16.იანვარი .2021 15:15

„ჩირინა“ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისთვის მიმზიდველ პარტნიორად რჩება“

„ჩირინა“ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისთვის მიმზიდველ პარტნიორად რჩება“
views 469
უკან

საინვესტიციო საბანკო მომსახურების კომპანია CAPITAL LOCUS-მა შპს „ჩირინასთვის“ (ბიუ-ბიუ) 10 მლნ ლარის ოდენობით სესხის დაფინანსება უზრუნველყო.

აღნიშნული დაფინანსება "ჩირინასთვის" EBRD-ის და მისი ერთ-ერთი პარტნიორი კომერციული ბანკის მიერ არის გამოყოფილი. ჯამში, 20 მლნ ლარის ინვესტიციით კომპანია ახალ სამაცივრე ინფრასტრუქტურასა და ძეხვის წარმოების ქარხანას ააშენებს, რომლებიც 2021 წლის მეორე ნახევარში ამოქმედდება.

კომპანია CAPITAL LOCUS-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ავთანდილ გოგოლი BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პანდემიის მიუხედავად კომპანია „ჩირინას“ პროექტები საერთაშორისო კომპანიებისთვის მიმზიდველობას არ კარგავს.

„ჩირინა“ ვერტიკალურად ინტეგრირებული ბიზნესმოდელიდან, მასშტაბურობიდან, ზრდის პოტენციალიდან და არსებული თანამედროვე ტექნოლოგიებიდან გამომდინარე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისათვის მიმზიდველი კომპანიაა. ხორცპროდუქტების წარმოების პროცესი გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით ზოგადად ძალიან სენსიტიური სფეროა, თუმცა „ჩირინაში“ გარემოზე ზემოქმედების მინიმიზაციისათვის უმაღლესი სტანდარტებია დანერგილია და წარმოების პროცესი ფაქტიურად ნარჩენების გარეშე მიმდინარეობს. ამ კომპონენტს საერთაშორისო ინვესტორების მიერ დიდი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, ბიზნესმოდელის, გარემოსდაცვითი საკითხების და კომპანიის დამფუძნებლის რეპუტაციის და გამოცდილების გათვალისწინებით, პანდემიის მიუხედავად, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისთვის „ჩირინა“ დარჩა და რჩება საინტერესო და მიმზიდველ პარტნიორად. 10 მლნ ლარის სესხი იმიტომ იყო საინტერესო, რომ იყო ლარში და ბევრი კომპონენტი ჩავდეთ, რომ მაქსიმალურად მორგებოდა კომპანიის საინვესტიციო პროექტს“, - აცხადებს ავთანდილ გოგოლი.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის საინვესტიციო საბანკო მომსახურების კომპანიის და ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიის პირველი თანამშრომლობა. CAPITAL LOCUS-ი „ჩირინასთან“, 2019 წელს საწარმოს გაფართოების პროექტშიც თანამშრომლობდა.

„პირველი პროექტი 2019 წელს იყო, როდესაც ბატონმა რევაზ ვაშაკიძემ წარმოების გაფართოება გადაწყვიტა და ხორცპროდუქტების წარმოება თვეში 1 200 ტონიდან 2 000 ტონამდე გაზარდა; ეს იყო 12 მლნ ევროიანი პროექტი. ჩვენ საინვესტიციო პროექტი მოვამზადეთ და განვიხილეთ ყველა იმ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციასთან, რომელთაც საქართველო თავიანთ საინვესტიციო გეოგრაფიაში ჰყავთ შეყვანილი. მაშინ „ჩირინას“ გაფართოების პროექტის დაფინანსების ინტერესი 5-მა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციამ გამოთქვა; განხილვებისა და მოლაპარაკებების საფუძველზე თანამშრომლობა EBRD-ისთან გადავწყვიტეთ“ - აღნიშნა CAPITAL LOCUS-ის დამფუძნებელმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა