მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საირმე მინერალ ვოთერსი": "ერთადერთი პირობა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად გიორგი დიასამიძის გარეშე დიალოგია"

63f5e1f2bcfa8
BM.GE
22.02.23 18:00
1002
„საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის ტერიტორიაზე აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით, ქარხნის თანამშრომელთა ნაწილმა 13 თებერვლიდან გაფიცვა გამოაცხადა. პროტესტის მონაწილეებს კონკრეტული მოთხოვნები აქვთ. გაფიცვამდე დაწყებული მედიაციისას, თანამშრომლების მოთხოვნებზე საპასუხოდ კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი შეთავაზებები ქარხანაში დასაქმებულებმა დაიწუნეს და მოლაპარაკებების პროცესის ინიციატორი მხარე გაფიცვის რეჟიმში გადავიდა. მხარეთა შეუთანხმებლობა გრძელდება. გრძელდება გაფიცვაც.

სად არის გამოსავალი და რამდენად არის შესაძლებელი გაფიცულების მოთხოვნების დაკმაყოფილება?

გვესაუბრება შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ დირექტორის მოადგილე, ლევან კასრაძე

- ბ-ნო ლევან, რა მიმართულებით აგრძელებთ კომუნიკაციას გაფიცულებთან, რა ეტაპზე ხართ, თანამშრომლების რა ნაწილია გაფიცული და რამდენად არის შესაძლებელი ამ მოცემულობით მედიაციის პროცესის გაგრძელება?

- გაფიცვას წინ უძღოდა 21 დღიანი მედიაციის ინტენსიური პროცესი, რომელიც 26 იანვარს დაიწყო და 13 თებერვალს მედიაციის პროცესის დასრულებამდე გაიფიცნენ. ამის პარალელურად რამდენჯერმე შეიცვალა მათი მოთხოვნები, რაოდენობრივად გაიზარდა და ბოლოს 27 პუნქტი შეადგინა, ჩვენ განვიხილავდით მაქსიმალურად ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რა თქმა უნდა, საწარმოს ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში. საბოლოო ჯამში მათი მოთხოვნები იმდენად გაიზარდა, რომ მედიაციის პროცესი ჩიხში შევიდა.

გაფიცულები თანამშრომლების მხოლოდ ნაწილს წარმოადგენენ, შესაბამისად ქარხანა არ გაჩერებულა. წარმოების პროცესი გრძელდება, თუმცა, პრობლემაა გაფიცულების დამოკიდებულება იმ თანამშრომლების მიმართ, ვინც აგრძელებენ მუშაობას. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ გაფიცულების, უფრო კი ორგანიზატორის, გიორგი დიასამიძის ინტერესი არ არის რაიმე რეალური შედეგის მიღება.

- მათი ერთ-ერთი მოთხოვნა ხელფასების 30 პროცენტით გაზრდაა, განიხილავთ თუ არა ამ შესაძლებლობას და გააჩნია თუ არა საწარმოს შესაბამისი ფინანსური რესურსი?

- აქ მნიშვნელოვანია დავინახოთ მთლიანი პროცესი და ზოგადი კონტექსტი, რაც ამ გაფიცვას წინ უძღოდა. ჩვენ, 2022 წელს, ისედაც გავზარდეთ ხელფასები 50 პროცენტით, ამასთან, ხელფასის ზრდა ბევრად აღემატებოდა ინფლაციის მაჩვენებელს. უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში პირველად, გასული 2022 წელი კომპანიამ ზარალით დაასრულა. მედიაციის პროცესში ჩვენ შევთავაზეთ წარმოების მოცულობაზე 10 პროცენტიანი ნამატი, რაც მანამდე გაუქმებული იყო, ასევე პროფკავშირების მოთხოვნით. ეს ორივე მხარისთვის მომგებიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა ამ წინადადებაზეც უარი მივიღეთ.

- დიასამიძის განცხადებით, გაფიცულ თანამშრომლებს დღემდე არ მიუღიათ კუთვნილი ხელფასი, გეგმავს თუ არა კომპანია მათთვის უკვე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას?

- შრომის კოდექსის მიხედვით, კომპანია არ არის ვალდებული გაფიცვის დროს დასაქმებულებს გადაუხადოს ხელფასი. ჩვენ ხელფასებს გადავიხდით გაფიცვის დასრულების შემდეგ, რაზეც გაფიცულები ჩავაყენეთ საქმის კურსში. ცნობისათვის, წლების განმავლობაში ჩვენ 1 დღეც არ გადაგვიცილებია, ხელფასებს და სხვა სახის ანაზღაურებას თანამშრომლებს დროულად ვაძლევთ. დღეს, მართალია, მედიაციის პროცესი დასრულებულია, მისი გაგრძელება ვფიქრობ არის შემდგომი ეტაპი და მიმდინარე მოვლენები გვიჩვენებს, როგორ მოვიქცეთ.

- 1500 ლარიანი ანაზღაურება იყო ნახსენები კომპანიის მხრიდან. გუშინ სოციალურ მედიაში გავრცელდა კონკრეტული სქრინი, რომელიც ხელფასის კონკრეტულ მოცულობას ასახავს და 1500 ლარი ნამდვილად არ არის... რამდენი არის საშუალო ხელფასი „საირმეში“?

- სქრინი, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა არა ხელფასის, არამედ ბიულეტენის თანხის ჩარიცხვის ამსახველია. დეკემბრის თვეში წარმოებაში დასაქმებულების უმეტესობის ხელფასმა 1500 ლარი შეადგინა და ეს რიცხვი იყო მითითებული ჩვენს პირველ განცხადებაში, რადგან იმ პერიოდისთვის, ჩვენს ხელთ სწორედ ეს მონაცემები იყო, იანვარში გასაცემი დეკემბრის ხელფასები, ხაზს გავუსვამ, რომ ეს არის დარიცხული ხელფასები. განვმარტავ, ჩვენთან ანაზღაურება გამომუშავებითაა და დღიური ხელფასიდან ითვლება, მაგრამ, უნდა აღინიშნოს, ჩვენი წარმოება ხელფასებითაც და გადასახადების ოდენობითაც რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესია.

- ხელფასის გარდა, გაფიცვის მიზეზად სახელდება სხვა პრობლემებიც, მაგალითად, ანტისანიტარია, გაუსაძლისი სამუშაო პირობები, მოსასვენებელი ოთახების გაუქმება, გაუმართავი დანადგარები და სხვა. თქვენთან რა პრეტენზიები იყო კიდევ დასახელებული და რამდენად იზიარებთ ამ პრეტენზიებს?

- კომპანია სისტემატურად მოწმდება შრომის ინსპექციის, ასევე სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ და სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. „საირმე მინერალ ვოთერსს“ გააჩნია ISO 22000 სერტიფიკატი, იცავს ყველა სურსათთან დაკავშირებულ პროცედურებს. პროდუქტი ავტორიზებულ ლაბორატორიებში მუდმივად გადის შემოწმებას. მოთხოვნებში დაფიქსირებულია მოსასვენებელი სივრცეების გამოყოფა, რაშიც იგულისხმება საძინებლის ტიპი, დასაწოლით. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ადრე გვქონდა 12-საათიანი სამუშაო განრიგი და ახლა, 8 საათზე გადასვლის შემდეგ, კანონმდებლობითაც, ამის საჭიროება და ვალდებულება არ არის. რა თქმა უნდა, საწარმოში არის ისეთი სივრცე, რომლის გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომელს შესვენების დროს აქვს. რაც შეეხება ანტისანიტარიას, წყალი მოდის მთელ ტერიტორიაზე. საწარმოო შენობის მეორე სართულზე კი პერსონალისთვის განთავსებულია საშხაპეები, ხელსაბანები, საპირფარეშოები, კეთილმოწყობილი, აღჭურვილია ცივი და ცხელი წყლით. კომპანია ზრუნავს ჰიგიენის დაცვაზე და მის შენარჩუნებაზე. არ მინდა ამაზე გავამახვილო ყურადღება, მაგრამ ის, რაზეც არის საუბარი, არის გარე ტერიტორიაზე, საზაფხულო სივრცეში, რომლითაც ახლა ვერც ვერავინ ისარგებლებენ, ახლა მისი რემონტი მიმდინარეობდა და ასეთი ფაქტის გამოტანა მოხდა მათი მხრიდან. კომპანიის ინტერესია განვითარება და წარმოების ზრდა, რისი ერთ-ერთი წინაპირობაც ტექნიკურად გამართული დანადგარებია. შესაბამისად, კომპანიის პრიორიტეტია საწარმოო პროცესის სრულყოფა. სამწუხაროდ, უმეტესი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

