მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის ეკონომიკური განვითარების ისტორია და საქართველოსთან ვაჭრობა

5ef877df4de9b
ეგნატე შამუგია
28.06.20 15:10
10139
ჩინეთი მსოფლიოში ნომერ მეორე უდიდესი ეკონომიკის და უმსხვილესი დადებითი სავაჭრო სალდოს მქონე ქვეყანაა, რომლის სავაჭრო პოზიციები და გლობალურ ეკონომიკაში წილი სტაბილურად იზრდება. მისი დადებითი სავაჭრო სალდო კი აშშ-სთან სავაჭრო ბრუნვას უკავშირდება, სადაც ეს უკანასკნელი ჩინური პროდუქციის ყველაზე დიდი იმპორტიორი ქვეყანაა. შესაბამისად, ჩინეთს ყველაზე დიდი სავაჭრო პროფიციტი აშშ-სთან გააჩნია. კერძოდ, ჩინეთის მიერ აშშ-ში განხორცილებული საქონლისა და მომსახურების ექსპორტი 3-ჯერ აღემატება ამ ქვეყნიდან იმპორტს. თავის მხრივ, აშშ-ს გლობალურ ეკონომიკაში ყველაზე მაღალი წილი აქვს. გარდა აშშ-სა, ჩინეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები ევროკავშირის წევრი ქვეყნებია. მათგან კი, მხოლოდ გერმანია და საფრანგეთთან აქვს უარყოფითი სავაჭრო სალდო. ამდენად, ჩინეთი საქონლით ვაჭრობის ლიდერი და ნომერ პირველი ექსპორტიორი ეკონომიკაა, რომელსაც გლობალურ სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტის 13%-იანი და იმპორტის 11%-იანი წილები უჭირავს. კერძოდ, მისი ძირითადი საექსპორტო საქონელი საოფისე და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებია (28.6%), ხოლო ძირითადი საიმპორტო საქონელი ნავთობია, რომელის იმპორტს რუსეთიდან და საუდის არაბეთიდან ახორციელებს.



ჩინეთის ეკონომიკის განვითარების ტემპი და გლობალურ ეკონომიკაში მისი როლის მუდმივი ზრდის უპირველესი საფუძველი, თითქმის ნახევარი საუკუნის წინ, 1978 წელს დაწყებული ეკონომიკის სტრუქტურულ გარდაქმნებია. პირველად, სწორედ, ამ წელს დაიწყო ეკონომიკაში საბაზრო ელემენტების დანერგვა, როცა ფერმერებს უფლება მიეცათ წარმოებული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გაეყიდათ, ხოლო კოლექტივიზმის ნაცვლად შინამეურნეობების ინდივიდუალური პასუხისმგებლობის სისტემაზე გადასვლის პროცესი დაიწყო. მოგვიანებით კი, უცხოურ კაპიტალს ჩინეთში შესვლის საშუალება მიეცა, ფასებზე შეზღუდვები მოიხსნა, კომპანიებს ნებართვა ჰქონდათ მოგების ფლობის და სახელფასო პოლიტიკის დამოუკიდებლად გატარების. შედეგად, შეიქმნა ახალი სტიმულები, რაც 1980-1985 წლებში ეკონომიკის საშუალოდ 10%-იანი ზრდაში აისახა. მომდევნო თვალსაჩინო ნაბიჯები კი 1990 წელს შანხაის საფონდო ბირჟის გახსნა და პრივატიზაციის პროცესი დაწყება იყო, რამაც წინა პერიოდთან შედარებით, უფრო მაღალი, ეკონომიკის კვლავ საშუალოდ 10%-იანი ზრდა უზრუნველყო. საბოლოოდ, ჩინეთი მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციას 2001 წელის ბოლოს შეუერთდა. ამან კი მომდევნო წლების ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია. ჯამში, ეკონომიკის საბაზრო პრინციპებზე ტრანსფორმაციამ ჩინეთის ეკონომიკის სწრაფი და სტაბილური ზრდა გამოიწვია. 1980-2019 წლებში ჩინეთის ეკონომიკა საშუალოდ 9%-ით იზრდებოდა, რამაც მსოფლიო ეკონომიკაში მისი წილის 2%-დან 19%-მდე ზრდა განაპირობა და ნომერ პირველ ექსპორტიორ ქვეყნად აქცია, რომელთანაც საქართველოს ხანგრძლივი სავაჭრო ურთიერთობები გააჩნია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 2018 წლიდან ამოქმედდა, სავაჭრო ბრუნვაში ჩინეთის წილის მზარდი ტენდენცია ორივე მათგანის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგი წლებიდან (2000-2001 წლები) იწყება, სადაც იმპორტის წილი ექსპორტზე საშუალოდ 3 პ.პ.-ით უფრო მაღალია. ამდენად, საქართველოს ჩინეთთან სავაჭრო დეფიციტი გააჩნია, რაც ნიშნავს, რომ ჩინეთიდან უფრო მეტი საქონელი და მომსახურების იმპორტი ხორციელდება, ვიდრე ექსპორტი. ბოლო ათწლეულის მანძილზე საქართველოს მთლიან ექსპორტში ჩინეთის წილი საშუალოდ 4.5%-ია, რაც წინა ათწლეულში საშუალოდ 0.5%-ს შეადგენდა. ეს კი საქართველოდან ჩინეთში ექსპორტის ყოველწლიური ზრდის მაღალ ტემპს უკავშირდება. თავის მხრივ, ჩინეთის ბაზარზე გატანილი პროდუქციის მატება კი სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების გაზრდილმა ექსპორტმა განაპირობა, რაც ჩინეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების საშუალოდ 78%-ს შეადგენს. გარდა ამისა, ღვინოც ძირითადი საექსპორტო საქონელის რიგებს იკავებს, რასაც ბოლო წლებში ჩინეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების 10%-იან წილით, მეორე ადგილი უჭირავს. აღნიშნული ნიშნული ნომინალური გამოხატულებაში ყოველწლიურად დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარამდე ღირებულების ღვინის ექსპორტს გულისხმობს. ჩინეთში ღვინის ექსპორტის მაღალი ზრდა 2015-2017 წლებში დაფიქსირდა, როცა გატანილი ღვინის საერთო ღირებულება წინა წელთან შედარებით ორჯერ უფრო მეტი იყო.



