მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩირინას“ ძეხვის წარმოება 2023 წლის თებერვალში ამოქმედდება

63aed7685264f
ვიქტორია მღებრიშვილი
30.12.22 23:30
914
ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ სართიჭალაში სოსისისა და ძეხვეულის საწარმოს 2023 წლის თებერვალში აამოქმედებს - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა.

აღსანიშნია, რომ პროექტის საინვესტიციო ღირებულება 5 მლნ დოლარია და მისი გახსნა 2022 წლის სექტემბერში იგეგმებოდა, შემდეგ კი დეკემბრისთვის გადაიდო. რევაზ ვაშაკიძემ ის მიზეზები განმარტა, რის გამოც წარმოების ამოქმედება დღემდე ვერ მოხერხდა.

„პირველ პროდუქციას თებერვალში გამოვუშვებთ. საიდანაც ჩვენ დანადგარები უნდა შეგვეძინა ყველა მწარმოებელი კორონავირუსის გამო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და მოწოდების ვადები 6-7 თვემდე გაზარდეს. მეორე გამოწვევა ის იყო, რომ საქართველო-თურქეთის ლოგისტიკური ხაზები გადატვირთულია და ეს გაჭიანურებას იწვევს. დღეისთვის დანადგარების 80% უკვე ჩამოსულია და იანვარში სავარაუდოდ სრულად აქ გვექნება“, - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.

ცნობისთვის: წარმოების გაფართოების პროექტი კომპანიის პირადი ფინანსური რესურსით, ასევე „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში, “საქართველოს ბანკისა” და EBRD-ის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 5 მლნ დოლარია.

კომპანია „ჩირინა” 2011 წელს ბიზნესმენმა რევაზ ვაშაკიძემ დააარსა. დღეისათვის ის ყველაზე დიდი, ვერტიკალურად ინტეგრირებული მეფრინველეობის ფერმაა საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე კომპლექსი აერთიანებს ინკუბატორს, საკვებ ქარხანას, წყალგამწმენდ სადგურს, ასევე მიწებს, სადაც სიმინდი და ხორბალი მოჰყავთ. პროდუქტის ხარისხისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფად ფუნქციონირებს მარცვლეულის საშრობი და შესანახი სათავსოები.