მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის მთავრობა კოვიდრეგულაციებს ამკაცრებს, ქვეყანაში საპროტესტო ტალღა ძლიერდება

638701b04e69c
გიორგი თოლორდავა
30.11.22 14:45
449
ჩინეთის მასშტაბით COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების რეკორდული გავრცელების ფონზე, მმართველი კომუნისტური პარტია რეგულაციების გამკაცრებისა და ლოკდაუნების დაწესების გადაწყვეტილებას იღებს.

მთავრობის "ნულოვანი კოვიდპოლიტიკის" საპასუხოდ, ჩინეთის მასშტაბით საპროტესტო ტალღა ძლიერდება, უდიდეს ქალაქებში დემონსტრაციებისა და საპროტესტო აქციების რაოდენობა იზრდება. მოსახლეობა რეგულაციების შემსუბუქებას მოითხოვს, რადგან ლოკდაუნებისგან მიღებული ეკონომიკური ზიანის გამო ქვეყნის მასშტაბით მილიონობით მოქალაქემ სამუშაო ადგილი დაკარგა, ათასობით მცირე და საშუალო ზომის ბიზნესი კი გაკოტრდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "საბოტაჟი და პროვოკაცია" დაუშვებელია, რის გამოც მთავრობა არ მოერიდება საჭიროების შემთხვევაში შემზღუდავი ზომების გამოყენებას და, მათ შორის, ე.წ. რობოკოპების საშუალებით დემონსტრანტების ძალით დაშლას.

ჩინეთში ლოკდაუნების დაწესებას გლობალურ ეკონომიკაზე ორი სახის გავლენა ექნება. პირველ რიგში, ის ქვეყნის მასშტაბით საწარმოო პროცესების შეზღუდვას გამოიწვევს. ჩინური ქარხნებისა და პორტების შეფერხებას გლობალურ მიწოდების ჯაჭვზე უაღრესად ნეგატიური გავლენა ექნება და ეს მოვლენა პანდემიის პერიოდში მსოფლიომ უკვე გამოცადა.

მეორე ფაქტორი ჩინეთის მოხმარებას უკავშირდება, ეკონომიკის შეფერხება და მობილობის შეზღუდვა, საწვავზე მოთხოვნის შემცირებას იწვევს, ჩინეთი კი მსოფლიოს უმსხვილესი ენერგომომხმარებელია. ლოკდაუნების დაწესების რისკი ინვესტორებსა და ტრეიდერებს აძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ჩინეთში ბენზინსა და დიზელზე მოთხოვნა შემცირდება, აღნიშნული პროგნოზი კი საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასების შემცირებას უწყობს ხელს.