იქნება დაახლოებით 10%. ქარის და მზის ენერგიის განვითარების ზემოთმოცემული მოცულობები ითვალისწინებს მიმდინარე ეტაპისთვის დაგეგმილ პროექტებს.

საყურადღებოა ასევე ის გარემოება, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, არსებული კვლევების საფუძველზე, საქართველოში ქარის რესურსების ჯამური სავარაუდო პოტენციალი 1,450 მეგავატია, ხოლო მათი საშუალო წლიური გამომუშავების პოტენციალი – 4,160 მლნ. კვტ. სთ.

ელექტროენერგიის ფასები

საქართველოს ელექტროენერგიის ფასები რეგიონში მხოლოდ რუსეთისა და აზერბაიჯანის შესაბამის მაჩვენებლებს აღემატება. 1 კვტსთ ელექტროენერგია საქართველოში სამომხმარებლო სექტორს საშუალოდ 23.5 თეთრად მიეწოდება. სამომხმარებლო ტარიფები ქვეყანაში სრულად რეგულირებულია და მოსახლეობა სარგებლობს საფეხურებრივი ტარიფით, რაც, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ენერგიის დაზოგვას, ხოლო, მეორე მხრივ, სოციალურ დატვირთვას ატარებს.

ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლები ვაჭრობენ საბითუმო ენერგეტიკულ ბაზარზე. საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებამდე აღნიშნული მომხმარებლებისთვის ფასი დგინდება ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე. 2023 წლის 31 მარტიდან ქვეყანაში დაგეგმილია ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება, სადაც ელექტროენერგიის საბითუმო ფასის განსაზღვრა ბაზარზე არსებული კონკურენციის პირობების შესაბამისად მოხდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში არ მოქმედებს ე.წ. დებიტორული დავალიანება. აღნიშნული განპირობებულია იმ ფაქტით, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობის შემთხვევაში სისტემის ოპერატორი ვალდებულია მომხმარებელს შეუწყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგება.

ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შესაძლებლობა

საქართველოს ელექტროსისტემას ეფექტიანი კავშირები გააჩნია ოთხივე მეზობელ სახელმწიფოსთან - აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან და რუსეთთან. მსგავსი ინფრასტრუქტურული კავშირი ქვეყანას ტრანსსასაზღვრო ვაჭრობიდან მნიშვნელოვანი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას აძლევს. როგორც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2016-2020 წლებში საქართველოს ელექტროსისტემამ 1350 გვტსთ ელექტროენერგია გაატარა.

აღსანიშნავია, რომ აქტიურად განიხილება საქართველოს ელექტროსისტემის ევროპის ერთიან ენერგეტიკულ ბაზართან ინტეგრირება, რაც საქართველოს ელექტროენერგიის ექსპორტის დამატებით შესაძლებლობებს მისცემს. აღნიშნული კიდევ უფრო მეტად მიმზიდველს ხდის ქართულ ენერგეტიკის სექტორს პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისათვის.

საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ცვალებადი განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრირების შესაძლებლობა
არსებული კვლევების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ქარის, მზის, გეოთერმული და ჰიდრორესურსების ათვისების უდიდესი პოტენციალი გააჩნია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებული განახლებადი ენერგიების ეროვნული სამოქმედო გეგმის მიხედვით, საქართველოში ჰიდროენერგიისთვის, პოტენციური ჯამური სიმძლავრე შეფასებულია 15,000 მვტ-ით, ხოლო წლიური გამომუშავების ჯამური პოტენციალი - 50 ტვტ.სთ-ით. ამ პოტენციალიდან ამჟამად გამოიყენება სიმძლავრის დაახლოებით 22%.

ამავე გეგმის მიხედვით, საქართველოში ქარიდან ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავების პოტენციალი განსაზღვრულია 4 ტვტ.სთ-თი და 1,500 მგვტ დადგმული სიმძლავრით.

