07.ოქტომბერი .2019 15:00

ჩინეთის პროვინცია ხაინანის მთავრობა 100 ახალ საერთაშორისო ფრენას ამატებს

უკან

ჩინეთის პროვინციის, ხაინანის მთავრობა მომავალი წლისთვის რეგიონის აეროპორტებიდან 100 ახალი საერთაშორისო ფრენის დამატებას გეგმავს, - ამის შესახებ ხაინანის სატრანსპორტო ორგანოს უფროსის მოადგილემ ჟანგ ვეიმ განაცხადა.



”პროვინციის მთავრობა გააგრძელებს ფინანსურ სუბსიდირებას ხაიკოუსა და სანიას საერთაშორისო აეროპორტებში - მეილანსა და ფენიქსში - სამოქალაქო ავიაციის განვითარებისა და 2020 წლისთვის 100 ახალი საერთაშორისო ფრენის დამატების მიზნით", - აღნიშნა მან.


პროვინციის სატრანსპორტო ორგანოს ცნობით, ხაინანის ორი უმსხვილესი აეროპორტი - მეილანი და ფენიქსი, ამჟამად სულ 501 რეისს ემსახურება ჩინეთისა და მსოფლიოს სხვა 19 ქვეყნიდან. მეილანის საერთაშორისო აეროპორტი 1999 წელს გაიხსნა და ხაინანის კუნძულის უმსხვილესი საჰაერო ნავსადგური გახდა. 2018 წელს აეროპორტის სამგზავრო ტრაფიკი წლიურად 6.81%-ით გაიზარდა და 24.12 მილიონ ადამიანს მიაღწია.




აღსანიშნავია, რომ 2019 წლის დეკემბრის შუა რიცხვამდე, მეილანის აეროპორტის ადმინისტრაცია გეგმავს, დაასრულოს მეორე ტერმინალის მშენებლობა და კიდევ 3,6 კილომეტრიანი ასაფრენი ბილიკი დაამატოს, რომლის საშუალებით, ტერმინალი მსოფლიოში უდიდესი თვითმფრინავის მიღებასაც შეძლებს.