მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

British Airways-ის მფლობელი კომპანია covid-საშვების დანერგვის აუცილებლობაზე საუბრობს

603d2093cf5ca
ნათია თაქთაქიშვილი
01.03.21 22:00
754
British Airways-ის მფლობელი კომპანია IAG, რომელმაც გასული წელი რეკორდული ზარალით დაასრულა, ციფრული covid-საშვების დანერგვის აუცილებლობაზე საუბრობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, IAG-ის საოპერაციო ზარალმა 2020 წელს 7.4 მილიარდი ევრო შეადგინა - მიზეზი კოვიდ-პანდემიის გამო შემცირებული ფრენებია.

წამყვანი ავიაკომპანიის მფლობელი კომპანია აღნიშნავს, რომ British Airways-ის შემოსავლები 69%-ით შემცირდა 25.5 მილიარდი ევროდან 7.8 მილიარდ ევრომდე, ხოლო კომპანიის დატვირთვამ 2020 წელს, 2019-თან შედარებით, მხოლოდ 33,5% შეადგინა.

გასულ კვირას, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) დააანონსა, რომ ტურიზმის ინდუსტრიაში covid-საშვი რამდენიმე კვირაში გამოჩნდებოდა.

IATA-ს განცხადებით, მსგავსი საშვის დანერგვა აუცილებელია საჰაერო მიმოსვლის აღსადგენად, რადგან ქვეყნების უმრავლესობას უცხოელი ვიზიტორებისთვის ისევ მკაცრი რეგულაციები ან საკარანტინე პერიოდი აქვთ დაწესებული.

გავრცელებული ინფორმაციით, კოვიდ-საშვის ციფრული აპლიკაცია ოთხი პრინციპით იმუშავებს: პირველი - მოგზაურობის მსურველებისთვის იარსებებს ჯანმრთელობის მოთხოვნების გლობალური რეესტრი, რომლის საშუალებით მგზავრებს შეეძლებათ, შეამოწმონ, რა არის საჭირო იმ ქვეყნებში შესასვლელად, რომელთა მონახულების იმედიც აქვთ. ამის შემდეგ, მოგზაურები გაეცნობიან ტესტირებისა და ვაქცინაციის ცენტრების გლობალურ რეესტრს, რათა შეძლონ გამგზავრებამდე საჭირო პროცედურების გავლა. შემდეგ ავტორიზებული ლაბორატორიები და კოვიდ ტესტ-ცენტრები მგზავრებს უსაფრთხოდ გაუზიარებენ ტესტისა და ვაქცინაციის სერთიფიკატებს სწორედ ამ აპლიკაციის საშუალებით. ბოლოს კი, მოგზაურები შეძლებენ საკუთარი ციფრული პასპორტების მართვას: შექმნიან პასპორტის ციფრულ ვერსიას, მიიღებენ და შესაბამის პარამეტრებში ატვირთავენ Covid-19 ტესტირების ან ვაქცინაციის შედეგებს და მგზავრობისთვის საჭირო სხვა დოკუმენტაციას.

IATA-ს განცხადებითვე, გასული წელი კატასტროფული აღმოჩნდა ავიაინდუსტრიისათვის, რადგან 2019 წელთან შედარებით ფრენებზე მოთხოვნა 70%-ით შემცირდა. ასოციაციის შეფასებით, მხოლოდ კოვიდ-ვაქცინა ვერ დაეხმარება ინდუსტრიას გადარჩენაში და ამისთვის აუცილებელია, covid-საშვების დანერგვაც.