ამასთან, ჰიდრო-გეოლოგიური კვლევის თანახმად, საქართველოს გეოთერმული წყლების ყოველწლიური პოტენციალი შეადგენს 250 მილიონ მ3-ს. დღეისთვის საქართველოში 250-ზე მეტი ბუნებრივი და ხელოვნური წყლის საბადოა, სადაც გეოთერმული წყლის საშუალო ტემპერატურა მერყეობს 30-დან 110ºC შორის, დღეღამური ჯამური დებეტი შეფასებულია 160,000 მ3-ით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, მზის რადიაციის მაჩვენებელი შედარებით მაღალია. ქვეყნის რიგი რეგიონები წლიურად 250-280 მზიანი დღით ხასიათდება, რაც წელიწადში დაახლოებით 6,000-6,780 მზიურ საათს შეადგენს. მზის წლიური გამოსხივება რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე მერყეობს 1,250-1,800 კვტ.სთ/მ2 შორის.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ შემუშავებული საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის მიხედვით (2022-2032) ცვალებადი განახლებადი ენერგიის წყაროების საქართველოს ენერგოსისტემაში ინტეგრირების შესაძლებლობა არ არის შეუზღუდავი. აღნიშნულ გეგმაში აღნიშნულია, რომ 2025 წლისთვის საქართველოს ენერგოსისტემაში შესაძლებელია დაახლოებით 500 მგვტ ქარის და 250 მგვტ მზის სადგურების ინტეგრაცია. ამასთან, 2030 წლისთვის პროგნოზირებულია 1332 მგვტ ქარის და 520 მგვტ მზის სადგურების ინტეგრირება (პოტენციალის 100%).

ახლო მომავალში, განახლებადი ენერგეტიკული წყაროების ეფექტურმა გამოყენებამ, შესაძლოა, დამატებითი 20 ტვტ.სთ გამომუშავება უზრუნველყოს რაც დაახლოებით 7 მლნ. ტონა წიაღისეული საწვავის დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული კი, ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, შეამციროს სათბურის გაზების ემისიები ატმოსფეროში: კერძოდ, 9 მილიონი ტონა CO2 ; 5,000 ტონა CO და 44,000 ტონა NO2. საქართველოს განახლებადი ენერგო რესურსების სრული გამოყენება, მნიშვნელოვანად წაადგება ქვეყანაში კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესს.

არსებული მხარდაჭერის მექანიზმები

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოების მექანიზმები გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის N403 დადგენილებით დამტკიცებული „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემით“. აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს კერძო ინვესტორის მიერ საქართველოში განახლებად წყაროზე მომუშავე 5 მეგავატზე მეტი დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობისა და ოპერირების ხელშემწყობ ღონისძიებებს.

ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხარდაჭერის სქემის გამოყენება ხდება ორი კომპონენტის გათვალისწინებით. კერძოდ, ამ შემთხვევაში იგულისხმება მხარდაჭერის პერიოდი და პრემიალური ტარიფი.

მხარდაჭერის პერიოდი განისაზღვრება სადგურის ექსპლუატაციაში შესვლისა და წარმოების ლიცენზიის გაცემიდან ათი წლის ვადით, წელიწადში 8 თვის განმავლობაში. კალენდარული წლის აღნიშნული 8 თვე გულისხმობს შემდეგ თვეებს: იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი და დეკემბერი.

ზოგადი დანაწესის მიხედვით, პრემიალური ტარიფი შეადგენს 1 კვტ.სთ-ისთვის 0.015 აშშ დოლარს. ამასთან, პრემიალური ტარიფი გადაიხდება როგორც ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე შესაბამისი საათისთვის დაფიქსირებულ საბითუმო (წონასწორულ) ფასზე დამატება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სადგურის მიერ მხარდაჭერის პერიოდის განმავლობაში მოცემულ საათში გამომუშავებული და ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე რეალიზებული 1 კვტ.სთ ელექტროენერგიისათვის დაფიქსირებული საბითუმო (წონასწორული) ფასი ნაკლებია 0.055 აშშ დოლარზე. გარდა ამისა, თუ ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე შესაბამისი საათისთვის დაფიქსირებულ საბითუმო (წონასწორულ) ფასსა და 0.055 აშშ დოლარს შორის სხვაობა 0.015 აშშ დოლარზე ნაკლებია, მაშინ პრემიალური ტარიფი გამოიანგარიშება აღნიშნული სხვაობით. დასახელებული დადგენილება ასევე ადგენს პრემიალური ტარიფის გადახდის ვალუტას. კერძოდ, პრემიალური ტარიფი გადაიხდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ანგარიშფაქტურის გამოწერის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული მხარდაჭერის მექანიზმები არ არის ამომწურავი. ამავე დადგენილების მიხედვით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სადგურის სპეციფიკის ან მნიშვნელობის გათვალისწინებით, შესაძლებელია, შემუშავებულ იქნეს განსხვავებული მხარდაჭერის პირობები. მხარდაჭერის სქემა შესაძლოა მოიცავდეს სხვადასხვა სახის საინვესტიციო დახმარებას, გადასახადისგან გათავისუფლებას ან მის შემცირებას, გადასახადის დაბრუნებას და განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული ვალდებულების მხარდაჭერის სხვა სქემებს.

