მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთში ჩვენი ღვინის რეალიზაცია მაღალი ფასის გამო შემცირდა - "თელავის ღვინის მარანი"

6157111de5b34
დავით ჯალაღონია
01.10.21 18:00
780
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში ჩინეთში ღვინის ექსპორტი 67%-ით გაიზარდა და 9.2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ქართული ღვინისთვის ჩინური ბაზრის წილის ზრდის მიუხედავად, "თელავის ღვინის მარნის" დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი BMG-თან საუბრისას ამბობს, რომ მისი კომპანიის გაყიდვები ამ მიმართულებით შემცირდა.

მისი განმარტებით, გაყიდვების შემცირების მიზეზი ქართული ღვინის მაღალი ფასია.

"ჩინეთის ბაზარი ყველა მწარმოებლისთვის პირველადი მნიშვნელობის არის, რადგან მისი მოცულობა დღითიდღე იზრდება და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩინეთის მოსახლეობა მსოფლიოში მეორე ადგილზეა, თავისი მოცულობით აჭარბებს როგორც ამერიკის, ისე ევროპის ბაზარს, ერთად აღებულს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არა მხოლოდ საქართველო, არამედ ყველა ქვეყანა ორიენტირებულია ჩინეთზე, ჩინეთისთვის ამზადებს პროდუქციას, მათ შორის ღვინოს.

რაც შეეხება გაყიდვებს, ქართული ღვინის გაყიდვები გაზრდილია 7%-ით 2020 წელთან შედარებით, მაგრამ ჩვენი ღვინის გაყიდვები შემცირებულია და როგორც ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაციით ირკვევა, ეს გამოწვეულია ჩვენი ღვინის შედარებით მაღალი ფასით და ამის პრობლემა და ტენდენცია იქნება მომავალშიც - ქართული ხარისხიანი ღვინო შედარებით მაღალფასიანია და შესაბამისად, იაფფასიანი ღვინის მოხმარება უფრო გაიზრდება", - განმარტა მან და აქვე ჩინეთის სამომხმარებლო სექტორი დაახასიათა.

"მომხმარებელი სრულიად განსხვავებულია ჩინეთში იმ კუთხით, რომ ჩინელები, ძირითადი მასა არ იცნობს ღვინოს, ღვინოსთან გაცნობა ახლა ხდება და შესაბამისად, ისინი ნაკლებკრიტიკულები არიან ხარისხის მიმართ. ეს არის განსხვავება და მეორე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი არის ის, რომ ღვინო ჩინეთში ტრადიციული მოხმარების პროდუქტი არ არის. ჩინეთში ტრადიციულად მოიხმარებოდა ლუდი და ადგილობრივი, მაღალალკოჰოლური სასმელი. ჩინეთისთვის ღვინო ახალი პროდუქტია, რომელიც დაკავშირებულია ფუფუნებასთან და რადგან ჩინელების საშუალო შემოსავალი იზრდება, ისინი ცდილობენ თანაზიარნი გახდნენ იმ ევროპული ღირებულებების, რაც მიღებულია ევროპაში და ამის მიუხედავად, მათთვის ღვინის მოხმარების კულტურა უცხოა და მათი კრიტიკაც ღვინის ხარისხის მიმართ არ არის მაღალი, მაგრამ იმის გამო, რომ მსოფლიო ახლა ჩინეთზეა ორიენტირებული, ჩინეთისკენ დაბალფასიანი და დაბალხარისხიანი ღვინო წავიდა და საქართველო ამ შემთხვევაში ცოტა კრიტიკულ მდგომარეობაშია იმ თვალსაზრისით, რომ ფასზე ორიენტაციის კუთხით, ქართული ღვინო შედარებით მაღალფასიანია და ჩვენი გაყიდვების პერსპექტივაც დაბალფასიანი ღვინოებისკენ გადაიხრება ", - აღნიშნა ზურაბ რამაზაშვილმა.

აღნიშნული გარემოებების გამო, "თელავის ღვინის მარნის" დამფუძნებელი აცხადებს, რომ 2022 წელს ჩინეთის მიმართულებით ექსპორტის მოცულობას მიმდინარე წლის დონეზე შეინარჩუნებს.

"არ ვიცით, რამდენად ჩქარა დამთავრდება პანდემია. პანდემიამ შეცვალა ღვინის გაყიდვის პროფილი, მომხმარებლის ქცევა და ეს როგორ აისახება 2022 წელს და რამდენად ღია იქნება სამყარო იმ ტრადიციული ღვინის მოხმარებისთვის, რომელიც პანდემიამდე იყო, ჩვენთვის უცნობია, ამიტომ ამჟამად 2021 წლის გეგმაზე ვრჩებით და თუ პანდემია დაძლეულ იქნა და ცხოვრება ჩვეულ რეჟმს დაუბრუნდა, ჩვენი გეგმები გადაიხედება.

საერთო ჯამში, 5 მლნ ბოთლის ექსპორტს ვგეგმავთ 2022 წელს და აქედან 12%-ია ჩინეთი. ჩვენთვის პირველ ადგილზე ევროკავშირია - პოლონეთსა და ბალტიისპირეთში იყიდება ლომის წილი და მეორე ადგილზეა დსთ-ს ქვეყნები. შემდეგ გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატები, რაც ბოლო წლებში საკმაოდ გაიზარდა და დიდი ბრიტანეთი", - განაცხადა ზურაბ რამაზაშვილმა.