მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთში “დასმენის” აპლიკაცია შექმნეს

60804d7769269
თათია კაკიაშვილი
21.04.21 20:30
1046
ჩინეთის ხელისუფლებამ შექმნა მობილური აპლიკაცია, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, ინტერნეტში კომუნისტური პარტიის საქმიანობაზე გაკეთებული ნეგატიური კომენტარების შესახებ აპლიკაციაში განაცხადონ. ეს აპლიკაცია მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსებიდან 100 წლისთავისთვის იქნება. ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.

ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადებით, აპლიკაცია მომხმარებლებს მოუწოდებს, თამამად “დაასმინონ” ისეთი მოქალაქეები, რომლებიც სოციალურ ქსელში ე.წ. “არასწორ მოსაზრებებს” ავრცელებენ.

“გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საიდუმლო მოტივების მქონე პირები ავრცელებდნენ ნიჰილისტურ და ცრუ განცხადებებს, ბოროტად ამახინჯებდნენ, აკნინებდნენ და უარყოფდნენ პარიას, ეროვნულ და სამხედრო ისტორიას, ცდილობდნენ ხალხის აზრის აღრევას. ვიმედოვნებთ, რომ ინტერნეტ მომხმარებელთა უმრავლესობა აქტიურ როლს შეასრულებს საზოგადოებრივ მეთვალყურეობაში და მავნე ინფორმაციას ენთუზიაზმით აღწერენ”, - წერია ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯერ კიდევ სექტემბერში პენტაგონის ხელმძღვანელმა მარკ ესპერმა განაცხადა, რომ ჩინეთი მოსახლეობისთვის ციფრული სათვალთვალო ტექნოლოგიების დანერგვას აპირებს და ამისთვის ქვეყანა აქტიურად ემზადება. ამერიკული მონაცემების თანახმად, სათვალთვალო საშუალებები, რომლის გამოყენებასაც ჩინეთის ხელისუფლება გეგმავს, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიასა და სახის ამომცნობ სისტემებზეა დაფუძნებული, რაც მსოფლიოში პრაქტიკულად "ციფრული ავტორიტარიზმის ახალ ეპოქას" ქმნის.