მხარდაჭერის სქემით სარგებლობისათვის დასახელებული დადგენილება ასევე განსაზღვრავს კონკრეტულ პროცედურას. კერძოდ, სქემაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული სუბიექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარუდგენს საინიციატივო შეთავაზებას, რომელიც არ უნდა სცილდებოდეს ზემოთ აღნიშნულ მხარდაჭერის პერიოდისა და პრემიალური ტარიფის ზღვრებს. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის მოთხოვნების დაცვით აღნიშნული ინიციატივის განხილვის შემდეგ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ინვესტორს, საქართველოს მთავრობასა და საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციას შორის ფორმდება შესაბამისი შეთანხმება.

ენერგეტიკული პროექტების განხორციელების და უცხოელი ინვესტორების დაინტერესების მიზნით შექმნილია სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ (GEDF). აღნიშნული ფონდის უმთავრესი მიზანია განახლებადი ენერგიის წყაროების პერსპექტიული პროექტების დამუშავება და განვითარების ხელშეწყობა, პოტენციური ინვესტორების მოძიება და მათი არსებული პროექტებით დაინტერესება. მაგალითისთვის, შეიძლება დასახლდეს ქართლის ქარის ელექტროსადგურის პროექტი, რომელიც აღნიშნულმა ფონდმა წარმატებით განახორციელა. GEDF-მა განახორციელა ქართლის ქარის სადგურის პროექტი, რომელიც სადემონსტრაციო ხასიათს ატარებდა და პროექტის წარმატებამ მნიშვნელოვნად წაახალისა ქარის ენერგეტიკული პროექტები.

ლიცენზირება

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ისეთი საქმიანობების განხორციელება, რომლებიც მოიცავს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს ან დაკავშირებულია სახელმწიფო რესურსებით სარგებლობასთან მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან ნებართვას ან ლიცენზირებას. ერთ-ერთ ასეთ საქმიანობას წარმოადგენს ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობა. თუმცა ელექტროენერგიის წარმოებასთან დაკავშირებული ყველა სახის საქმიანობა არ საჭიროებს ლიცენზიას.

ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ საქართველოს ენერგეტიკის კანონმდებლობა ერთმანეთისაგან განასხვავებს მიკრო და მცირე სიმძლავრის ელეტროსადგურებს. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურად მიიჩნევა ის ელექტროსადგური, რომლის საპროექტო სიმძლავრე არ აღემატება 15 მგვტს. მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგური კი გულისხმობს საბოლოო მომხმარებლის ან საბოლოო მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული ელექტროენერგიის წარმოების ობიექტს, რომელიც იყენებს განახლებადი ენერგიის წყაროებს, უკავშირდება ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელს და რომლის დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 500 კილოვატს. ასეთი სადგურების შემთხვევაში ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობა არ საჭიროებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისგან ლიცენზირებას. თუმცა მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურთან მიმართებაში არსებობს საქმიანობის დაწყების საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისთვის შეტყობინების ვალდებულება.
აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, თუ ელექტროსადგურის საპროექტო სიმძლავრე აღემატება 15 მგვტს, იგი არ წარმოადგენს მცირე ან მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურს და იგი საჭიროებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისგან შესაბამისი ლიცენზიის მოპოვებას. აღნიშნული ლიცენზიის მოსაპოვებლად აუცილებელია შესაბამისმა დაინტერესებულმა სუბიექტმა განცხადებით მიმართოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. განცხადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება კი ხდება არაუმეტეს სამი თვის ვადაში.

მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ე.წ. წინასწარი ლიცენზიის გაცემის შესაძლებლობასაც. აღნიშნული წარმოადგენს ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციის მოზიდვისა და ინვესტორთა მხარდაჭერის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმს. კერძოდ, წინასწარი ლიცენზიის მოპოვება შესაძლებელია მანამ, სანამ შესაბამისი სუბიექტი განახორციელებს ელექტროსადგურის მშენებლობას და დაიწყებს ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობას.

