მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპუტატი მთავრობისთვის covid-რეგულაციების შემოღების უფლების გახანგრძლივების მომხრეა, მაგრამ ერთი პირობით

61c2f4809280f
ინგა მურუსიძე
22.12.21 13:59
597
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ბეჟან წაქაძე ამბობს, რომ მთავრობას Covid-შეზღუდვების დაწესების უფლება უნდა მიეცეს, თუმცა ასევე აქვს ინიციატივა, რომ ეს პარლამენტის გარეშე ვერ უნდა გააკეთოს, როცა საკითხი ეხება ბიზნესს.

საქმე ის არის, რომ პარლამენტი გამარტივებული წესით განიხილავს ცვლილებებს „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში, რომლის თანახმად, მთავრობას covid-რეგულაციების დაწესების უფლება 2023 წლის 1-ელ იანვრამდე უხანგრძლივდება.

„უნდა დავეთანხმოთ მთავრობას, რომ ვადამ გადაიწიოს ერთი წლის განმავლობაში, თუმცა კარგი იქნება თუ დავტოვებთ უფლებას, რომ მთავრობას შეზღუდვების დაწესებაზე დასჭირდეს ჩვენი ნებართვა. თუ მთავრობა მოინდომებს შეზღუდვების დაწესებას, უნდა შეიკრიბოს პარლამენტი, როცა ბიზნესის რეგულაციებზეა საუბარი. ზედმეტი ჩარევა ბიზნესში არ იქნება კარგი. შეიძლება, მოგვიწიოს დიდი შრომა, რომ ვმართოთ კოვიდი, ამისათვის თუ საჭირო იქნება, ბიუჯეტში საკმაო თანხებია ჩადებული და მათი გაზრდა არ იქნება იმაზე მტკივნეული, ვიდრე დამატებითი რეგულაციების დაწესება, ამიტომ ერთ-ერთი მუხლი ჩავდოთ, რომ დავიტოვოთ უფლება და მთავრობას ჩვენს გარეშე ბიზნესის მიმართ წნეხის გაზრდა არ შეეძლოს“, - მიმართა ლადო კახაძეს ბეჟან წაქაძემ.

კანონპროექტზე მომხსენებელი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძე კი ამბობს, რომ ბეჟან წაქაძის ამ ინიციატივას სრულად იზიარებს.

"კომიტეტზეც ვთქვი და დღესაც ვაფიქსირებ, რომ სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ. ვფიქრობ, მთავრობას დამატებითი რეგულაციების დაწესებულების უფლება არ ჰქონდეს ჩვენგან დაუკითხავად. რაც შეეხება პარლამენტს, როგორც ტვინს, ყველა გაჭირვებულ სიტუაციაში, უფლება აქვს ეს საკითხი ანუ მასზე დელეგირებული უფლება მთავრობას ნებისმიერ დროს ჩამოართვას. პარლამენტი იმიტომაც არის, რომ ტვინი ამას რეგულირებას უკეთებს ორგანიზმში მიმდინარე ნებისმიერ პროცესს და საზოგადოება ორგანიზმს უნდა გავუიგივოთ“, - ამბობს კახაძე.