მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა მოულოდნელად შენელდა

5da95b34ec32b
მიხეილ ხაჩიძე
18.10.19 21:30
1235
ჩინეთის ეკონომიკის ზრდა მოულოდნელად შენელდა და თითქმის 30 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. როგორც სახალხო რესპუბლიკის სტატისტიკის სამსახურმა პარასკევს განააცხადა, მსოფლიოს მეორე უმსხვილესი ეკონომიკა მესამე კვარტალში მხოლოდ 6.0 პროცენტით გაიზარდა. მიზეზად ექსპერტები ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ომს ასახელებენ, რაც ინვესტორებში გაურკვევლობის მთავარი გამომწვევი ფაქტორია.



მიმდინარე წლის სამი კვარტლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 6.2 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი პირველ კვარტალში 6.4%, მეორეში 6.2%, ხოლო მესამე კვარტალში 6.0% იყო. მესამე კვარტალში ანალიტიკოსები 6,1%-ს პროგნოზირებდნენ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ არამარტო აშშ – ში, არამედ, მთელ მსოფლიოში, ჩინეთში წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნა მკვეთრად დაეცა, მოთხოვნა შესუსტებულია შიდა ბაზარზეც.

 

სპეციალისტები აცხადებენ, რომ ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის სავაჭრო ომით გამოწვეული, შტატებისა და ჩინეთის ეკონომიკების ნელი ზრდა, ასევე შეანელებს გლობალურ ეკონომიკასაც. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) ამ კვირაში წლის განმავლობაში უკვე მეოთხედ, გლობალური ზრდის პროგნოზი 3,0 %-მდე შეამცირა. ბოლოს მათ ივლისში ზრდა 3.2 პროცენტით ჰქონდათ განსაზღვრული.