15.აგვისტო .2019 10:50

ჩინეთმა ოქროს იმპორტი შეზღუდა

views 248
უკან

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ოქროს იმპორტი მკაცრად შეზღუდა. საინფორმაციო სააგენტო "როიტერსის" ცნობით, გადაწყვეტილება ჩინეთის მთავრობამ მაისში მიიღო და მას შემდეგ ქვეყანაში ოქროს შედარებით მცირე რაოდენობა შედის. სახალხო რესპუბლიკაში მიაჩნიათ, რომ რეგულაცია ქვეყნიდან ამერიკული დოლარის გადინებას შეამცირებს და ეროვნულ ვალუტას გააძლიერებს.

Reuters-ის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით ჩინეთში 300-დან 500 ტონამდე ნაკლები ოქრო შედის, რაც დაახლოებით 15-25 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. კერძოდ, 2019 წლის პირველ 6 თვეში სახალხო რესპუბლიკამ 575 ტონა ოქროს იმპორტი განახორციელა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 883 ტონას შეადგენდა.

ჩინეთი ოქროს ყველაზე დიდი იმპორტიორია მსოფლიოში. მთავარი მიმწოდებლები კი შვეიცარია, ავსტრალია და სამხრეთ აფრიკაა. ჩინეთის ოქროს მარაგი დაახლოებით 2000 ტონაა.  

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში ჩინური იუანი ამერიკულ დოლართან მიმართებაში რეკორდულად გაუფასურდა. შტატებმა სახალხო რესპუბლიკა ეროვნული ვალუტის მანიპულაციაშიც კი დაადანაშაულა.