მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვების ფასები პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა - "კოსკო შიპინგი"

6378de78d0bec
ლიკა მეგუთნიშვილი
19.11.22 20:38
1221
„ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვების ფასები პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა“, - ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას „კოსკო შიპინგის“ კომერციულმა დირექტორმა, გივი ჩაჩანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიის პერიოდში საკონტეინერო გადაზიდვებზე ფასების რეკორდული ზრდის შემდეგ, მიმდინარე წლის ივლისი-აგვისტოს პერიოდიდან, ფასების საკმაოდ სწრაფად კლების ტენდენციაა გამოხატული.

„ძირითადი აქცენტი ჩვენ გვაქვს ჩინურ ბაზარზე, რადგან საქართველო და ზოგადად ჩვენი რეგიონი, 40-50%-ით არის ჩინურ ბაზარზე მიმაგრებული. დღევანდელი ფასები ზუსტად იგივეა, რაც კორონავირუსის დაწყებამდე იყო. ეს არის საშუალო ფასი. რა თქმა უნდა, რაიმე სტანდარტი ამ ფასების არ არსებობს, ფასები ყოველთვის იკლებდა ან იმატებდა 15-20%-ის ფარგლებში და არა ისე, როგორც იყო ეს პანდემიის პერიოდში, როცა $15 000-მდეც კი მიაღწია. ჯერ-ჯერობით კლების დინამიკას ვხედავთ, ალბათ ფასები კიდევ დაიკლებს“ , - აცხადებს გივი ჩაჩანიძე.

გივი ჩაჩანიძის თქმით, საკონტეინერო გადაზიდვებზე ფასების რეკორდული ზრდა მაღალ მოთხოვნასთან ერთდ, კორონავირუსის პანდემიამ და მასთან არსებულმა ლოგისტიკურმა პრობლემებმა გამოიწვია.

„ბევრ ქვეყანაში ლოქდაუნის გამო შეჩერდა წარმოებები, ზოგიერთი წარმოება სხვაგან გადავიდა, სხვა მასშტაბები შეიძინა და სწორედ ამან არია კვანძი. როცა ყველაფერი დალაგებულად და სტანდარტულად იყო, უცბად გაჩნდა ერთ თრეიქზე მეტი მოთხოვნა, ერთზე ნაკლები და ეს ყველაფერი ვერ დალაგდა, რომ ფასები დასტაბილურებულიყო. სწორედ ამან გამოიწვია, ფასების მომატება“, - განაცხადა „კოსკო შიპინგის“ კომერციულმა დირექტორმა, გივი ჩაჩანიძე.

როგორც ჩაჩანიძე აღნიშნავს, დღეს კონტეინერების დეფიციტი ნამდვილად აღარ არსებობს, თუმცა, მის სიჭარბეზე საუბარი გადამეტებულია.

„ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ კონტეინერების დეფიტი აღარ არსებობს, მაგრამ სიჭარბე ცოტა უხეში ნათქვამია. თუ ჩვენ საქართველოდან ექსპორტზე ვსაუბრობთ, ჩვენთან ყოველთვის იყო კონტეინერების სიჭარბე, რადგან იმპორტი გაცილებით მეტია, ვიდრე ექსპორტი. ამერიკაც ასეა, უფრო მეტს ყიდულობს, ვიდრე ყიდის და კონტეინერების დეფიციტი აქაც არ არსებობს. მაგრამ, არსებობს ისეთი ქვეყნებიც, სადაც ეს ყველაფერი პირიქითაა“, - აცხადებს ჩაჩანიძე.

„კოსკო შიპინგის“ კომერციული დირექტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვების ფასები პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა, არის ქვეყნები, სადაც ფასი კვლავ მაღალი დარჩა.

„მაგალითად, ეს არის საქართველოდან ამერიკის მიმართულებით, ზოგადად ხმელთაშუა ზღვიდან ამერიკის მიმართულებით ფასები კვლავ მაღალია, რადგან იქ მოთხოვნა უფრო დიდია. ალბათ იმიტომ, რომ ცდილობენ თავიანთი სავაჭრო ურთიერთობები გაზარდონ. რაც შეეხება ევროპის შიდა ფასებს, აქ ზრდა 15-20%-ის ფარგლებშია, რაც ამ სამი წლის განმავლობაში სრულიად ნორმალურია და ამაში განსაკუთრებული არაფერია“, - განაცხადა გივი ჩაჩანიძემ.

ინფორმაციისთვის, საკონტეინერო გადაზიდვების ფასები რეკორდული ზრდისკენ გზას პოსტ-პანდემიურ, ეკონომიკური აღდგენის პერიოდში დაადგა და ისტორიულ მაქსიმუმს 2021 წლის სექტემბერში მიაღწია. ზრდის ძირითადი მიზეზები სავაჭრო ბუმი და პანდემიის შედეგად ქვეყნებს შორის სავაჭრო მარშრუტების გადანაცვლება იყო, რამაც გადაზიდვები გაართულა.