24.იანვარი .2023 11:59

ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა

ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
views 20343
უკან

$42-მილიარდიანი ქონებით ჰუი კა იანი ერთ დროს ჩინეთის უმდიდრესი მოქალაქე იყო, თუმცა სულ რაღაც ორ წელში მან ქონების 93% დაკარგა.

კა იანს მსოფლიოს უმსხვილესი სამშენებლო და დეველოპერული ჰოლდინგი  Evergrande Group-ი ეკუთვნის, რომელიც 280 ქალაქში 1,300-მდე პროექტს ფლობს.

გარდა მრავალფეროვანი დეველოპერული პორტფელისა, Evergande-ს კიდევ ერთი პარამეტრიც გამოარჩევს - ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ვალის მქონე კომპანიაა. Evergande-ზე გაცემული ვალდებულებების საერთო მოცულობა 300 მილიარდ დოლარს აღწევს და კრედიტორებს შორის არიან როგორც კომერციული ბანკები და კომპანიები, ასევე სახელმწიფო საინვესტიციო ფონდები, საპენსიო სააგენტოები და მთავრობები.

პანდემიის ფონზე, 2021 წელს კომპანია მძიმე ფინანსური მდგომარეობის წინაშე აღმოჩნდა და რამდენიმე ობლიგაციაზე მას დეფოლტის გამოცხადებაც მოუწია. საქმე ისაა, რომ მასშტაბებიდან გამომდინარე, ჩინეთის მთავრობა კომპანიას გაკოტრების საშუალებას არ აძლევს, რადგან ეს პოტენციურად უძრავი ქონების ბაზრის კოლაფსს და ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს. Evergande-ი ამჟამად პირდაპირაა დამოკიდებული სახელმწიფო დახმარებაზე და ვალდებულებების გადავადებაზე, ამ ყველაფრის ფონზე კი კომპანიის ხელმძღვანელი, ჰუი კა იანი ქონებას თითქმის ყოველდღიურად კარგავს.

Forbes-ის შეფასებით, ამჟამად მისი ქონების საერთო ღირებულება 3 მილიარდ დოლარს შეადგენს, ნაცვლად 2019 წელს დაფიქსირებული 42 მილიარდი დოლარისა, რაც ვარდნის 93%-იანი მაჩვენებელია.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კა იანი მჭიდროდაა დაკავშირებული მმართველ კომუნისტურ მთავრობასთან და არ არის გამორიცხული, რომ Evergrande-ის კრიზისის გადალახვის შემდეგ, ის კიდევ ერთხელ დაუბრუნდეს ჩინეთის უმდიდრესი ადამიანების ათეულს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა