მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩინეთი და ყაზახეთი საქართველოს ტურიზმის გაფართოების მაღალი პოტენციალით გამოირჩევიან“ – PMCG

61487fd036161
ვიქტორია მღებრიშვილი
21.09.21 09:45
1040
„ჩინეთი და ყაზახეთი საქართველოს ტურიზმის გაფართოების მაღალი პოტენციალით გამოირჩევიან“ - ამის შესახებ კვლევით ცენტრ PMCG-ის მიერ გამოქვეყნებულ ტურიზმის ყოველთვიურ მიმოხილვაშია აღნიშნული, სადაც ქვეყნისთვის პერსპექტიული სამიზნე ბაზრებია მიმოხილული.

კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს ტურიზმის სექტორი საკმაოდ კონცენტრირებულია. კერძოდ, 2019 წელს, საერთაშორისო მოგზაურების 71.4% საქართველოს 4 მეზობელ ქვეყანაზე მოდიოდა (სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი), მაგრამ 2021 წლის აგვისტოში, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 40.8% შეადგინა, რაც ძირითადად უკრაინიდან, საუდის არაბეთიდან, ბელარუსიდან და ყაზახეთიდან ვიზიტორების ზრდამ გამოიწვია.

„მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ძალიან დააზარალა ტურიზმის სექტორი, აღნიშნული კრიზისი და ტურისტების ქცევის ცვლილებები ქმნის შესაძლებლობას ტურიზმის პოლიტიკის რეკონსტრუქციისთვისა და ინდუსტრიის დივერსიფიკაციისთვის. ვიზიტორები გალფის ქვეყნებიდან, აშშ-დან და ევროკავშირის ზოგი ქვეყნიდან ვიზიტის დროს საშუალო მაჩვენებელზე გაცილებით მეტს ხარჯავენ და მარკეტინგული კამპანიებიც აღნიშნული ქვეყნებისკენაა მიმართული, თუმცა გარდა ამ ქვეყნებისა, ჩინეთი და ყაზახეთი საქართველოს ტურიზმის სექტორის გაფართოების მაღალი პოტენციალით გამოირჩევიან, მაგრამ მათ ამ ეტაპზე შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობათ“, - აღნიშნავენ PMCG-ში და ამ მიმართულებიდან ვიზიტორების მიერ გაწეული საშუალო ხარჯის მაჩვენებლებს ასახელებენ.

მათი ინფორმაციით, 2019 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, ჩინელი ვიზიტორის საშუალო ხარჯი 1,908 ლარს შეადგენდა, რაც საქართველოს უმსხვილესი ტურისტული ბაზრის აზერბაიჯანის დანახარჯს (396) ხუთჯერ მაღალია, ხოლო სხვა ტრადიციული ტურისტული ბაზრების მაჩვენებლებზეც მეტია. გარდა ამისა ჩინეთიდან თითოეული ვიზიტორის საშუალო ვიზიტის ხანგრძლივობა 2019 წელს 7.7 ღამეს შეადგენდა, რაც საქართველოს ტრადიციული ტურისტული ბაზრების მაჩვენებლებს აღემატება. ყაზახი ვიზიტორებისთვის კი 2019 წელს ერთ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 1818 ლარს შეადგენდა, ხოლო ვიზიტის ხანგრძლივობა 7.4 ღამე იყო.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ წინა წლებში, საქართველოში ყაზახი ვიზიტორების რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა. 2018 წლიდან 2019 წლამდე ვიზიტორების რაოდენობამ 75.7%-იანი ნახტომი განიცადა და 2019 წელს 10 611-ს მიაღწია.

„ამას გარდა, ყაზახეთსა და საქართველოს შორის არსებობს ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი, ვინაიდან ბოლოდროინდელი ცვლილებების შედეგად ავიაკომპანია FlyArystan -მა ყაზახეთის სამი ქალაქიდან პირდაპირი დაბალბიუჯეტიანი რეგულარული ფრენების განხორციელება დაიწყო, შემსუბუქდა საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციები და ორ ქვეყანას შორის გაუმჯობესდა ეკონომიკური კოოპერაცია“, - განმარტავენ კვლევის ავტორები.

რაც შეეხება ჩინეთიდან ვიზიტორთა ნაკადებს, პანდემიამდე მათი რაოდენობა 2018 წელთან შედარებით 50.9%-ით გაიზარდა და 48 071 შეადგინა.

„აღსანიშნავია, რომ ჩინელი ტურისტების უმრავლესობა დაბალ ან საშუალოშემოსავლიან ჯგუფებს მიეკუთვნებიან და შესაბამისად მათთვის ისეთი ბიუჯეტური ტურისტული დანიშნულების ადგილებია მიმზიდველი, როგორიცაა საქართველო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის მოწინავე ტურისტულ სააგენტოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და China Southern Airlines-ის მიერ დანიშნული რეგულარული ფრენები საქართველოს მიმართულებით აღნიშნული სამიზნე ბაზრის მეშვეობით საქართველოს ტურიზმის პოსტ-პანდემიური განვითარებისათვის დამაიმედებელია. იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ჩინური „სარტყელი და გზა ინიციატივის“ (BRI) ნაწილად მოიაზრება, ასევე დიდია ბიზნეს ტურიზმის განვითარების პოტენციალიც“, - აცხადებენ PMCG-ში.

ტურიზმის ყოველთვიურ მიმოხილვის მიხედვით, საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 2021 წლის აგვისტოში 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 538.3%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 77.3%-ით შემცირდა. საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 510.5%-ით გაიზარდა (2021/2020) და 75.5%- ით შემცირდა (2021/2019), ხოლო საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 615.2%-ით გაიზარდა (2021/2020) და 67.2%-ით შემცირდა (2021/2019).