მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინური ვალუტა და საფონდო ბირჟა რეკორდულად ეცემა - მიზეზები

63564a4443fa9
გიორგი თოლორდავა
24.10.22 12:17
1765
მმართველი კომუნისტური პარტიის არჩევნების დასრულებისა და ქვეყნის ლიდერად აწ უკვე მესამე ვადით პრეზიდენტ სი ძინპინის არჩევის ფონზე, ჩინეთის ეროვნული ვალუტა და საფონდო ბირჟების ინდექსები რეკორდული ტემპით ეცემა.

სავალუტო ბირჟის გახსნიდან რამდენიმე საათში ჩინური იუანი ამერიკულ დოლართან მიმართებით თითქმის 1%-ით დაეცა და ამჟამად ის გაუფასურების რეკორდულ ნიშნულზეა, კერძოდ, 1 დოლარის სანაცვლოდ 7.25 იუანის შეძენაა შესაძლებელი.

რაც შეეხება საფონდო ბირჟას, ჩინური ინდექსის, Hang Seng-ის ღირებულება სავაჭრო სესიის დაწყებიდან რამდენიმე საათში 6.85%-ით დაეცა და ის ამჟამად 15,100-იან ნიშნულზეა, რაც 2008 წლის ფინანსური კრიზის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ჩინეთის მიმართ ინვესტორების დამოკიდებულების მკვეთრი გაუარესება სწორედ არჩევნებთანაა დაკავშირებული. მთავრობისა და მმართველი პარტიის უმაღლესი თანამდებობები სი ძინპინის თანამოაზრე ნაციონალისტებმა დაიკავეს, რაც მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ პრეზიდენტი ძინპინი ქვეყანაში პოლიტიკურ ძალაუფლებას იმყარებს და პოზიციის დათმობას არც უახლოეს წლებში აპირებს.

ძინპინის ორსაათიანი სიტყვით გამოსვლიდან ინვესტორებისათვის ყველაზე ყურადსაღები ნულოვანი კოვიდპოლიტიკის გაგრძელების ანონსი აღმოჩნდა, რომლის ნეგატიური ეკონომიკური ეფექტიც ქვეყანამ უკვე მკაფიოდ იხილა, კერძოდ, მიმდინარე წლის II კვარტალში ჩინეთის მშპ მხოლოდ 0.4%-ით გაიზარდა, კორპორაციული შემოსავლები კი მნიშვნელოვნად შემცირდა.

ინვესტორები ვარაუდობენ, რომ სი ძინპინი ძალაუფლების გამყარების პროცესს განაგრძობს, ქვეყანაში ბიზნესის თავისუფლად კეთება კი სულ უფრო მეტად გართულდება, განსაკუთრებით კი იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მმართველი კომუნისტური პარტიის კეთილგანწყობით ვერ სარგებლობენ, მათ შორის უმსხვილესია ჯეკ მას მიერ დაფუძნებული Alibaba და Ant Group-ი.

მართალია, მიმდინარე წლის III კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად, 3.9%-ით გაიზარდა, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი მიზეზი ინვესტორების გადასარწმუნებლად და ნეგატიური მოლოდინების გასაქარწყლებლად.