მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინელი ინვესტორი “დიბო ჯგუფს” $15-მილიონიან ზარალში ადანაშაულებს

62a5e20810997
BM.GE
12.06.22 22:00
2600
BMG-იმ ჩაწერა ინტერვიუ ჩინელ ბიზნესმენ ზიქიანგ ზანგთან, რომელიც საქართველოში, კერძოდ ბათუმში სასტუმროების იჯარით იყო დაკავებული. ბიზნესმენი $15-მილიონიან ზარალზე საუბრობს, რაც მისი განცხადებით, კომპანია დიბო ჯგუფის საქმიანობამ განაპირობა. საქმე “მეტრო ჰოლდინგის” სასტუმროების, მათ შორის “ეიფორიას” და “ლეჯენდ ბათუმის” იჯარებს უკავშირდება, რის შესახებაც ჩინელმა ბიზნესმენმა ხელშეკრულება 2021 წლის აპრილში გააფორმა. მისი თქმით, პროცესში შუამავლის და სასტუმროთა მართვის ფუნქციას “დიბო ჯგუფი” და ბიზნესმენი ნოდარ საპირი ასრულებდნენ, რომლებიც მისგან პროექტის დასაკუთრებას შეეცადნენ.

“ბატონი გალიფის მეტრო ჯგუფთან ჩვენ გვქონდა ბათუმში სასტუმროების იჯარის ხელშეკრულება. საუბარია სასტუმროებზე, მათ შორის ლეჯენდსა და ეიფორიაზე. მეტრო ჯგუფთან გვქონდა დეტალური შეთანხმება და მხარეთა უფლება-მოვალეობები იყო კონტრაქტით განსაზღვრული.

2020 წლიდან ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ბათუმში ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. შეთანხმება 2021 წელს გავაფორმეთ 2021 წლის აპრილში.

პროექტში ჩართული იყვნენ ბატონები ზოჰარ და ნადავ საპირი და დიბო ჯგუფი, რომლებიც ამ პროექტს მართავდნენ. ჩვენ შევპირდით მათ, რომ პროექტის მართვის სანაცვლოდ წილის 20%-ს გადავცემდით. ბატონმა გალიფმა გამაცნო ბატონი ზოჰარი, რათა ემართა ეს პროექტი. შემდეგ, ბატონმა ზოჰარმა გამაცნო მამამისი ბატონი ნადავი, რათა ამ ჯგუფს შემოერთებოდა.

პრობლემები თავიდანვე დაიწყო. მე ვიყავი ამ პროექტებში დიბოს ერთადერთი ინვესტორი, თავდაპირველად მათზე იყო გათვალისწინებული 20%-იანი წილი, რის შემდეგაც მოითხოვეს 50%-იანი წილი, რაზეც უარი ვთქვი. ამ უარის შემდეგ ბატონი ნადავის ჯგუფმა ჩვენ საწინააღმდეგოდ დაიწყეს მოქმედება და ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს. ამიტომაც მივმართეთ იურისტს, რადგანაც ისინი გვთხოვდნენ კომპანიის 50%-ის მიცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კომპანიას სხვას გადასცემდნენ. ამიტომაც მივმართეთ იურისტს, რათა ჩვენი უფლებები დაგვეცვა. სრული ფინანსური დანაკარგი და ზარალი რაც განვიცადეთ არის დაახლოებით 15 მილიონი დოლარი.

შექმნილი პრობლემების შემდეგ გადავწყვიტე ამეყვანა ადვოკატი, თუმცა მისი აყვანის შემდეგ, ბატონი გალიფისგან გავიგე, რომ ეს იურისტი ბატონი ნადავისთვის მუშაობდა, რის შემდეგაც ახალი იურისტი ავიყვანე.

მინდა განვმარტო რამდენიმე საკითხი. პირველი - ზოგიერთ გამოცემაში ითქვა, რომ თითქოს ბატონი გალიფი ცდილობდა ჩვენი წილების დასაკუთრებას. ეს არ არის მართალი. ეს შეიძლება იყოს თარჯიმნის ან რეპორტიორის მისკომუნიკაციის შეცდომა იყოს. ბატონ გალიფს არ წაუღია ჩვენი წილები.

მეორე საკითხი - ბატონმა გალიფმა გაგვაცნო ბატონი ზოჰარი, რომელმაც შემდეგ მამამისი ნადავი გაგვაცნო, რათა ამ გუნდს შეერთებოდა. ამას ბატონ გალიფთან არ აქვს კავშირი. ბატონმა გალიფმა შემოგვთავაზა დახმარება, მაშინ როდესაც ბატონი ნადავი და მისი შვილი ბატონი ზოჰარი და მათი გუნდი კომპანიის გაქურდვას და აქტივების მითვისებას ცდილობდნენ,”- განაცხადა ჩინელმა ინვესტორმა ზიქიანგ ზანგმა, რომელიც ამჟამად დუბაიში ცხოვრობს.

მხარეებს შორის არსებული დავის შესახებ გასული თვეების პერიოდშიც ვრცელდებოდა ინფორმაციები. 22 მაისს, “მეტრო ჰოლდინგმა” განაცხადა, რომ “დიბო ჯგუფთან” სასამართლო დავაში იმყოფებოდა. “მეტრო ჰოლდინგის განცხადების საფუძველზე, სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ საქმეს შპს „დიბო ჯგუფის“ დირექტორის ნადავ საპირისა და ერთ-ერთი დამფუძნებლის ზოჰარ საპირის მიერ განხორციელებულ სავარაუდო დანაშაულის შემცველ ფაქტზე, რომლის თანახმადაც, ზემოაღნიშნული პირები „მეტრო ჰოლდინგისგან“ ცდილობდნენ მილიონობით დოლარის გამოძალვას. მეტრო ჰოლდინგი ამ დროისთვისაც განაგრძობს სასამართლო გზით საკუთარი უფლებების დაცვასა და ნადავ საპირის თვითნებური ქმედებების აღკვეთას. ჩვენი ინფორმაციით იგივე პროცესს გადის „დიბო ჯგუფის“ ჩინელი ეროვნების ინვესტორიც, რომელიც თავს მოტყუებულად და დაზარალებულად მიიჩნევს,”- წერდა კომპანია.