მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთმა ამერიკელებს სანქციები დაუწესა

60fbad60175ea
თამთა ჯიჯავაძე
24.07.21 10:32
11521
ჩინეთმა ამერიკელ მაღალჩინოსნებსა და ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა. როგორც BBC წერს, აღნიშნული ნაბიჯი იყო ერთგვარი პასუხი ვაშინგტონის მიერ ჰონკონგის ოფიციალური პირებისთვის დაწესებული სანქციებისა.

როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ამერიკის მიერ დაწესებული ბოლო სანქციები საერთაშორისო კანონმდებლობას უხეშად არღვევს და აზიანებს ჰონკონგის ბიზნესგარემოს. საპასუხოდ პეკინი შვიდ ამერიკელ მაღალჩინოსანს და ორგანიზაციას უწესებს სანქციებს, მათ შორის არის აშშ-ის ყოფილი ვაჭრობის მდივანი უილბურ როსი.

ცნობისთვის, როსი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს იკავებდა ვაჭრობის მდივნის პოსტს, რა დროსაც მან გააფართოვა იმ ჩინური კომპანიების რიცხვი, რომლებსაც აეკრძალათ ამერიკულ კომპანიებთან სპეციალური ლიცენზიის გარეშე ვაჭრობა. მათ შორის იყო ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტები Huawei და ZTE.

გარდა როსისა, ჩინეთმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა Human Rights Watch-ის დირექტორი ჩინეთში სოფი რიჩარდსონი, აშშ-ჩინეთის ეკონომიკური და უსაფრთხოების კომისიის ხელმძღვანელი კაროლინ ბართლომეუ, International Republican Institute-ის წარმომდგენელი ადამ კინგი.

როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, ჩინეთის ბოლო ნაბიჯები უკანასკნელი მაგალითია იმისა, თუ როგორ სჯის ოფიციალური პეკინი ადამიანებს, კომპანიებს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს.

ცნობისთვის, პეკინსა და ვაშინგტონს შორის კავშირები დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს დაიძაბა.