- რა რესურსით მუშაობს საწარმო ამ დროისთვის?

- როგორც უკვე აღვნიშნე, გაფიცულია თანამშრომლების მხოლოდ ნაწილი, შესაბამისად, ქარხანა აგრძელებს მუშაობას, ორ ცვლაში. ის, რომ ჩვენ ჩავანაცვლეთ გაფიცულები ახალი და გამოუცდელი კადრებით, რომლებმაც არ იციან მუშაობა, არის სრული სიცრუე. გამოუცდელი კადრებით ვერ გავრისკავდით ნამდვილად, რომც გვდომოდა, წარმოების გაგრძელებას. მათაც შეგვიძლია დავუსვათ ეს კითხვა, ფაქტობრივად, ამ წლების განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩვენ თანამშრომელი გაგვეთავისუფლებინა სამსახურიდან.

- ამ განცხადებებში, რომელიც ძალიან უხვად და ბევრნაირი ფორმის იყო, საკმაოდ სენსიტიურ თემასაც შეეხო, დღეს უკვე ბრალდებების ფორმით გაჟღერებული ქართული წიაღისეულის უცხოელების, კონკრეტულად რუსების მენეჯმენტის ქვეშ გამოყენებასთან დაკავშირებით. გარემოებები ამ თემას განსხვავებულ მნიშვნელობას სძენს. ვინ არის კომპანიის მენეჯმენტი, ვინ არის მოლაპარაკებებში თქვენი მხრიდან ჩართული და ვის მფლობელობაშია?

- პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის 100%-ით ქართული კომპანია და რეესტრშიც არის შესაძლებელი შემოწმება, ვინ არიან კომპანიის მფლობელები. ყველა მფლობელი არის ქართველი. რაც შეეხება დირექტორს, 10 წელია ის საქართველოს რეზიდენტია. მისი მენეჯმენტის დროს ხდებოდა კომპანიის ზრდა, განვითარება, როგორც საქართველოში, მათ შორის ექსპორტის ბაზრებზე. ამის ნახვაც შესაძლებელია, თუ რამდენად სწრაფად და როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი. წინსვლის პარალელურად იზრდება ხელფასები. 2022 წელს, წარმოებაში 20 ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით, დასაქმებულია ადგილობრივები. დამფუძნებლებლების წარმომავლობაზეც მიზანმიმართული სიცრუის გავრცელებას აქვს ადგილი, რომ ყველა მხრიდან მოხდეს კომპანიის დისკრედიტაცია და რეპუტაციის შელახვა..

- გაფიცვა გრძელდება. რა გეგმა აქვს კომპანიას, როგორ აპირებთ გაფიცულებთან კომუნიკაციის გაგრძელებას?

- ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული დიალოგის მცდელობებს გაფიცულებთან. მოლაპარაკებები და ნებისმიერი დიალოგი ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, გაგრძელდება მათთან, თუმცა, გიორგი დიასამიძის გარეშე, სწორედ ეს იქნება ჩვენი ერთადერთი პირობა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.


(რ)