02.მარტი .2020 15:56

ჩინელი ექიმები ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებენ

views 274
უკან

ჩინელი ექიმები ქართველ კოლეგებს კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით გამოცდილებას გაუზიარებენ, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრისა და საქართველოში ჩინეთის ელჩის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

როგორც სამინისტროდან bm.ge-ის აცნობეს, მხარეები ვირუსთან ბრძოლის მიზნით, ურთიერთანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ. ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა ჩინელი ექიმების თავდადებას და აღნიშნა, რომ ის თუ როგორ უმკლავდება აღნიშნულ პრობლემას ქვეყანა მაგალითის მომცემია. მინისტრმა ჩინეთის რესპუბლიკას კორონავირუსით გარდაცვლილთა გამო მიუსამძიმრა.

„მიმოვიხილეთ ის პრობლემატური საკითხები, რომლებიც ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩინეთში ვითარდებოდა. ვისაუბრეთ კორონავირუსის გამოსავლებზე, და ასევე შევთანხმდით გარკვეულ სტრატეგიაზე. ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება მოხდა დღეს ჩვენს შორის, ხვალ გაიმართება ვიდეო კონფერენცია სადაც ჩინელი ექიმები, ქართველ სამედიცინო პერსონალს, თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ. ეს რა თქმა უნდა იქნება პრევენციული ხასიათის. ჩინელი მედპერსონალი იქნება მუდმივ ხაზზე თუ ქართველ ექიმებს გარკვეული კითხვები ექნებათ ვირუსთან ბრძოლის შემთხვევაში“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჩინეთის ელჩმა ქართულ მხარეს, გვერდში დგომისთვის, მადლობა გადაუხადა და ის პრევენციული ღონისძიებები რასაც საქართველო ახორციელებს დადებითად შეაფასა.

„დღეს მინისტრთან განვიხილეთ კორონავირუსის პრევენციისა და კონტროლის მექანიზმები, გავცვალეთ ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით. შევთანხმდით მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე, რათა ერთობლივად შევძლოთ ვირუსთან ბრძოლა და არსებული სიტუაციის გამოსწორება. ჩვენს ექიმებს, პირველებს ჰქონდათ შეხება კორონავირუსთან, შესაბამისად, პრევენციისა და კონტროლის მიზნით, ჩინელ და ქართველ ექიმებს შორის ხვალ ვიდეო კონფერენციაც გაიმართება, რათა ქართველმა მედპერსონალმა სწორედ მათგან მიიღოს უფრო მეტი ინფორმაცია“, - განაცხადა ლი იანმა, ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა