მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთი და აშშ - George Grey Winery წელს პრემიუმ ხაზის ღვინის ექსპორტზე გატანას გეგმავს

605989246aab1
ვიქტორია მღებრიშვილი
23.03.21 22:43
2017
ქართული ღვინის კომპანია George Grey Winery, რომელიც ადგილობრივი ბაზრისთვის დაახლოებით რამდენიმე წელია რაც პრემიუმ ხაზის ღვინოს აწარმოებს, პროდუქტის ექსპორტზე გატანას ჩინეთსა და აშშ-ში გეგმავს.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას, კომპანიის თანადამფუძნებელი და კომერციული დირექტორი გიორგი რუხაძე აღნიშნავს, მათი პრემიუმ ხარისხის ღვინისადმი ინტერესი ორივე მიმართულებიდან არსებობს.

უნდა აღინიშნოს, რომ George Grey Winery-ს წლიური წარმადობა 100 000 ბოთლამდეა და კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ ადგილობრივი ბაზრის შემდეგ, ისინი საექსპორტო ბაზრების ასათვისებლად მზად არიან, სადაც მაღალი ხარისხის ღვინით პოზიციონირებენ.

„მოლაპარაკებები გვაქვს ჩინეთთან. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით, კონკრეტულად კი ონლაინ გაყიდვების პლატფორმა „ალიბაბას“ მცირე რაოდენობის ღვინო უკვე გავუგზავნეთ და ამ მიმართულებით გააქტიურებას სულ უფრო მეტად ვგეგმავთ. ამასთან, მიმდინარე წლის აგვისტოში აშშ-ში, ნიუ-იორკში მიწვეულები ვართ გამოფენაზე, რომელსაც პირადად დავესწრები. ვფიქრობთ, რომ ეს გამოფენა ახალი ბაზრის ათვისებისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება. ჩვენი ძირითადი ნიშა მაღალი ხარისხის ღვინოებია, შესაბამისად მიზანი ახალ ბაზრებზე არა დაბალი ფასით, არამედ მაღალი ხარისხით პოზიციონირებაა“, - განმარტავს კომპანიის კომერციული დირექტორი.



გიორგი რუხაძე ღვინის ფასზეც საუბრობს, რომელიც 40 ლარიდან იწყება. „George Grey Winery-ს ღვინოებს ძირითადად გრავირებულ ბოთლებში შეხვდებით. საქმეს შემოქმედებითად ვუდგებით და ღვინის გემოვნურ თვისებებთან ერთად, მის ვიზუალურ მხარესაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. შესაბამისად, ხელით გრავირებული, პეტრე ოცხელის ნახატებით გაფორმებული ბოთლების ღირებულება 300 ლარამდეა“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.

ცნობისთვის, კომპანია George Grey Winery ქართულ ბაზარზე 5 წელია რაც ოპერირებს და პრემიუმ ხარისხის ღვინოების რეალიზებას ონლიან გვერდის, ასევე „8000 მოსავალის“, „აგროჰაბისა“ და „ალკორიუმის“ ქსელით ახორციელებს. ხუთი წლის წინ ოჯახური მეურნეობიდან დაწყებული ბიზნესი, დღეისთვის საქართველოს რამდენიმე რეგიონში ხუთ ჰექტარზე გაშენებულ სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ვენახებს და მწარმოებელ ქარხანას მართავს. ციცქა, ცოლიკაური, გორული მწვანე, შავკაპიტო და რქაწითელი - კომპანია ღვინოებს სწორედ ამ ყურძნის ჯიშებიდან აწარმოებს. დღეისთვის ბიზნესის განვითარებისთვის George Grey Winery-ს ზუსტ ინვესტიციას არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავენ, რომ ჩადებული ფინანსური რესურსის მოცულობა რამდენიმე ასეული ათასი ლარს აღწევს. კომპანიას 30-მდე სამუშაო ადგილი აქვს შექმნილი.