მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინური კომპანიები ტენდერებში არაადეკვატურ ფასს დებენ - "ბლექ სი გრუპის" დირექტორი

633e8149d795e
შოთა ტყეშელაშვილი
06.10.22 11:28
2059
Black Sea Group-ის დირექტორმა ამირან მამუჭაძემ BMGTV-ის ეთერში საქართველოს ინფრასტრუქტურის სექტორში არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ამჟამად მაღალი ინფლაცია სექტორისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. მამუჭაძე სახელმწიფო ტენდერებში საერთაშორისო კომპანიების მონაწილეობის და მათ მიერ დაფიქსირებული ფასის თაობაზეც საუბრობს. როგორც ის აღნიშნავს, ჩინური სახელმწიფო კომპანიები ხშირ შემთხვევაში ტენდერებში არაადეკვატურად დაბალ ფასს დებენ, ამასთან ეს ორგანიზაციები სახელმწიფო სუბსიდიასაც იღებენ.

ამირან მამუჭაძის თქმით, ამ ტენდენციის გაგრძელების პირობებში რამდენიმე წელში ბაზარს უკვე შეემჩნევა, რომ ქართული კომპანიები ფინანსური სირთულეების წინაშე აღმოჩნდებიან.

“მოგეხსენებათ საკმაოდ დიდი კონკურენციაა და არაერთი ჩინური კომპანიაა ბაზარზე წარმოდგენილი, ეს გამოჩნდება ბევრი წლის შემდეგ, მაგრამ კომპანიები მიიღებენ ზარალს [უცხოელების ყოფნის გამო]. ჩვენ ვმუშაობთ, ვარსებობთ და ვვითარდებით მოგების საფუძველზე, მაგრამ როდესაც უცხოური კომპანია შემოდის და დებს ისეთ არაადეკვატურ ფასს, რომლის ფასდადებაც არ არსებობს და არ არსებობს მისი მეთოდური გაანგარიშება, მათ უკან სახელმწიფო დგას [ჩინეთის] და ჩვენ სუბსიდირებულ კომპანიას ვერ დავეწევით და ვერ გავეჯიბრებით. თუ ეს ასე გაგრძელდება, ცალსახად მინდა დავაფიქსირო, რომ სამშენებლო სექტორში არსებული მდგრადი კომპანიები ვეღარ იარსებებენ,”- განაცხადა ამირან მამუჭაძემ.

კითხვაზე თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი, რათა ქართულმა კომპანიებმაც განახორციელონ მსხვილი პროექტები, ამირან მამუჭაძე პასუხობს, რომ სახელმწიფოს შეუძლია ადგილობრივ ბიზნესს ნდობა გამოუცხადოს და საერთაშორისო მნიშვნელობის ერთ რომელიმე მონაკვეთზე კონტრაქტი ადგილობრივი კომპანიების კონსორციუმს გაუფორმოს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში ქართული კომპანიები შეიძენენ გამოცდილებას, რომელიც მათ მომავალში როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში დაეხმარება.

“ვფიქრობ, კარგი იქნება ერთი საპილოტე პროექტი, სადაც მოხდება ქართული კომპანიებისთვის ნდობის გამოცხადება და რაღაც მონაკვეთზე ქართული კომპანიების გაერთიანება შეიძლება. ბანკის მხარდაჭერით და რამდენიმე კომპანიის გაერთიანებით მეგა-პროექტის განხორციელება შეიძლება, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ფული 100%-ით დარჩეს სახელმწიფოში, დასაქმდნენ ქართველები, მოხდეს შიდა რეინვესტიცია და გადაიარაღება”,- განაცხადა ამირან მამუჭაძემ.