მიმდინარე წელის იანვარ-მაისში საქართველომ ყველაზე მეტი ჩინეთთან ივაჭრა. აღნიშნულ პერიოდში ჩინეთში 168.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საქონელი და მომსახურების ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.4 -ჯერ მეტია. აღნიშნული ზრდა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების 3-ჯერ უფრო მეტი ღირებულების ექსპორტს უკავშირდება. შედეგად, მიმდინარე წლის ხუთი თვის მთლიან ექსპორტში ჩინეთს ყველაზე მეტი, 13.6%-იანი წილი უჭირავს. წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებში კი 3.3%-იანი წილით მე-7 უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნის პოზიციას იკავებდა. თუმცა, აღნიშნულ პერიოდში, 2019 წლის იანვარ-მაისთან შედარებით, იმპორტის მოცულობა ნაკლებია. მიმდინარე წელს ჩინეთიდან იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება 21.1%-ით ნაკლებია. თვეების მიხედვით, იმპორტი ყველაზე მეტად მარტსა და აპრილში შემცირდა.

ბოლო ოთხი ათწლეულის მანძილზე ჩინეთის ეკონომიკის სტრუქტურულმა ცვლილებამ და ბაზრის ლიბერალიზაციამ ამ უკანასკნელს გრძელვადიანი მაღალი ეკონომიკური ზრდა და ნომერ პირველი ექსპორტიორი ქვეყნის პოზიცია მოუტანა, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანასთან ვაჭრობს და ცხადია, მათ შორის, საქართველოსთან. ბოლო წლებში კი საქართველოსთვის ჩინური ბაზარი უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რაზეც გაზრდილი სავაჭრო მაჩვენებლები მეტყველებს. ამის უფრო ნათელი დადასტურება მიმდინარე წლის ექსპორტის ზრდის ნიშნულია, რაც წინა წელთან შედარებით 3.4 -ჯერ მეტია და მომავალშიც ზრდაა მოსალოდნელი. გრძელვადიან პერიოდში კი, გარდა ერთეული საქონლისა, ჩინეთთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საშუალებას აძლევს სხვა სექტორებიდან ექსპორტიორებს, გასულ ათწლეულებში ეკონომიკის ექსპონენციალური ზრდის მქონე და მსოფლიოში ნომერ მეორე ეკონომიკის, უმსხვილეს ბაზარში შეღწევის შესაძლებლობას.