ელექტროენერგიის წარმოების წინასწარი ლიცენზიის გაცემასაც ახდენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. აღნიშნული წინასწარი ლიცენზია შესაბამის სუბიექტს აძლევს შესაძლებლობას განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა, იმ პირობით, რომ იგი დააკმაყოფილებს წინასწარი ლიცენზიით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. სხვაგვარად, რომ ითქვას, წინასწარი ლიცენზიის შემთხვევაში შესაბამის სუბიექტს ეკისრება გარკვეული ვალდებულებები, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ვალდებულია გასცეს ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია.

გადასახადები

განახლებადი ენერგიის სფეროში არსებული საწარმოები იბეგრებიან სტანდარტული წესით: 15% მოგების გადასახადი და 5% დივიდენდის გადასახადი. აღსანიშნავია, რომ მოგების და დივიდენდის გადასახადები საქართველოში არ გადაიხდევინება ყოველწლიურად. მოგების გადასახადი გადაიხდევინება შემდეგი აქტივობებისას: მოგების განაწილებისას; ისეთი ხარჯის გაწევისას ან სხვა გადახდისას, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის; უსასყიდლოდ საქონლის მიწოდებისას / მომსახურების გაწევისას ან/და ფულადი სახსრების გადაცემისას; საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯისას.

ამავდროულად ქვეყანაში მოქმედებს რამდენიმე საგადასახადო შეღავათი. ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებები. გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ცალკეულ პროექტთან მიმართებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს განსაკუთრებული საშეღავათო პირობები.

დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისთვის საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით უცხოეთის სახელმწიფოების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით დაფინანსებული სამშენებლო-სამონტაჟო, სარემონტო, სარესტავრაციო, საცდელ-საკონსტრუქტორო ან/და გეოლოგიურ-საძიებო მომსახურების გაწევა.

ასევე, დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია ელექტროენერგიისა და გარანტირებული სიმძლავრის მიწოდება, გარდა ელექტროენერგიის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იმ მომხმარებლისთვის მიწოდებისა, რომელიც ელექტროენერგიას ყიდულობს საკუთარი მოხმარებისთვის, აგრეთვე გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურების გაწევა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეღავათი ეხება ისეთი საქონლის იმპორტს, რომელიც ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისთვის საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად უცხო სახელმწიფოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით არის დაფინანსებული.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი (მათ შორის ექსპორტი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში) დასაშვებია და დღგ-ით არ იბეგრება.

და ბოლოს, რაც შეეხება მცირე სადგურებს, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის შემოსავალი მიღებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ წარმოებული ჭარბი ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატისათვის მიწოდებით.

ელექტროენერგეტიკის სფეროს ახასიათებს ასევე ბევრი თავისებურება აღრიცხვიანობის და გადასახადების გადახდის კუთხით, რომელსაც ამ სტატიის ფარგლებში აღარ ჩავუღრმავდებით.

დასკვნა

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების მიმართულებით საქართველოს უდიდესი პოტენციალი გააჩნია. ამ კუთხით არსებული აუთვისებელი რესურსები კი ძალზე მიმზიდველს ხდის ქვეყანას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ასევე აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ქვეყანაში მოქმედებს მაქსიმალურად მოქნილი რეგულაციები და სხვადასხვა მხარდაჭერის სქემები.

ჩვენი იურიდიული ფირმა მზადაა დაგეხმაროთ განახლებად ენერგიასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროექტზე საქართველოში. ჩვენ გვყავს იურისტები, რომლებიც სპეციალიზირებულები არიან ენერგეტიკის კანონმდებლობაზე და შესაძლებლობა გვაქვს, შემოგთავაზოთ არსებული პროექტები შესაძენად. გაიგეთ მეტი ჩვენ მომსახურებაზე ენერგეტიკის სფეროში ბმულზე.

პასუხისმგებლობის უარყოფა: ეს არ არის იურიდიული, საგადასახადო ან საინვესტიციო რჩევა. ჩვენი მოსაზრება არ არის სავალდებულო არც ერთი სასამართლოსთვის ან საგადასახადო ორგანოსთვის. ნებისმიერი სახის ინვესტიცია შეიცავს რისკებს.