მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩინეთს იმდენი ჩაი უნდა, რამდენიც არ უნდა აწარმოო, მიაქვს" – საწარმო "ლაზი"

5f46250b4e0ad
თამთა ჯიჯავაძე
31.08.20 09:00
4864
წალენჯიხის რაიონში მდებარე ჩაის საწარმო „ლაზი“ წელიწადში, დაახლოებით, 150 ტონა ჩაის აწარმოებს, მათ შორის 20 ტონა მაღალი ხარისხის ჩაია.

როგორც საწარმოს მფლობელმა გონერი სალიამ bm.ge-ს განუცხადა, კომპანიას უკვე მესამე წელია ჩაი ექსპორტზე ჩინეთში გააქვს.

"პირველად საქართველოდან ჩინეთში ჩაის ექსპორტი 2017 წელს განვახორციელეთ. წლის განმავლობაში 8-10 ტონა გაგვაქვს ექსპორტზე, თუმცა კორონავირუსის კრიზისის გამო, წელს მხოლოდ 3 ტონა გავიტანეთ. ეს არის ძვირადღირებული, ხელით ნაკრეფი შავი ჩაი“, – აღნიშნა გონერი სალიამ.

მისივე თქმით, ჩინელებთან აქტიური თანამშრომლობა აქვთ. "ჩინელები კილოგრამ ჩაის ჩვენგან 25 ლარად ყიდულობენ, თავადვე აფასოებენ აქვე და შემდეგ ყიდიან“, – ამბობს მეწარმე.  

ჩინეთის გარდა, „ლაზის“ ჩაი ექსპორტზე თურქმენეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და გერმანიაში გადის. საწარმოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ თურქმენეთში მათ მიერ წარმოებული მწვანე ჩაი გააქვთ, თუმცა პანდემიის გამო, წელს ამ ქვეყანაში ექსპორტი საერთოდ არ განუხორციელებიათ.

კითხვაზე - აპირებს თუ არა წალენჯიხაში მდებარე საწარმო საექსპორტო ქვეყნების სიის გაფართოებას, გონერი სალია ამბობს, რომ - არა, ვინაიდან ამჟამად კომპანია ჩინეთის ბაზარზე არის ფოკუსირებული.

"ჩინეთს იმდენი ჩაი უნდა, რომ რამდენიც არ უნდა აწარმოო, მიაქვს. ჩვენთან აქვთ ერთობლივი საწარმო გაკეთებული, მათ მიაქვთ. მეტ რაოდენობას ვერ ავუდივართ“, – აღნიშნა სალიამ.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე რეალიზებას, „ლაზის“ ხელმძღვანელის თქმით, მათი ჩაი იყიდება ცალკეულ მაღაზიებში, თუმცა, დიდი რაოდენობით - არა. ასევე, „ლაზის“ ჩაის ყიდულობს საწარმო „მანნა“, რომელიც, თავის მხრივ, სხვადასხვა სახეობის ჩაის აწარმოებს.

ამჟამად, ჩაის საწარმო „ლაზის“ პლანტაციები 350 ჰა ფართობზეა გაშენებული. „პლანტაციები "იაფი აგროკრედიტის" პროგრამის დახმარებით დავამუშავეთ, გავუკეთეთ რეაბილიტაცია და ვაგრძელებთ მუშაობას. ახლა ვკრეფთ, დაახლოებით, 260 ჰექტარზე და დანარჩენი, დაახლოებით, 80 ჰექტარი თანდათანობით დაემატება“, – განმარტავს გონერი სალია.

საწარმოსთვის ჩაის სეზონი მაისიდან სექტემბრის ბოლომდეა, რა დროსაც კომპანია, დაახლოებით, 200–250 ადამიანს ასაქმებს, სხვა დროს კი, საწარმოში სტაბილურად 50 ადამიანია დასაქმებული. ჩაის საწარმო „ლაზი“ უკვე 15 წელია ფუნქციონირებს.